
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მოხარულია წარმოგიდგინოთ დავით მესხის პროექტი: „ხაზის გასწვრივ“, რომელიც 2026-ის საპროექტო განაცხადებიდან ერთ-ერთ გამარჯვებულია.
მალე, თბილისის სხვადასხვა უბანში, ორმოცამდე ბილბორდზე ცნობილი ფოტოგრაფის, დავით მესხის შთამბეჭდავი ფოტონამუშევრები გამოიფინება.
დავით მესხის ფოტოპროექტის ფოკუსში თანამედროვე ქართული სპორტის გამორჩეული წარმომადგენლები და ახალგაზრდა ათლეტები ექცევიან. პროექტი ეფუძნება ხელოვანის მრავალწლიან ინტერესს სპორტის, როგორც კულტურული და ვიზუალური ფენომენის მიმართ, ხოლო საგამოფენო სივრცედ თავად ქალაქს აქცევს.
დავით მესხი ქართველი ფოტოგრაფია, რომლის პრაქტიკა დოკუმენტურ და კონცეპტუალურ ფოტოგრაფიას შორის მოძრაობს. მისი ნამუშევრები იკვლევს სპორტის, ახალგაზრდული კულტურის, კოლექტიური იდენტობისა და პოსტსაბჭოთა საქართველოს სოციალურ რეალობას, განსაკუთრებული ყურადღებით სხეულის, მოძრაობისა და სივრცის ურთიერთმიმართებისადმი.