>
ნიკოლოზ ჯაფარიძე: მეხსიერება და მემკვიდრეობა - ფუნიკულიორის ქვედა პავილიონის მინის ვიტრაჟის განხილვა
საბჭოთა პერიოდის დანატოვარი საქართველოში რთულად აღიქმება, როგორც ფასეული, პოზიტიური ან მყარი მემკვიდრეობა. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს და სწორედ ამ მიზეზების გაანალიზება წარმოადგენს ძალზე საინტერესო და აქტუალურ ამოცანას.
ოცდაათწლიანი დამოუკიდებელი სახელმწიფობრიობის მანძილზე საზოგადოებაში ვერაფრით შედგა კონსენსუსი საბჭოთა პერიოდის დანატოვარის შესახებ, რადგან ამ პერიოდის მხოლოდ გახსენებაც კი, ხშირ შემთხვევაში, ნეგატიურ რეაქციას იწვევს. აბა, როგორ უნდა გამოვავლინოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული „აქტივები“?
ამ თემას რამდენიმე პუბლიკაცია თუ სამეცნიერო ნაშრომი მიეძღვნა, კერძოდ: “თბილისის არქიტექტურული რუკა“ (ანა ჩორგოლაშვილი), “სოციალისტური საქართველოს შენება“ (ნინი ფალავანდიშვილი, ირინა ქურთიშვილი), Socialist Modernism in Caucasus (უმიტრუ რუსუ), “ქართული საბჭოთა არქიტექტურა 50 წლის მანძილზე“ (ი.ციციშვილი).
ხსენებული პუბლიკაციები მკაფიოდ ასახავს საბჭოთა პერიოდის დანატოვარის აქტუალობას, თვალსაჩინოდ წარმოაჩენს, მიუხედავად იზოლაციისა, საბჭოთა კავშირის თანამონაწილეობის მომენტს საერთაშორისო და განსაკუთრებით კი, ევროპულ კულტურულ პლასტში. თანაც, ეს მემკვიდრეობა არა მხოლოდ რიგით დამთვალიერებელთა, არამედ საერთაშორისო მკვლევართა ცოცხალ ინტერესს იწვევს.
თუ მეცხრამეტე საუკუნის დანატოვარი - საქართველოს გასაბჭოებამდე არსებული ლიტერატურა, სახვითი ხელოვნება ან არქიტექტურა პოზიტიურ მემკვიდრეობად აღიქმება, სოციალისტური ეპოქის როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური ნიმუშები, არა მარტო უგულვებელყოფილია, არამედ, ხშირ შემთხვევაში, ამოუცნობად სახეცვლილი ან მიზანმიმართულად განადგურებულია.

ტექნოლოგიურმა პროგრესმა დიდი როლი ითამაშა არაერთი პროფესიული სფეროს როგორც გარდაქმნაში, ისე გაუჩინარებაშიც, რამაც, თავის მხრივ, გარკვეული გავლენა იქონია შენობა-ნაგებობების ცხოვრებაზეც. ამ პროცესმა, ამავდროულად, გააჩინა ახალი შესაძლებლობები მიტოვებული შენობა-ნაგებობების გარდაქმნისა თუ ადაპტაციისათვის. ასეთი შენობა-ნაგებობების გადააზრების თუ გარდაქმნის შესაძლებლობამ წარმოშვა მრავალი კითხვა: დაინგრეს თუ შენარჩუნდეს ესა თუ ის ნაგებობა? თუკი შენარჩუნდა, მაშინ რა ფორმით, რა ფუნქციით და ა.შ. რიგი შენობებისა ითხოვს უფრო სიღრმისეულ გამოკვლევას და გაანალიზებას. მხედველობაში მისაღებია კონკრეტული ნაგებობის ზოგადი მდგომარეობა, მასშტაბი და სხვა სპეციფიკური ნიუანსი, რაც შესაძლოა შეფერხების წინაპირობად იქცეს. სასტუმროები „ივერია“, „სტამბა“ და „ტელეგრაფი“ საბჭოთა მემკვიდრეობის გარდაქმნის თვალსაჩინო მაგალითებია. მათი რეკონსტრუქციის ხარისხის ანალიზი ცალკე განხილვის საგანია, მაგრამ მისასალმებელია, რომ ამ შენობებმა შეინარჩუნეს თავიანთი „ფუნქციური“ სახელწოდება, რაც საბჭოთა პერიოდის მემკვრიდროების აღქმის ნაწილს შეადგენს.
შენობა-ნაგებობების გარდა, შემოგვრჩა მრავალი დეკორატიული ნიმუში, რაც ცალკე ყურადღებას ითხოვს, რადგან მათი ფასეულობა კიდევ უფრო რთული დასადგენია. ხშირ შემთხვევაში, ეს არქიტექტურული ნიმუშები ნაწილობრივ ან სრულად განადგურებულია, ხოლო მათი აღდგენა თითქმის შეუძლებელია. არადა, მათ შენარჩუნებას უფრო ნაკლები თანხები თუ ძალისხმევა დასჭირდებოდა.
***
სწორედ ასეთი შემთხვევაა ფუნიკულიორის ქვედა პავილიონი და მისი დეკორატიული ელემენტები. 1900-იან წლებში გაჩნდა ე.წ. „ზედა თბილისის“ მთაწმინდის პლატოზე განვითარების იდეა და დამტკიცდა კიდეც ბელგიელი ინჟინრის, ალფონს რობის* ინიციატივით შემუშავებული პირველი პროექტი. ეს პროექტი, ფაქტობრივად, მთლიანად ევროპელი სპეციალისტების მიერ განხორციელდა.
ქვედა პავილიონის ისტორია პირობითად ოთხ პერიოდად შეგვიძლია დავყოთ: თავდაპირველი, 1905 წელს აგებული ევროპულ-აზიური ეკლექტიკური სტილის პავილიონი; 1971 წლის საბჭოთა მოდერნისტული პავილიონი მინის მოზაიკის ვიტრაჟით; 2011 წლის ლურჯი „ყვავილი“, ანუ დროებითი პლასტმასის პავილიონი; და ამჟამინდელი – 2012 წელს განხორციელებული პირვანდელი, თუმცა მაინც სახეცვლილი პავილიონი.

პირვანდელი, 1905 წლის ევრო-აზიური ეკლექტიკური პავილიონი 1971 წელს ჩანაცვლდა საბჭოთა მოდერნისტული ნაგებობით* (რომელიც შეიცავდა მინის მოზაიკის ვიტრაჟს*). 2006 წელს პავილიონის დანგრევას შეეწირა საქართველოს მინის ვიტრაჟული ხელოვნების ფუძემდებლის, ვახტანგ ქოქიაშვილის მიერ შექმნილი მინის მოზაიკის ვიტრაჟი. ეს ვიტრაჟი, სახელად „ბერიაკობა“, ამშვენებდა პავილიონის ქვედა ბაქანს და მისი განლაგება განსაკუთრებით მომგებიანად აღიქმებოდა შიდა სივრცის კონტრასტული წყვდიადიდან.
პავილიონის მართკუთხა ვიტრაჟი შედგებოდა კვადრატული ფორმის 60 ფილისგან, რომლებიც სხადასხვა ფერადი მინის გეომეტრიული ფორმების კომპოზიციით იყო შევსებული. „ბერიკაობის“ სიუჟეტი, აბსტრაქტული ნიღბებშემკული ცეკვა, ცოცხლდებოდა მზის სხივთა თამაშით. მინის ელემენტები დამზადდა რიგის (ლატვია) მინის ქარხანაში, სადაც მინის ფერი მიიღებოდა ფოლადის მარილების დანამატებით. ეს რთული ტექნოლოგია ბრწყინვალედ ჰქონდა ათვისებული ხელოვანს.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე ადრეული ფერადი მინის ვიტრაჟები გვხვდება 1870-იან წლებში წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიაში, მე-19 საუკუნის მიწურულს ბეთლემის ქუჩის სახლებში, ხოლო 1903–1905 წლებისთვის, ფორმალური არტ ნუვოს ნიმუშების სახით, მწერლის სახლში. სხვა სიტყვებით, ფერადი მინის ვიტრაჟის ტექნოლოგია თბილისში მე-19 საუკუნის ბოლოს, სავარაუდოდ, ევროპული ეკლესიების მშენებლობის გზით შემოდის და მალევე ვრცელდება საყოფაცხოვრებო კონტექსტებში.
ბერიკაობა — ქართული ხალხური იმპროვიზაციული ნიღბების თეატრი. ტერმინი „ბერიკაობა“ განაყოფიერებისა და შვილიერების კულტის სადიდებელ სანახაობას აღნიშნავს და ნაწარმოებია საერთო ქართველური ძირიდან „ბერ“ (შვილი).
ამ ვიტრაჟის ნახვა მეხსიერებაში ხელოვნების ერთგვარ ზეიმად შემომრჩა, განსაკუთრებით კი დილის საათებში, როდესაც ფუნიკულიორიდან დაშვებისას, ვიტრაჟში გამჭოლი მზის სხივი სხვადასხვა ფერებით მთლიანად ავსებდა პავილიონის შიდა სივრცეს. ეს იყო შუქისა და ფერის ფესტივალი. აღსანიშნავია ისიც რომ, სტალინის ეპოქაში აკრძალულმა აბსტრაქტულმა ხელოვნებამ, ისევე როგორც 1950-იანი წლების ხრუშჩოვისდროინდელმა გამარტივებისა და გაიაფების განკარგულებამ - „არა დეკორაციას“, მაინც იჩინა თავი ხელოვნებაში. ამ მხრივ, ვახტანგ ქოქიაშვილის წვლილი აბსტრაქტული ხელოვნების განვითარებაში ყოველგვარ ეჭვგარეშედ დიდია. მისი ნამუშევრების გამოფენა მოხერხდა 2019 წელს Window Project-ის მიერ, სადაც წარმოჩენილი იყო მისი ფართო მხატვრული ხედვა და ხელოვნების გენია. სამწუხაროდ, ქოქიაშვილის მასშტაბური დეკორატიული ნამუშევრები თითქმის განადგურებულია. (სასტუმრო „ივერია“, ფუნიკულიორის ქვედა პავილიონი, სასტუმრო „რიწა“ სოხუმში და ა.შ.)

2006 წელს პავილიონის დემონტაჟის შემდეგ ვიტრაჟი დაიკარგა. მხოლოდ თხუთმეტი წლის შემდეგ ვიტრაჟის ნაწილები ფუნიკულიორის კერძო მესაკუთრის საწყობში აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ვიტრაჟის უმეტესი ნაწილი დაკარგულია, ხოლო გადარჩენილი ფრაგმენტების დიდი ნაწილი რესტავრაციას არ ექვემდებარება.
„თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდისა“ და რესტავრატორ ნინო ქოქიაშვილის ძალისხმევით, ვიტრაჟის ნაწილობრივი აღდგენა მოხერხდა. ვინაიდან გადარჩენილი დეტალები კერძო მფლობელთან ინახებოდა, მათი საჯარო გადმოცემა ახალ პრობლემას წარმოადგენდა. „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდმა“ მიაგნო დეტალების დაბრუნების ლეგალურ გამოსავალს, რამაც შესაძლებელი გახადა ვიტრაჟის აღდგენა.
ნამუშევრის დარჩენილ 30 ჩარჩოში ნაწილობრივ ამოვარდნილი ან დამსხვრეული მინის ელემენტები ხელახლა შეივსო მოფანტული ნარჩენებით. ამით შემონახული ჩარჩოები მთლიანად შეივსო ფერადი მინით. თითოეული ფილის აღდგენა მოხერხდა მხატვრის ორიგინალი ნახატის მიხედვით, ერთგვარი „თავსატეხი მოზაიკის“ შეერთების პრინციპით.
ვიტრაჟული ფილების პირვანდელ ადგილზე დაბრუნება შეუძლებელი იყო გასაგები მიზეზების გამო. „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდისთვის“ და ხელოვანის ოჯახისთვის კი მნიშვნელოვანი იყო, რომ ნამუშევარი კვლავ საჯარო სივრცეში განთავსებულიყო. შესაბამისად, ფონდმა გამოაცხადა ღია კონკურსი ვახტანგ ქოქიაშვილის ვიტრაჟული ნამუშევრის, „ბერიკაობის“, ფრაგმენტების „მზიურის“ პარკში განთავსებაზე. გამარჯვებული იდეა, ფილების სპეციალურად დამზადებულ ფოლადის მყარ ჩარჩო-კონსტრუქციაში მოთავსება, არქიტექტურული ფირმების - „თიმმ არქიტექტურისა“ და „სტუდიო 501-ის“ გუნდმა წარმოადგინა, რაც საბოლოოდ „მზიურის“ ქვედა პარკში დამონტაჟდა.

აღსანიშნავია, რომ ვიტრაჟული ფილები განლაგებულია ორიგინალური პანოს კომპოზიციის მიხედვით, ხოლო დაკარგული ნაწილები ცარიელ სივრცეებადაა დატოვებული. ავტორების განმარტებით, „ნამუშევრის ფრაგმენტულობა, ერთი მხრივ, დაუსრულებლობის განცდას ტოვებს, მეორე მხრივ კი, სიცარიელით ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა“. ახალი კომპოზიცია ცალსახად ამშვენებს პარკს ქანდაკების სახით, მაგრამ აჩენს კითხვას - რატომ არის კომპოზიცია ალაგ-ალაგ ცარიელი? ეს შეკითხვა კი უკვე ინტერპრეტაციის საწინდარია.
---------------------------------------------------
ფუნიკოლიორის პავილიონის ისტორია სიმპტომატურია ჩვენი ყოფისთვის და ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას ისტორიასთან. სამწუხაროდ, ყოველი ახალი პოლიტიკური ძალა მიზანმიმართულად ანგრევს და ანადგურებს ხოლმე წინამორბედი ხელისუფლებების დანატოვარს. თითქოსდა ცდილობს, წაშალოს მეხსიერება, იმის დასამტკიცებლად, რომ ცხოვრება უკეთესი მომავლისკენ ახალი ფურცლიდან იწყება. თითქოსდა ახალი აღმშენებლობა აუცილებლად დანატოვარის ნანგრევებზე უნდა განხორციელდეს.
როგორ შევცვალოთ ეს მცდარი მიდგომა თუ ტენდენცია, რათა შევინარჩუნოთ წარსული და ის ახლის შენების ფუნდამენტად აღვიქვათ? როგორ გავიაზროთ, თუ სად იყო ჩვენი ისტორიის გუშინდელი დღე - მეცხრამეტე საუკუნეში, საბჭოთა პერიოდში, თუ, სულ ახლახანს, უახლოეს წარსულში? ჩვენს ისტორიულ სიმდიდრეს და ფასეულობას მხოლოდ მაშინ რატომ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას, როდესაც ჩვენი პირობითობებით დაუმძიმებელი უცხო მზერა აღმოაჩენს მას? ამის პასუხად კი ეს შესაძლო გამოსავალი გვესახება:
საბჭოთა მემკვიდრეობის შეტანა ძეგლთა დაცვის ნუსხაში საჭირო და ეროვნული საქმეა. ამჟამად საქართველოში მხოლოდ „ძეგლისა“ და “ისტორიული ზონის“ სტატუსები მოქმედებს, რაც არ იძლევა მნიშვნელოვანი ელემენტების დაცვისა და შენარჩუნების შესაძლებლობას, რომ აღარაფერი ვთქვათ შენობების დაცვაზე მათ მთლიანობაში. მეორე მხრივ, ამა თუ იმ კონკრეტულ შენობას შეიძლება ძალიან საინტერესო და ძვირფასი ელემენტი გააჩნდეს, მაგრამ თვით შენობა კი დიდ ფასეულობას არ წარმოადგენდეს. როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?
***
შედარებისთვის, ინგლისური ისტორიული შენობების ნუსხა, არქიტექტურული, კულტურული მემკვიდრეობა, იყოფა რამდენიმე კატეგორიად - I კლასი განკუთვნილია განსაკუთრებული ინტერესის მქონე შენობებისთვის; II კლასი* (ვარსკვლავით) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შენობებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს არ წარმოადგენს; და II კლასი - განსაკუთრებული ინტერესის მქონე შენობებისთვის, რაც ყველაზე გავრცელებული კატეგორიაა.
ასევე, ინგლისში მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს ის ისტორიული შენობა, ადგილი ან მონუმენტი, რომელიც ეროვნული მემკვიდრეობის კოლექციის ნაწილია და რომელსაც ინგლისის მემკვიდრეობის საქველმოქმედო ორგანიზაცია English Heritage მართავს. ეს საქველმოქმედო ორგანიზაცია ინგლისში ოთხასზე მეტ საჯარო საკუთრებაში არსებულ ნაგებობაზე ზრუნავს, დაწყებული წინაისტორიული ძეგლებითა და რომაული ციხესიმაგრეებით და სააბატოებითა და ისტორიული კერძო სახლებით დამთავრებული. ორგანიზაციის მიზანია ამ ნაგებობების მოვლა-პატრონობა და შთამომავლობისთვის კონსერვაცია.
ამას გარდა, ადგილობრივი დაგეგმარების ორგანოები მართავენ მრავალფეროვან ადგილებს, ისტორიული ქალაქების ცენტრებიდან და სოფლებიდან დაწყებული და მე-20 საუკუნის გარეუბნებით, სამრეწველო ობიექტებითა და აგარაკებით დამთავრებული. ინგლისში კონსერვაციის დაახლოებით 10 000 ტერიტორიაა.
***
მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის მრავალფეროვანი აქტივების გაანალიზება და აღწერა, რათა ხელი შევუწყოთ მათ მოვლა-პატრონობასა და მიმზიდველობას ტურისტული თვალსაზრისით. მაგალითად, თუ დეველოპერს ან მეპატრონეს აქვს ნაგებობის აღდგენის ან გადაკეთების სურვილი, გარკვეული სარგებლის მოსაპოვებლად, მას ამაში ხელშეეწყობა უნდა გააჩნდეს. თუმცა, ეს პროცესი სირთულეების შემცველიც გახდება ნაგებობის დაცულობისა და მასში ჩარევის აკრძალვის გათვალისწინებით. სწორედ ამისთვის არსებობს ძეგლთა დაცვის ნუსხის გრადაცია.
ვითარების ნეიტრალური თვალით დანახვამ შეიძლება ხელი შეუწყოს ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და კონსერვაციას. ფუნიკულიორის პავილიონის მინის ვიტრაჟის აღდგენის პროექტი სამომავლო ხედვის ნათელი მაგალითია, როდესაც ისტორიას გამოუსადეგარ არტეფაქტად კი არ აღიქვამ, არამედ ჩვენი მემკვიდრეობის მყარ ფუნდამენტად.
