= დეტალები =
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი აცხადებს ღია კონკურსებს საჯარო სივრცეში ნამუშევრების შექმნაზე, რომლებიც წინასწარ არჩეულ ადგილებზე უნდა განთავსდეს. თითოეული ადგილმდებარეობა დიდი ყურადღებით შეირჩა. მნიშვნელოვანია წარმოჩნდეს თბილისის მრავალფეროვნება, ხაზი გაესვას განსხვავებულ სოციო-ისტორიულ კონტექსტს, მოხდეს ქალაქის ქსოვილის ახლებურად წარმოჩენა და გადააზრება.
ამავდროულად, ხელოვანებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ სრულიად ახალი მოცემულობებისა და მასშტაბების ირგვლივ იფიქრონ, მიიღონ შთაგონება და შეიმუშავონ ადგილსპეციფიური ნამუშევრების იდეები. ორგანიზაციის მხრიდან წახალისებულია სხვადასხვა მასალასა და ფორმატზე მუშაობა, თანამედროვე ხელოვნების ტენდენციებისა და აქტუალური დისკურსის შემოქმედებით პროცესში ასახვა.
ფონდის დირექტორის, საჯარო მოხელეებისა და დარგის მოწვეული სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს და აარჩევს შემოსულ განაცხადებს. პროფესიონალების მიერ მიღებული და მაქსიმალურად დემოკრატიული პროცესით მიღებული გადაწყვეტილება წარმატებული და შედეგიანი კონკურსის წინაპირობაა.
კონკურსის შედეგად არჩეული და ხორცშესხმული თითოეული ნამუშევარი თბილისისთვის მეტად მნიშვნელოვანი და საეტაპო მოვლენა იქნება: მოხდება ქალაქის იდენტობის ახლებურად გადააზრება; მივიღებთ ახალ კულტურულ სანახაობებს, რომლებიც მიიზიდავენ ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს, ტურისტებს, დამწყებ ხელოვანებს, ფართო საზოგადოებას; ქუჩაში გამვლელი თითოული ადამიანი უნებლიედ გახდება გამოფენის დამთვალიერებელი, კულტურული ცხოვრების მონაწილე, მასობრივად დაწყებული სადისკუსიო ველის ცოცხალი სუბიექტი.