
სეზონის მოწვეული რედაქტორი პოეტი ირაკლი ყოლბაიაა. მისი რჩევით შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ნაწარმოებებს: დანიელ არასი, "ლოკოკინის მზერა", ჰაინრიხ ფონ კლაისტი, "მარიონეტების თეატრი", კლეიტონ ეშელმანი, "ღვიის ამნთები".
"ჩემ მიერ აქ თავმოყრილი თხზულებებისთვის, – მათი შერჩევისას ჩემი ჩანაფიქრის განსამარტად ან ისე, – საერთო სახელწოდება რომ მომეძებნა, დავარქმევდი: „პოეზია და ხელოვნება“ ან „სახეთმეტყველების სიტყვით ძიება“ ან „პოეტური აზროვნება, როგორც განთიადის არქეოლოგია“ – და რამ მიმიყვანა ამ ჩანაფიქრამდე?
ჩემთვის ეს სულგრძელი შესაძლებლობა, მემსახურა მოწვეულ რედაქტორად, ნიშნავდა, რომ შემეძლო ერთგვარი სამკუთხედი შემეკრა ჩემს ორ ბოლოდროინდელ საზრუნავთან: რალფ უოლდო ემერსონის „ბუნების“ თარგმანი და თარგმანების მცირე კრებულის – „ვაპირებ შევქმნა ლექსი ომზე“ – გამოქვეყნება. ვფიქრობდი, რომ ყველა ეს თხზულება – ემერსონის, რენე დომალის, მაქს ჟაკობის, ეზრა პაუნდის, უილიამ ბლეიკის – თავ-თავისებური ნიმუშებია იმისა, რასაც, ანრი კორბენის სუფიური წიაღსვლის კვალდაკვალ, მხილველური სწავლულობა (visionary scholarship) შეიძლება ეწოდოს. ხშირად ასეთი კვლევის ნიადაგს პოეტები ქმნიდნენ, მაგრამ არა მხოლოდ. ასეთი აზროვნების ნიმუშები სიღრმის ფსიქოლოგიის, ბიოლოგიის, ეთნობოტანიკის, ანთროპოლოგიის და ნეირომეცნიერების სფეროშიც გვხვდება (ჯეიმს ჰილმანი, რუპერტ შელდრეიკი, დეილ პენდელი, იენ მაკგილქრისტი...). ამ მიმართულებით კიდევ ერთი მოტივის გამოკვეთა შეიძლება ჩვენი წინამდებარე ნაკრებით: როგორც, საუკუნეების მანძილზე, პოეტური აღქმა მიემართებოდა ბუნებას, აგრეთვე მიემართებოდა ის სახეთმეტყველებას. პოეტმა ჩარლზ ოლსონმა, რომელიც თავს განთიადის არქეოლოგად თვლიდა, თქვა: „ხელოვნებაა ერთადერთი ტყუპისცალი, რომელიც ცხოვრებას ჰყავს, მისი ერთადერთი მკვიდრი მეტაფიზიკა.“
„პოეტები და მხატვრები თვითნაბადი ფენომენოლოგები არიან.“ წერდა გასტონ ბაშლარი ფილოსოფოსის მიერ პოეზიის შესახებ დაწერილ ჩემთვის ყველაზე ძვირფას წიგნში („სივრცის პოეტიკა“). – „საგნები გვემეტყველებიან.“
ვფიქრობ, საგულისხმოა და აღნიშვნას იმსახურებს ის, რომ ჩემს არჩევანში მნიშვნელოვანი როლი განვლილი წლის მანძილზე დრო და დრო სხვა მოწვეული რედაქტორების მიერ შერჩეული ნაწარმოებების თარგმნამ ითამაშა – ჯონ კიტსის „ძილი და პოეზია“, ლეონორა ქერინგტონის მოთხრობა, ამონარიდი ჯუნიჩირო ტანიძაკის ესთეტიკური ტრაქტატიდან – ამ საოცარი ნამუშევრების კითხვისა და თარგმნისას დავაკვირდი, რა ხშირად ირჩევდნენ სახვითი ხელოვანები, თავიანთი შემოქმედებითი პრაქტიკისა და ყურადღების სფეროს გამოსაკვეთად – ისეთ თხზულებებს, რომელსაც ალბათ მკითხველთა უმეტესობა, ჩემი ჩათვლით, პოეტურს, ან, სულ მცირე, მხატვრულს უწოდებდა.
ამიტომ, თავდაპირველად ვიფიქრე, ამის თავდაყირა სურათი წარმედგინა: რა ხშირად მიმართავენ პოეტები სახვით ხელოვნებას, რათა შესაფერი, თანაზომიერი სხეული უპოვონ თავიანთ წარმოსახვას. ამ ტრადიციაში ჩემთვის განსაკუთრებულია გიიომ აპოლინერის „კალიგრამები“ (თავდაპირველად ერქვა: „მეც მხატვარი ვარ“), ანრი მიშოს შემოქმედება სრულად – სწორუპოვარი ჩვენს დროში, ვიკტორ სეგალენის „სტელები“ და ნიუ იორკის სკოლის პოეტიკა – ფრენკ ო.ჰარას „რატომ მხატვარი არ ვარ“ და ჯონ ეშბერის პოემები პარმიჯანინოს ავტოპორტრეტსა და ჰენრი დარჯერის სამყაროებზე.
მაგრამ, საბოლოო ჯამში, როგორც ზემოთ განვმარტე, სხვა მიმართულება ავირჩიე. ამიტომ სახეთმეტყველებისკენ მიმართული პოეტური შესწავლის პირველ ნიმუშად ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამერიკელი პოეტის, კლეიტონ ეშელმანის რამდენიმე თხზულება შევარჩიე: ყველა მათგანი აღებულია მისი მთავარი წიგნიდან – ღვიის ამნთები (Juniper Fuse: Upper Paleolithic Imagination and the Construction of the Underworld) – საუკეთესო ალაგი დასაწყისისთვის, რადგან თავად წიგნი ეძღვნება სახეთმეტყველების, როგორც ადამიანური საქმიანობის დაბადებას. ამის საკვლევად, სამი ათწლეულის მანძილზე, ეშელმანი ფიზიკურად ჩაეშვა ფრანგულ მოხატულ მღვიმეებში და იქიდან ამ წიგნით დაბრუნდა. წიგნი კვლევის, თავისუფალი პროზის, ლექსების, დღიურების, ინფორმაციული კოლაჟისა და ორმოცდაათგვერდიანი სამეცნიერო კომენტარებისა და ბიბლიოგრაფიის ნაზავია. ამიტომ მეც ამ სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრები ამოვარჩიე.
პოეტიკისა და სახეთმეტყველების, აგრეთვე ცნობიერებისა და ცოდნის არქეოლოგიის საკითხებში ჩემთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა ინგლისელი სწავლულის, ფრენსის იეითსის კვლევები რენესანსის და ელისაბედის ეპოქის მაგიის სფეროში – ამ კონტექსტში ეს მნიშვნელოვანია იმითაც, რომ იეითსი ხელოვნების ისტორიის მცირეხნიანი შესწავლისას აღმოვაჩინე – მაშინ გავიგე, რომ იეითსის საკვანძო ნაწარმოები „მეხსიერების ხელოვნება“ ფრანგულად ხელოვნების ისტორიკოსმა, რენესანსის მკვლევარმა, დანიელ არასმა თარგმნა – და, ამ აღმოჩენების წყალობით, რენესანსის ეპოქის ხელოვნების ისტორიაც გატაცებად მექცა. ეს სფერო მოცული იყო საიდუმლოებებით, რომელთა აღმოჩენასაც გამომძიებლის გამჭრიახი თვალი სჭირდება. და ხანდახან, როდესაც სათქმელი აკადემიური აზროვნებით ნებადართულ საზღვრებს სცდება, – პოეტური თქმაც. ჩემს მეორე ნაწარმოებად სწორედ ასეთი შემთხვევა შევარჩიე, დანიელ არასის ერთი მცირე ნაწარმოები მისი წიგნიდან „ვერაფერს ვხედავთ“ (On n’y voit rien). ამ სახალხო ენაზე დაწერილ ესეთა წყებაში, რომელიც სავსეა სალაღობო ტონითა და მხატვრული გამომგონებლობით, არასი ერთი მეორეს მიყოლებით გვიმჟღავნებს ველასკესის, ბრეიგელის, ტიციანის განთქმულ ტილოებში დამალულ დაუჯერებელ საიდუმლოებებს. „ლოკოკინას მზერა“ იტალიური რენესანსის ფერწერაში ხარების მოტივს ეხება. აქ სალაღობო ტონალობით შეფარული ჭვრეტა მეტაფიზიკურ სიმაღლეს აღწევს.
მესამე ნაწარმოებით წარსულში გადავედი, იქ, საიდანაც, მჯერა, სათავეს იღებს ნაკადი იმ სულისკვეთებისა, რომელსაც აქ განვიხილავთ, – ჰაინრიხ ფონ კლაისტის „მარიონეტების თეატრი“ ყველაზე დაუჯერებელი, შეუდარებელი და იდუმალი ნაწარმოებია, რაც წამიკითხავს. ის ზედმიწევნით გამოხატავს იმ ძირეულ მუხტს რომანტიზმისა, ყველაზე მეტად რომ გააღრმავა პოეზიისა და მხატვრობის თანშობილი ფენომენოლოგიის გაგება. ამასთანავე, კლაისტის ესე ჯერაც მომავლის კუთვნილებაა თითქოს. თუ არასი სახალხო ენის ცინცხალი პოეტიკით გვიმჟღავნებს მაღალი იტალიური ფერწერის სულს, კლაისტი ღრმა რომანტიკულ დატვირთვას ანიჭებს იმას, რაც შეიძლება, ხელოვნების სახალხო, გასართობ თუ მსუბუქ ფორმად ჩაითვალოს – და იქიდან სამყაროს აღსასრულამდე, სრულ გამოცხადებამდე მივყავართ."
დანიელ არასი, ლოკოკინის მზერა, თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ (ჩამოწერეთ ტექსტი აქ)
ჰაინრიხ ფონ კლაისტი, მარიონეტების თეატრი, თარგმნა მარიამ შუბლაძემ (ჩამოწერეთ ტექსტი აქ)
კლეიტონ ეშელმანი, ღვიის ამნთები, თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ (ჩამოწერეთ ტექსტი აქ)
ირაკლი ყოლბაია დაიბადა და ცხოვრობს თბილისში. ათწლეულზე მეტია, პოეზიის, პროზის, თარგმანის მეშვეობით სწავლობს პოეტური სიტყვიერების ერთ საკითხს: პოეზია, როგორც უწყვეტი ტრადიცია, რომელიც ჩვენს ცნობიერებას აკავშირებს უხსოვარ წარსულთან – არა იმდენად ხელოვნების ერთი დარგი, რამდენადაც სულიერების ფორმა, შემეცნების წმინდა პრაქტიკა და მეთოდი. შეგირდობის წლები (რომლებსაც, საბედნიეროდ, ბოლო არ უჩანს), წერის პარალელურად, მიუძღვნა არტურ რემბოს პოეზიის თარგმნას – „მხილველის პოეზია“ (2018, მთარგმნელების გამომცემლობა). იმავე დროიდან თარგმნის უილიამ ბლეიკს და ახალ ამერიკულ პოეზიას.
გამოქვეყნებული წიგნები: „არცოდნის ფესურა“ (2019, გამომცემელი დათო ბარბაქაძე); „ფურაჟი“ (2020); „სახლი ტყუპები“ (2023); „წითელი ტყე მაღალი ხეებით“ (2024); ინგლისურ ენაზე – "Vegetarian Vampires" (2020, Metambesen); "Night with the Other Hand" (2022, The Swan, Kelly Writers House). მეგობრებთან ერთად გამოსცა რამდენიმე პოეტური ანთოლოგია, „რენში სიზმრებით“ (2019), „ნეკრომანტიკული სიმღერები“ (2022) და „Saturnlyrik“ (2024). დათო ბარბაქაძესთან ერთად გამოსცა ეზრა პაუნდის XLV კანტოსადმი მიძღვნილი კრებული "Contra Contra Naturam" (2021).