ქართული მოდერნიზმი: ფორმა, რიტმი და ფერი კერამიკაზე View larger
ქართული მოდერნიზმი: ფორმა, რიტმი და ფერი კერამიკაზე

ქართული მოდერნიზმი: ფორმა, რიტმი და ფერი კერამიკაზე

= დეტალები =

თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის გაიმართება ვორქშოფი, რომელიც ქართული მოდერნიზმის ვიზუალური ესთეტიკის შესწავლასა და კერამიკაზე მის გაცოცხლებას დაეთმობა. შეხვედრის მიზანია მოსწავლეებმა აღმოაჩინონ ის მხატვრული პრინციპები, რომლებითაც მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული ავანგარდი ევროპულ გამოცდილებასა და ადგილობრივ ტრადიციებს აერთიანებდა.

დისკუსიის ცენტრალური თემა იქნება დავით კაკაბაძის შემოქმედება, როგორც ფორმისა და ფერის სინთეზის მაგალითი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმას, თუ როგორ ხდება ცალკეული გრაფიკული ელემენტების - ხაზის, ფაქტურისა და რიტმის - გამოყენება ახალი დეკორატიული კომპოზიციების შესაქმნელად.

პრაქტიკული ნაწილის დროს, მოსწავლეები უშუალოდ მუშაობის პროცესში გამოსცდიან ამ ვიზუალურ ენას: დავით კაკაბაძის მოტივებით შთაგონებით, ისინი საკუთარ ჩანახატებს კერამიკულ ნივთებზე გადაიტანენ. ვორქშოფს გაუძღვება სოციალური საწარმო „ბაბალეს“ შემოქმედებითი გუნდი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს ისტორიული მემკვიდრეობა თანამედროვე, ხელნაკეთ ნივთად აქციონ.

ვორქშოპის ხანგრძლივობა: 1 საათი ან 1:30 

მონაწილეთა ასაკი: ვორქშოპი გათვლილია 13-დან 18 წლის ასაკის მოზარდებზე

მონაწილეების რაოდენობა: ვორქშოპი გათვლილია 15 მოსწავლეზე

სოციალური საწარმო “ბაბალე“ შეიქმნა მშობელთა ინიციატივით ”საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ მიერ, ის ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დასაქმების, პროფესიული განვითარების და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას ემსახურება.

ბაბალე არის სივრცე, სადაც ინტელექტულური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ გამოავლინონ საკუთარი უნარები, შეიძინონ პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება და ჩაერთონ რეალურ სამუშაო პროცესში. სოციალურ საწარმოში მზადდება ხის, კერამიკისა და ტექსტილის როგორც დეკორატიული, ისე გამოყენებითი ნივთები, რომელთა დიზაინებიც ჩვენი ახალგაზრდების ნახატების, ან კულტუტული მემკვიდრეობის ნიმუშების ინსპირაციითაა შექმნილი.

დღეს ბაბალეში დასაქმებულია 21 ადამიანი, მათ შორის 6 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა და 2 მშობელი.