
ქალაქი სიმბოლოების უხმო დიალოგია. ასოები, ინფორმაციის გადაცემის გარდა, ფლობენ ფიზიკურ წონას, რიტმსა და ემოციურ სიხშირეს. თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, დიდუბის 12-ე და 16-ე საჯარო სკოლებში გაიმართება ვორქშოპი, რომელიც ტექსტისა და გამოსახულების კავშირის კვლევას დაეთმობა.
ვორქშოპი მონაწილეებს სთავაზობს მოგზაურობას წერილობითი სიტყვის დეკონსტრუქციაში. გრაფიკული დიზაინერისა და ილუსტრატორის ნუცა გაბაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები გაეცნობიან „გრაფიკული ჟესტის“ გამომსახველობით ძალას. ისინი დააკვირდებიან სიმბოლოების არქიტექტურას, არა როგორც ტექნიკურ ინსტრუმენტს, არამედ როგორც ემოციის გამომხატველ ფორმას.
პროცესის განმავლობაში, მონაწილეები შეარჩევენ ტექსტუალურ ფრაგმენტებს და მათ მასშტაბურ ვიზუალურ ანაბეჭდებად გარდაქმნიან. ესაა „უხმო კომუნიკაციის“ პრაქტიკა, სადაც ხაზის სიმკვეთრე ან ფორმის სიმკვრივე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე თავად სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობა. ვორქშოპის შედეგად შეიქმნება ხელით ნამუშევარი, ტაქტილური ნამუშევრები, რომლებიც ურბანული გარემოსა და შინაგანი რიტმის გადაკვეთას ასახავენ.
ნუცა გაბაძის პროფესიული პრაქტიკა ვიზუალური კომუნიკაციისა და ციფრული ხელოვნების სფეროებს აერთიანებს. მისი შემოქმედებითი მიდგომა ილუსტრაციის, გრაფიკული დიზაინისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზს ეფუძნება. ნუცას მრავალმხრივი გამოცდილება მოიცავს მუშაობას როგორც კრეატიული კონტენტის შექმნაზე, ისე ერთიანი ვიზუალური კონცეფციების შემუშავებაზე.
გაბაძის შემოქმედება გამოსახულებისა და ტექსტის ურთიერთქმედებას ეფუძნება, რაც ვიზუალური თხრობის ახალ ფორმებს ქმნის. მედიისა და მენეჯმენტის სფეროში მიღებულმა აკადემიურმა განათლებამ განსაზღვრა მისი ხედვა ხელოვნებაზე, როგორც ინფორმაციის გადაცემის მძლავრ ინსტრუმენტზე. ის აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს (AI), რათა შექმნას ვიზუალური ფორმები, რომლებიც დღევანდელ ციფრულ ეპოქას პასუხობს.
ვორქშოპის ხანგრძლივობა: 1 საათი ან 1:30
მონაწილეთა ასაკი: ვორქშოპი გათვლილია 13-დან 18 წლის ასაკის მოზარდებზე
მონაწილეების რაოდენობა: ვორქშოპი გათვლილია მინიმუმ 10 - მაქსიმუმ 20 მოსწავლეზე