
ყოველ ქალაქს აქვს თავისი ტრანსფორმაციების პერიოდები - როდესაც რაღაც მთავარი კარდინალურად იცვლება მასში. ასეთ მეტამორფოზებს ყველაზე ადრე და მძაფრად ალბათ პოეტები გრძნობენ და ასახავენ. ეს წერილი იქნება მცდელობა, აჩვენოს, თუ როგორ ირეკლებოდა თბილისის რეფორმირებული (თუ დეფორმირებული) სახე სხვადასხვა პერიოდის ქართველი პოეტების შემოქმედებაში. ამ თვალსაზრისით შედარებით ადრეული ხანის რამდენიმე მთავარი პოეტის გახსენება აუცილებელი იქნება, ამის შემდგომ კი იმ ეპოქას მივაპყრობთ მზერას, რომელმაც ჩვენ თვალწინ ჩაიარა ანდა სულაც ახლა მიედინება. თბილისისთვის ბოლო გარდამტეხი პერიოდი საქართველოს დამოუკიდებლობის ტრაგიკული პირველი წლები იყო. თავი რომ გავანებოთ იმას, რომ 90-იანებში ქალაქი ინგრეოდა და პარტახდებოდა და პარალელურ რეჟიმში უმწეოდ ცდილობდა ფერფლიდან აღდგენასაც, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ კატასტროფას გადარჩენილი შენობებიც იცვლიდნენ იერს და ფუნქციას, სხვანაირი ადამიანები იწყებდნენ იქ ახალი საქმეების კეთებას, და საერთოდ, სხვანაირად იწყებდნენ ადამიანები ამ ქალაქში ცხოვრებას, შეცვლილი წესებით და აღქმით, არასტაბილურობის შემაშფოთებელი განცდით, მალული ოპტიმიზმით... მთელი ეს დრამატულობა, გადაჯაჭვული ნოსტალგიასთან და სხვა ადამიანურ ფუნდამენტურ გრძნობებთან, მძაფრად ჩანს იმ პერიოდის პოეტების ტექსტებში და ექოდ გასდევს მომდევნო თაობების შემოქმედებასაც. ამ წერილში თავმოყრილი თბილისის პოეტური სურათ-ხატები და მათი ანალიზი გვაჩვენებს იმ შინაგან თუ გარეგნულ დინამიკას, რაც ქალაქს ავად თუ კარგად ამოძრავებს, ცვლის, გადაჰყავს ახალ მდგომარეობაში და უტოვებს ან სამწუხაროდ, ვერ უტოვებს იმას, რაც მისთვის ორგანული და აუცილებელზე აუცილებელია.
შოთა იათაშვილი, თბილისის ტრანსფორმაციები, არეკლილი პოეტურ ნიმუშებში (ჩამოწერეთ აქ)
პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი და კრიტიკოსი შოთა იათაშვილი დაიბადა 1966 წელს. იგი ავტორია 10 პოეტური და 4 პროზაული კრებულის, ორი რომანის, ერთი ზღაპრის, ერთი კრიტიკული წერილების კრებულისა და რამდენიმე ნათარგმნი წიგნის. არის ლიტერატურული პრემია 'საბას' ორგზის (2007 - პოეზია, 2011 - კრიტიკა), 'ლიტერას' (2020 - პოეზია) და 'თავისუფალი ლიტერას' (2022 - რომანი) ლაურეატი. აგრეთვე შემდეგი საერთაშორისო პრემიების ლაურეატი: 'კიევსკიე ლავრი' (2009, უკრაინა), კლემენს იანიცკის სახელობის პრემია წიგნისათვის 'ოქროს კვეთა' (2018, პოლონეთი), ვილენიცას პრემია 'კრისტალი' (2018, სლოვენია) და პრემია საუკეთესო ლექსისთვის ფესტივალზე 'პლოვდივი-ორფეოსი' (2022, ბულგარეთი). მისი ნაწარმოებები ნათარგმნია 25-ზე მეტ ენაზე. უკრაინაში, პოლონეთსა და აზერბაიჯანში გამოცემულია მისი წიგნები. ამჟამად არის თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის კონსულტანტი და რედაქტორი.