
სეზონის მოწვეული რედაქტორი საჯარო პოლიტიკის მართვის სპეციალისტი ილია ჩხეიძეა. მისი შერჩეული ტექსტები კულტურის სფეროში სახელმწიფოს დაფინანსების როლს განიხილავს.
„მე-20 საუკუნიდან მოყოლებული, ნეოლიბერალური პოლიტიკების კონსოლიდაციამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კულტურის სფეროს წარმოებაზე, გავრცელებასა და ხელმისაწვდომობაზე. ნეოლიბერალურმა ეკონომიკურმა იდეოლოგიამ, რომელიც ბაზრის ლიბერალიზაციით ხასიათდება, დერეგულირებით, პრივატიზაციით და სახელმწიფოს ფისკალური როლის შემცირებით, მნიშვნელოვნად შეცვალა კულტურისა და ხელოვნების ინსტიტუციური ლანდშაფტი. დღესდღეობით, კულტურული ინსტიტუტები სულ უფრო მეტად ექვემდებარებიან საბაზრო ლოგიკას, სადაც ღირებულება ხშირად მოგებასთან, აუდიტორიის ზომასთან და კომერციულ სიცოცხლისუნარიანობასთანაა გაიგივებული. შედეგად, ხელოვნების სახელმწიფო დაფინანსება არაერთ ქვეყანაში შემცირდა, რის გამოც, კულტურული ორგანიზაციები იძულებულნი, ან წახალისებულნი არიან, რომ კერძო სპონსორი, თუ კორპორაციული პარტნიორობა ეძიონ, ან ბიზნეს-მსგავსი ოპერაციული მოდელები მიიღონ. ამ ცვლილებამ კულტურის მუშაკებში მზარდი არასტაბილურობა და მხატვრული გამოხატვის არაკომერციული ფორმების მარგინალიზაცია გამოიწვია.
პირველ სტატიაში, სახელწოდებით – „ეკონომიკა და კულტურის სექტორი, შეუძლიათ თუ არა მათ უკეთესი თანაცხოვრება?“, ავტორი დეივ ო’ბრაიანი საუბრობს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ნეოკლასიკური ეკონომიკური იდეოლოგიის დამოკიდებულება კულტურის სფეროსთან. მისი თქმით, ნეოლიბერალური ეკონომიკური ხედვა კულტურას აღიქვამს როგორც საბაზრო პროდუქტს, ვინაიდან მონეტარული საზომით უდგება მას, ეს კი საგრძნობლად აკნინებს კულტურის როლს სოციალური კუთხით. მისივე აზრით, კულტურის სფეროს არასაბაზრო ფასეულობათა, როგორებიცაა, მაგალითად: ნდობა, იდენტობა, პატივისცემა, ურთიერთგაგება –წარმოქმნის უნიკალური უნარი აქვს. მეტიც, კულტურა მხოლოდ ეკონომიკური სექტორი არაა, ის იდენტობის, კრიტიკული დისკურსისა და სამოქალაქო ჩართულობის საშუალებაა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კულტურული ინიციატივები შესაძლოა პლატფორმად იქცეს მარგინალიზებული ხმებისთვის, ასევე, დომინანტურ ნარატივებთან ბრძოლასა და კულტურათაშორისი გაგების წახალისებას შეუწყოს ხელი.
მეორე სტატია, ფილიპ ქენიქოთის „NEA-ს დაკარგვა მხოლოდ ფულს არ ეხება. ეს სამოქალაქო საზოგადოებას ეხება“, დისკუსიის წამოწყების მცდელობაა იმის შესახებ, რომ კულტურული ინსტიტუტების ჩამოშლა სამოქალაქო საზოგადოებას აყენებს ზიანს. ეს სტატია, აშშ-ში, ხელოვნების ეროვნული ფონდის (NEA) მაგალითზე აქცენტით, საჯარო ხელოვნების მხარდაჭერის შეწყვეტას, ან შემცირებას განიხილავს. ავტორი ამტკიცებს, რომ ამგვარი შემცირება ფინანსურად აზიანებს არა მხოლოდ კულტურის სექტორს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების ქსოვილსაც – საერთო სივრცეებსა და ღირებულებებს, რომლებიც დემოკრატიულ საზოგადოებას აკავშირებს.
მესამე სტატია ცნობილ თანამედროვე ეკონომისტთან, ჰა ჯონ ჩანგთან ჩაწერილი ინტერვიუა, რომელიც LSE-ს (London School of Economics) ბლოგის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ჩანგის მტკიცებით, „საზოგადოების წევრებს ევალებათ ეკონომიკის შესახებ განათლების მიღება“. ამ მოკლე ინტერვიუში ჰა-ჯუნ ჩანგი ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიის პირობებში, მოქალაქეებისთვის ეკონომიკური წიგნიერება აუცილებელია. ის მიიჩნევს, რომ ეკონომიკა არ არის ნეიტრალური, ან წმინდად ტექნიკური, რადგან ეკონომიკური პოლიტიკა ცხოვრების ყველა სფეროზე, მათ შორის კულტურასა და საზოგადოებაზეც ახდენს გავლენას. ჩანგის აზრით, ეკონომიკური გადაწყვეტილებები აყალიბებს სოციალურ და კულტურულ ცხოვრებას, ამიტომაც, დემოკრატიული ღირებულებებისა და საზოგადოებრივი სიკეთის დასაცავად, საზოგადოება ვალდებულია ჩაერთოს ეკონომიკურ საკითხებში.“
დეივ ო’ბრაიანი. 20212. „ეკონომიკა და კულტურის სექტორი, შეუძლიათ თუ არა მათ უკეთესი თანაცხოვრება?“ openDemocracy, ივნისი 26, 2024. თარგმნა თეი კანაშვილმა (ჩამოწერეთ ტექსტი აქ)
სტივენსონი, ა. (2025, 16 მაისი) “NEA-ს დაკარგვა მხოლოდ ფულს არ ეხება. ეს სამოქალაქო საზოგადოებას ეხება.” The Washington Post. თარგმნა თეი კანაშვილმა (ჩამოწერეთ ტექსტი აქ).
სტიუარტი, ა. (2014, 9 ივლისი) “ხუთი წუთი ჰა-ჯუნჩანგთან ერთად: „საზოგადოების წევრებს ევალებათ ეკონომიკის შესახებ განათლების მიღება“. USAPP – ამერიკული პოლიტიკა და პოლიტიკა ლონდონის ეკონომიკის უნივერსიტეტში (LSE). თარგმნა თეი კანაშვილმა (ჩამოწერეთ ტექსტი აქ).
ილია ჩხეიძე, საჯარო პოლიტიკის მაგისტრი (ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ვენა), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორია. მისი აკადემიური ინტერესი საჯარო პოლიტიკასა და ეკონომიკურ განვითარებაზე თავისუფალი ვაჭრობისა და მიგრაციის გავლენაზეა ფოკუსირებული. ილია აქტიურადაა ჩართული სწავლებასა და კვლევაში, ასევე, მონაწილეობს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.