საჯარო ხელოვნების ფონდის გრანტის გამცემი ორგანიზაცია, ინსტიტუციის მიერ მხარდაჭერილი პროექტები კონკურსის წესით შეირჩევა. ორგანიზაცია აცხადების ორი ტიპის კონკურსებს: „საჯარო სივრცეში დროებითი პროექტების ხელშეწყობა“ და საჯარო სივრცეში მუდმივი პროექტების ხელშეწყობა“.
ფონდის გუნდი წინასწარ არჩევს ლოკაციას თბილისის სხვადასხვა უბანში, და ადგენს საკონკურსო პირობებს, მათ შორის ბიუჯეტს. კონკურსების მიზანი ყოველთვის ეხმიანება ფონდის ზოგად მიზნებსა და ამოცანებს და მომართულია უპირველეს ყოვლისა თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციაზე.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებსა და მეწარმე იურიდულ პირებს. საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დებულების მოთხოვნის შესაბამისად, ქართულ ენაზე, უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ქართულენოვანი თარგმანი, გარდა ინგლისური ენისა.
საკონკურსო განაცხადის ფარგლებში შემოთავაზებული ნამუშევარი უნდა იყოს ადგილსპეციფიური, უნდა ეხმიანებოდეს თანამედროვე სახელოვნებო პროცესებსა და აქტუალურ შემოქმედებით დისკურსს.
წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადი არ უნდა ახდენდეს რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციას. დაუშვებელია საკონკურსო განაცხადში სიძულვილის ენის გამოყენება.
საპროექტო განაცხადი უნდა იყოს განვითარებული სპეციფიკიდან გამომდინარე სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებთან, ხშირ შემთხვევაში არქიტექტორებსა და ინჟინრებთან ერთად, რათა გათვალისწინებული იყოს შერჩეული ლოკაციის მასშტაბი და ტექნიკური ასპექტები, მათ შორის უსაფრთხოება და დიდი ზომის ნამუშევრის საჯარო სივრცეში განთავსების სპეციფიკა.
მოთხოვნილი საბუთები უნდა იყოს გადმოგზავნილი ფონდის ელ. ფოსტის მისამართზე info@tpa.fund მითითებული ვადის ამოწურვამდე. დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება. განმცხადებელ პირს შეუძლია მხოლოდ ერთი განაცხადის წარმოდგენა. ერთზე მეტი პროექტის წარმოდგენის შემთხვევაში, არც ერთი პროექტი არ განიხილება.
ფონდი კონკურსის დასრულებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ამოწმებს საკონკურსო განაცხადის დადგენილ ფორმასთან და ამ წესთან შესაბამისობას. თუ დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოდგენილი განაცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან/და არ არის სრულად/ნაწილობრივ წარმოდგენილი ფონდის დირექტორის მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია, ფონდი დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღეს. ფონდის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საკონკურსო განაცხადი არ განიხილება.
კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება კონკურსის დამთავრებიდან არაუმეტეს 25 სამუშაო დღეში.
საკონკურსო განაცხადებს განიხილავს საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორის მიერ დამტკიცებული კომისია, რომელიც შედგება 6 წევრისგან - თბილისის მერიისა და საკრებულოს და ფონდის წარმოდგენლები, ასევე 3 მოწვეული ჟიურის წევრი (თანამედროვე ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი).
განაცხადების შეფასება ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე (რომელიც შეესაბამება ფონდის მიზნებსა და პრიორიტეტებს) 5 ქულიანი შეფასების სისტემით. კრიტერიუმები იცვლება კონკურსიდან გამომდინარე. კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტად ითვლება ის განაცხადი, რომელიც ქულათა მეტ რაოდენობას დააგროვებს. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობას მიიღებს.
საკონკურსო კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალობა და არ გაამჟღავნონ კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია როგორც საკონკურსო კომისიის მუშაობის შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე, ისე მას შემდეგაც.
საბოლოო გადაწყვეტილება კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ მიიღება.
კონკურსის გადაწყვეტილება ეცნობათ კონკურსში მონაწილე სუბიექტებს წერილობით.
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამარჯვებულმა სუბიექტმა უნდა წარადგინოს ნებართვა შესაბამისი სამსახურიდან.
კონკურსში გამარჯვებული პროექტის შესახებ გავრცელებულ ყველა საკომუნიკაციო მასალებში (ბეჭდური, ციფრული) უნდა განთავსდეს თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის ლოგო, ხოლო საინფორმაციო ვიდეოებში ფონდი უნდა იყოს მოხსენებული პროექტის ხელშემწყობად.
„საჯარო სივრცეში დროებითი პროექტების ხელშეწყობა“ კონკურსში გამარჯვებული პროექტის შედეგად განხორციელებული ნამუშევარი არის ხელოვანის საკუთრება. ხელოვანი ვალდებულია ნამუშევრის შემდომში გამოფენისას ან მისი ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის გამოქვეყნებისას მიუთითოს ხელოვნების ფონდი პროექტის ხელშემწყობად.
„საჯარო სივრცეში მუდმივი პროექტების ხელშეწყობა“ კონკურსში გამარჯვებული პროექტის შედეგად განხორციელებული ნამუშევარი არის თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის საკუთრება და ხდება ფონდის კოლექციის ნაწილი. ნამუშევარი შემდგომშიც მოხმარდება საჯარო ხელოვნების ფონდის მიზნების განხორციელებას. ხელოვანი იტოვებს საავტორო უფლებას და ყველა სამომავლო ცვლილება წინასწარ იქნება შეთანხმებული ხელოვანთან.
ფონდს აქვს უფლება კონკურსებში გამარჯვებული პროექტის შედეგად განხორციელებული ნამუშევრის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა გამოიყენოს საჭიროებისამებრ.
დაფინანსების ადმინისტრირება
ფონდი უფლებამოსილია დაფინანსება გასცეს ეტაპობრივად. ანაზღაურება ხორციელდება დაფინანსებული სუბიექტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 80%-ის ოდენობით, საავანსო თანხის ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადას. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში – ლარში. დაფინანსების მიმღებმა სუბიექტმა ავანსის თანხა უნდა გამოიყენოს მხოლოდ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
დაფინანსების მიმღები სუბიექტი უფლებამოსილია მიმართოს ფონდს წერილობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის პუნქტებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე.
დაფინანსების მიმღები სუბიექტი ვალდებულია განახორციელოს ფინანსების ხარჯვა მიზნობრივად, ფონდსა და სუბიექტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ანგარიშის წარდგენა
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის განხორციელების შემდეგ, არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა, დაფინანსების მიმღებმა სუბიექტმა ფონდს უნდა წარმოუდგინოს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, აგრეთვე ინფორმაცია ფონდის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული შესრულების ანგარიშის ფორმის შესაბამისად.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ავანსის სახით მიღებულ თანხაზე ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენისას, იმ თანხის იდენტური ოდენობის თანხას, რომელზედაც არ აქვს წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დაფინანსების მიმღები სუბიექტი აბრუნებს ფონდის მიერ მითითებულ ანგარიშზე.
ფინანსური ანგარიში წარმოდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების შესაბამისად.