ქეუ მეფარიშვილი: მკურნალი View larger
ქეუ მეფარიშვილი: მკურნალი

ქეუ მეფარიშვილი: მკურნალი

= დეტალები =

თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მოხარულია წარმოგიდგინოთ “საპროექტო განაცხადი 2026“-ის შედეგად გამოვლენილი ერთ-ერთი გამარჯვებული შეთავაზება “ქეუ მეფარიშვილი - მკურნალი”. 2026 წლის 3 ოქტომბრიდან ნამუშევარი განთავსდება მეტროსადგურ “ვაჟა-ფშაველას” მოსაცდელ ბაქანზე.

ახალგაზრდა მულტიმედია ხელოვანის ქეუ მეფარიშვილის პრაქტიკა თვალსაჩინოდ წარმოაჩენს მისი შემოქმედებითი ცნობისმოყვარეობისა და ინტერესების მრავალფეროვნებას. მისი ექსპერიმენტული მიდგომა სხვადასხვა მედიუმსა და მასალას აერთიანებს — ნეონით და კერამიკით დაწყებული სხვადასხვა სკულპტურულ თუ სივრცით ფორმებამდე. ბოლო პერიოდში ხელოვანი აქტიურად იკვლევს ჭედურ ტექნიკასაც, რომლის საშუალებითაც განსხვავებული ფორმისა და მასშტაბის ნამუშევრებს ქმნის.

ჭედური ხელოვნება (ლითონზე ჭედვა) დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი დარგია. საქართველოში ჭედურ ხელოვნებას მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს და განსაკუთრებით ცნობილია შუა საუკუნეების საეკლესიო ოქრომჭედლობა.  თუმცა, XX საუკუნეში იგი ახალი, მონუმენტური ფორმით აღორძინდა და საბჭოთა არქიტექტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. 

1960-იანი წლებიდან, როდესაც თბილისში სწრაფად განვითარდა მოდერნისტული არქიტექტურა, ჭედურმა ხელოვნებამ განსაკუთრებული ადგილი დაიკავა საზოგადოებრივ სივრცეებში. ამ პერიოდში მხატვრებმა და მოქანდაკეებმა ლითონის რელიეფები ინტეგრირებულად გამოიყენეს ახალი შენობების ინტერიერებსა და ფასადებზე, რითაც შეიქმნა ტრადიციული ქართული მხატვრული ენისა და თანამედროვე არქიტექტურის სინთეზი. 

განსაკუთრებით საინტერესოა ქეუ მეფარიშვილის ჭედური ნამუშევრის განთავსება სწორედ თბილისის მეტროპოლიტენის კომპლექსში. თბილისის მეტრო, რომელიც 1966 წელს გაიხსნა, 1960-იანი წლების არქიტექტურული და მხატვრული ტენდენციების ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულებაა, რაც თანამედროვე ხელოვანის მიერ ამავე ეპოქასთან მჭიდროდ დაკავშირებული ტექნიკის გამოყენებას დამატებით ისტორიულ და ვიზუალურ კონტექსტს სძენს.

მეტროსსადგურები თავიდანვე არა მხოლოდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურად განიხილებოდა, არამედ კულტურულ და მხატვრულ სივრცეებად, სადაც არქიტექტურა, ქანდაკება, მოზაიკა და ჭედური ხელოვნება ერთიან ვიზუალურ გარემოს ქმნიდა. სადგურების ინტერიერებში განთავსებული ჭედური პანელები და ლითონის რელიეფები ხშირად ეყრდნობოდა ქართული ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის მოტივებს, რაც თანამედროვე არქიტექტურულ გარემოში კულტურული იდენტობის გამოხატვის ერთ-ერთ ფორმად გადაიქცა.  

ქეუ მეფარიშვილის ნამუშევარიც თითქოს ამ მხატვრულ მემკვიდრეობასთან დიალოგში შედის — უბრუნდება მეტროსთვის ისტორიულად დამახასიათებელ მედიუმს, თუმცა მას თანამედროვე მხატვრული ენითა და ახალი შინაარსით ავსებს. ამგვარად, ნამუშევარი არა მხოლოდ აგრძელებს მეტროს, როგორც ხელოვნებისა და არქიტექტურის სინთეზური სივრცის ტრადიციას, არამედ ხელახლა ააქტიურებს იდეას, რომ მეტრო მხოლოდ გადაადგილების ადგილი არ არის — ის ყოველდღიური ცხოვრების სივრცეა, სადაც ხელოვნებას ადამიანთან უშუალო და მუდმივი ურთიერთობის შესაძლებლობა ეძლევა.

ასევე საინტერესოა, თუ როგორ გაიაზრებს ქეუ მეფარიშვილი ჭედური ხელოვნების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, როგორ უთავსებს მას საბჭოთა კონტექსტს, შემდეგ კი სრულად გარდაქმნის მას და წარმოდგვიდგენს საკუთარ, თანამედროვე მხატვრულ ენად. მისი ნამუშევრები არ ისწრაფვიან ისტორიული ფორმების უბრალო რეპროდუცირებისკენ; პირიქით, ისინი ტრადიციული ტექნიკის მატერიალურ და სიმბოლურ მეხსიერებას სრულიად ახალ ვიზუალურ კონტექსტში ათავსებენ. ლითონი, როგორც ისტორიული მედიუმი, მის ხელში თანამედროვე ურბანული გამოცდილებისა და ვიზუალური კულტურის გამომხატველად იქცევა.

მეტრო სადგურ „ვაჟა-ფშაველას“ ბაქანზე წარმოდგენილ ჭედურ პანორამაზე ზოომორფულ ფორმებსა და ურბანული გარემოსგან შთაგონებულ ელემენტებში ცენტრალურ ვიზუალურ ხაზს ქმნის ძაღლის ფიგურა მოძრაობაში. ეს შეიძლება აღიქმებოდეს როგორც რამდენიმე ძაღლის ერთობლივი გარბენა, ან ერთი ძაღლის მოძრაობა ფილმის კადრებად — ქრონოფოტოგრაფიად — გაშლილი; თითქოს აქ ხელოვანი კიდევ ერთ ექსკურსს აკეთებს ხელოვნებისა და ვიზუალური კულტურის ისტორიაში და ედუარდ მაიბრიჯის ცნობილ ფოტოგრაფიულ ექსპერიმენტებს ეხმიანება. მაიბრიჯმა მოძრაობის თანმიმდევრულ ფაზებად დაფიქსირებით შესაძლებელი გახადა იმის დანახვა, რასაც ადამიანის თვალი მოძრაობის სისწრაფისა და სირთულის გამო ცალკეულ მომენტებად ვერ აღიქვამს. ამგვარად, პანორამაზე ძაღლის განმეორებადი ფიგურა არა მხოლოდ მოძრაობის ილუზიას ქმნის, არამედ დროსაც ვიზუალურ ფორმად გარდაქმნის და იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ხშირად ადამიანის უშუალო აღქმის მიღმა რჩება. 

ამგვარად, ერთი შეხედვით ყოველდღიური და არაფრით გამორჩეული კადრი ურბანული ცხოვრებიდან ახალ განზომილებაში გადადის — იძენს სინემატოგრაფიულ დრამატურგიას და მეტაფორული თუ სიმბოლური ინტერპრეტაციების მთელ სპექტრს ხსნის. ამ კონტექსტში განსაკუთრებით საყურადღებოა თავად ძაღლის ფიგურაც. ხელოვანის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიზმისა და მითოლოგიური სახეებისადმი განსაკუთრებული მგრძნობელობის ფონზე, ძაღლი მის ნამუშევრებში არაერთხელ, სხვადასხვა ფორმითა და კონტექსტით ჩნდება, რაც ამ კონკრეტულ გამოსახულებასაც დამატებით სიმბოლურ დატვირთვას სძენს.

ძაღლი, განსაკუთრებით კი ქუჩის ძაღლი, ხელოვანისთვის არაერთი დიქოტომიის მატარებელია — ველურსა და მოშინაურებულს, თავისუფლებასა და კონტროლს, წესრიგსა და ანარქიას, აგრესიასა და სოლიდარობას, მოწყვლადობასა და ძალას, გარიყულობასა და ავტონომიურობას შორის. ამ ურთიერთსაპირისპირო მდგომარეობების ერთდროული თანაარსებობა მაწანწალა ძაღლის ფიგურას განსაკუთრებულ პოეტურ ბუნდოვანებას სძენს და ხელოვანის შემოქმედებით მსჯელობაში მას მრავალშრიან, მუდმივად ცვალებად სიმბოლოდ აქცევს.  ამ თვალსაზრისით, ის შეიძლება კოლექტიური მეხსიერების ერთგვარ მეტაფორადაც აღვიქვათ — იმ გამოცდილებებისა და მარგინალური ნარატივების სიმბოლოდ, რომლებიც ქალაქის ყოველდღიურობაში მუდმივად არსებობენ, თუმცა ხშირად შეუმჩნეველი, მივიწყებული ან სათანადოდ აღუნიშნავი რჩებიან. ამგვარად, ძაღლის ფიგურა არა მხოლოდ ურბანული გარემოს ნაწილია, არამედ იმ უხილავი ისტორიებისა და გამოცდილებების მატარებელიც, რომლებიც ქალაქის ოფიციალური ნარატივის მიღმა რჩება.

       

ქეუ მეფარიშვილი მულტიმედია არტისტია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. იგი სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოგვიანებით კი თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (CCA). მისი შემოქმედებითი პრაქტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია ტრადიციულისა და თანამედროვე ყოფიერების დიალოგში მოყვანა და ერთგვარი კონსერვაცია თუ გაგრძელება. იგი იკვლევს მითოლოგიას, ადამიანის ბუნებასა და კოლექტიურ მეხსიერებას, აერთიანებს პირად გამოცდილებასა და საზოგადოებრივ თემებს.

მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო საერთაშორისო გამოფენებზე საქართველოში, ბელგიაში, საფრანგეთში, ავსტრიასა და იტალიაში, მათ შორის: Shrine of the Stray (ჩიტერნა, 2025), Grey is the Cube, Blue the Ellipse (ამიენი, 2025), Chimeras Memorial (თბილისი, 2024), Delving into Bones Liquor (ანტვერპენი, 2023), If Words Became Violent (ვენა, 2019) და სხვა.