პოეზია მეტროში: ერეკლე დეისაძე, მგზავრის ანგელოზი View larger
პოეზია მეტროში: ერეკლე დეისაძე, მგზავრის ანგელოზი

პოეზია მეტროში: ერეკლე დეისაძე, მგზავრის ანგელოზი

= დეტალები =

თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მოხარულია, წარმოგიდგინოთ ახალი მიმართულება „პოეზია მეტროში“ და პირველი თანამშრომლობა - „მგზავრის ანგელოზი“ - პოეტ და მუსიკოს ერეკლე დეისაძესთან. 

პროექტის ფარგლებში ხელოვანი გვიზიარებს თავის კვლევას 1990-2000-იანი წლების ქართულ პოეზიაში და ფოკუსს 3 ავტორზე აკეთებს - კარლო კაჭარავაზე, დავით ჩიხლაძესა და შოთა იათაშვილზე. ერეკლე დეისაძის მიერ შერჩეული ამონარიდები ამ პოეტთა ლექსებიდან თბილისის მეტროპოლიტენის ვაგონებში განთავსდება და მეტროს ყოველდღიურ, ფუნქციურ სივრცეს ლიტერატურულ ველად გარდაქმნის, სადაც პოეზია დროებით დატოვებს წიგნის ფურცლებს და პირდაპირ შეერწყმება ქალაქის რიტმსა და მგზავრთა გამოცდილებას. 

მეტროს ვაგონებში, კომერციული  რეკლამის ადგილას გამოჩენილი პოეტური ტექსტები თანამედროვე ურბანულ გარემოში ახალ მნიშვნელობებს იძენს. ამ გზით პროექტი აჩენს დიალოგს წარსულსა და აწმყოს შორის, პირად და კოლექტიურ მეხსიერებას შორის და წარმოგვიდგენს პოეზიას, როგორც ცოცხალს, მოძრავსა და ყველასთვის ხელმისაწვდომს.

ერეკლე დეისაძე: „წარმოდგენილმა პოეტებმა, გარდა იმისა, რომ ისინი ერთი ეპოქის შვილები არიან, საკუთარი ინდივიდუალური ხმითა და განსხვავებული ფორმებით განსაზღვრეს იმ პერიოდის პოეტური ლანდშაფტი, რომელმაც, დროსთან ერთად, შეძლო მოეპოვებინა ლეგიტიმაცია კულტურაში. დღეს ეს ტექსტები საშუალებას გვაძლევს, დისტანციურად შევაფასოთ მაშინდელი ყოფა, ადამიანები თავიანთი გამოწვევებითა და განცდებით“.

პოეტ და მუსიკოს ერეკლე დეისაძესთან თანამშრომლობა ფონდმა თავისი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაიწყო, როდესაც ხელოვანი საავტორო ლექციების ციკლით „გადაკითხვით“ წარდგა თბილისის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის უფროსკლასელებთან. „გადაკითხვა“ ეხებოდა მეოცე საუკუნის ქართველი პოეტების შემოქმედებას და მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებში მხატვრული უნარების განვითარებასა და სასკოლო პროგრამის ახლებურად წაკითხვის შესაძლებლობის გაჩენას.

დავით ჩიხლაძის ლექსების სრული ვერსია (ჩამოწერეთ აქ)

შოთა იათაშვილის ლექსების სრული ვერსია (ჩამოწერეთ აქ)

კარლო კაჭარავას ლექსების სრული ვერსია (ჩამოწერეთ აქ)

პოეტი, თეატრის რეჟისორი დავით ჩიხლაძე დაიბადა 1962 წელს თბილისში. ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში  მისი ლექსები და კრიტიკული სტატიები 1981 წლიდან ქვეყნდება. გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: ‘8 ჰაიკუ’ (1992), ‘მოხეტიალე წვეთები’ (2001), ‘დეკემბრის ღამეები’ (2008), ‘Книга реальности’ (2004, რუსულ ენაზე), ასევე, რომანი ‘Feminine/Feminine’ (2007).  მისი ლექსები შესულია მრავალ ანთოლოგიასა და კრებულში: ‘An American Avant Garde: Second Wave’, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (2002, აშშ), ჟურნალი ‘Salz’ (2004, ავსტრია), ‘Emergency Gazette’ (2000, აშშ), ‘Three Green Tea’ (2004, აშშ), ‘Sanzona Girls’ (2015, აშშ), ‘Dagbladet’ (ნორვეგია), ‘Stroker, Missivves’ (საფრანგეთი), ‘Beorama’ (იუგოსლავია), ‘Dekorativnoe Isskustvo’; Gumanitarni Fond (რუსეთი) და სხვ. 

1989 წელს დააარსა თბილისის პირველი დამოუკიდებელი ‘ალტერნატიული ხელოვნების გალერეა’, რომლის ვრცელი მიმოხილვაც დაიბეჭდა ამერიკაში იმავე წელს (კიმ ლევინი, Connoisseur, 1989). 1994 წლიდან ხელმძღვანელობს მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრს თბილისში. 2000-2001 წლებში თეატრალური ნამუშევრები წარმოადგინა ნიუ-იორკის ლეგენდარულ თეატრ ‘Collective: Unconscious’-ში. 2002 წლიდან 2004 წლამდე თანამშრომლობდა ნიუ-იორკის თეატრთან 'Repetti Chocolate Factory'-სთან, ინსტიტუციის ფორმირების საწყის ეტაპზე. მის ვიდეო გაფორმებას სპექტაკლებისთვის ‘Audit, Drowning Man’ და ‘Fundamental’ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ნიუ-იორკის თეატრალურ პრესაში. 2006 წელს ნიუ-იორკის სიტი უნივერსიტეტში (CUNY) პოეზიის ელექტრონული წერის საკუთარი ‘ლექსიკონის მეთოდი’ წარმოადგინა. 2006-2007 წლებში გაიარა სტაჟირება რიჩარდ ფორმანთან ნიუ-იორკის ონტოლოგიურ-ისტერიული თეატრის სპექტაკლში ‘გაიღვიძე  მისტერ მძინარა! შენი არაცნობიერი გონება მკვდარია!’. 2025 წლის ივნისში, 1990-იანი წლების 4 შერჩეული სპექტაკლი 13 რეკონსტრუქციით ხელახლა დაიდგა შვეიცარიაში ამერიკელ მხატვარ სერ სერპასსთან თანამშრომლობით ‘არტ ბაზელის’ კვირეულის ფარგლებში Kunsthalle Basel-ში გამართული მისი გამოფენის დროს.

პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი და კრიტიკოსი შოთა იათაშვილი დაიბადა 1966 წელს. იგი ავტორია 10 პოეტური და 4 პროზაული კრებულის, ორი რომანის, ერთი ზღაპრის, ერთი კრიტიკული წერილების კრებულისა და რამდენიმე ნათარგმნი წიგნის. არის ლიტერატურული პრემია 'საბას' ორგზის (2007 - პოეზია, 2011 - კრიტიკა), 'ლიტერას' (2020 - პოეზია) და 'თავისუფალი ლიტერას' (2022 - რომანი) ლაურეატი. აგრეთვე შემდეგი საერთაშორისო პრემიების ლაურეატი: 'კიევსკიე ლავრი' (2009, უკრაინა), კლემენს იანიცკის სახელობის პრემია წიგნისათვის 'ოქროს კვეთა' (2018, პოლონეთი), ვილენიცას პრემია 'კრისტალი' (2018, სლოვენია) და პრემია საუკეთესო ლექსისთვის ფესტივალზე 'პლოვდივი-ორფეოსი' (2022, ბულგარეთი). მისი ნაწარმოებები ნათარგმნია 25-ზე მეტ ენაზე. უკრაინაში, პოლონეთსა და აზერბაიჯანში გამოცემულია მისი წიგნები. ამჟამად არის თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის კონსულტანტი და რედაქტორი.

პოეტი, მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე და ესეისტი კარლო კაჭარავა დაიბადა 1964 წლის 18 თებერვალს, თბილისში. იგი ეკუთვნის იმ თაობას, რომელმაც 1980–90-იანი წლების ქართულ კულტურაში რადიკალურად განაახლა პოეტური და ვიზუალური აზროვნება. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხელოვნების ისტორიის მიმართულებით, რაც მის შემოქმედებას თეორიულ სიღრმესა და ინტელექტუალურ კონტექსტს სძენდა.

1984 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, კარლო კაჭარავამ მამუკა ცეცხლაძესთან, გია ლორიასა და გოგა მაღლაკელიძესთან ერთად ჩამოაყალიბა მხატვრული ჯგუფი ‘არქივარიუსები’. იგი აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველ თვითორგანიზებული გაერთიანება, რომელმაც ალტერნატიული სივრცე შექმნა ოფიციალური საბჭოთა ხელოვნების პარალელურად.

1986 წელს სამხატვრო აკადემიის მეათე სართულზე, ერთ პატარა ოთახში, ახალგაზრდა მხატვრებმა ჩამოაყალიბეს უფრო ფართო შემადგენლობის ავანგარდისტული ჯგუფი, რომელსაც მოგვიანებით ‘მეათე სართული’ ეწოდა. ამ ჯგუფში ‘არქივარიუსების’ წევრების გარდა სხვა ხელოვანებიც ერთიანდებოდნენ. 1987 წელს ‘მეათე სართულის’ ჯგუფმა საქმიანობა მარჯანიშვილის თეატრის სახელოსნოში გააგრძელა, რაც მათ პრაქტიკას ახალი სივრცითი და სცენური განზომილება შემატა.

1986–1994 წლებში კარლო კაჭარავა მუშაობდა თბილისის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1989 წლიდან იგი იყო ჟურნალ ‘ლიტერატურა და ხელოვნება’-ს რედკოლეგიის წევრი. ამავე პერიოდში მისი პოეზია სისტემატიურად იბეჭდებოდა გაზეთებში ‘რუბიკონი’, ‘კოლაჟი’ და ‘მესამე გზა’, ხოლო ჟურნალ ‘პოლილოგში’ გამოქვეყნდა ნაწყვეტი მისი დაუმთავრებელი რომანიდან აზანოვას შესახებ.

1991 წელს კაჭარავა მუშაობდა გერმანიაში, კიოლნში, ფრანსუაზა ფრიდრიხის გალერეაში, სადაც უშუალოდ გაეცნო დასავლურ თანამედროვე ხელოვნებას და კურატორულ პრაქტიკებს, რაც მის თეორიულ და ვიზუალურ ხედვაზე მნიშვნელოვანი გავლენის მატარებელი გახდა. იგი გარდაიცვალა 1994 წელს, 30 წლის ასაკში. მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა, კაჭარავას ტექსტებმა, იდეებმა და მხატვრულმა პრაქტიკამ მნიშვნელოვანი და მდგრადი კვალი დატოვა თანამედროვე ქართულ ლიტერატურასა და ვიზუალურ ხელოვნებაში, რის გამოც იგი დღეს ერთ-ერთ საკულტო და გავლენიან ფიგურად მიიჩნევა 1990-იანი წლების ქართული კულტურის კონტექსტში. სიცოცხლეში კარლო კაჭარავა მონაწილეობდა მხოლოდ ჯგუფურ გამოფენებში; მისი პერსონალური გამოფენები მოეწყო მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ — როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, მათ შორის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, თბილისი;  ’S.M.A.K. – Stedelijk Museum voor Actuele Kunst’; გენტი, ‘Modern Art’, ლონდონი; კაჭარავას ნამუშევრები არის ისეთი მნიშვნელოვანი მუზეუმის კოლექციებში როგორიცაა ‘He Art Museum’, ჩინეთი; ‘TATE Modern’ ინგლისი; ‘MARe / Muzeul de Arta Recenta’ რუმინეთი.

პოეტი, მწერალი და მუსიკოსი ერეკლე დეისაძე დაიბადა 1990 წლის 2 აპრილს, ქალაქ ქუთაისში. ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მისი ინტერესები ლიტერატურის, სცენური ხელოვნებისა და თანამედროვე კულტურის გადაკვეთისკენ ჩამოყალიბდა.

მისი მუსიკალური კარიერა დაიწყო ჯგუფში „პარალელური თაობა“, სადაც დეისაძე გამოიკვეთა როგორც ტექსტზე ორიენტირებული, სოციალური და კრიტიკული ხედვის მქონე ავტორი. ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში იგი 2010 წელს მოექცა სადებიუტო წიგნით „საიდუმლო სირობა“, რომელმაც მკვეთრი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. წიგნი ეხებოდა პოლიტიკურ და რელიგიურ თემებს, რამაც გამოიწვია არაერთგვაროვანი შეფასებები და მწვავე დებატები. აღნიშნულმა მოვლენებმა ერეკლე დეისაძე ერთ-ერთ ყველაზე პოლემიკურ ფიგურად აქცია თანამედროვე ქართულ კულტურულ სივრცეში.

2012 წელს დეისაძემ დააარსა პანკ-ჯგუფი „40 კილომეტრში“, რომლის შემოქმედება გამოირჩევა პირდაპირი პოლიტიკური მესიჯებით, პროტესტის ესთეტიკითა და ალტერნატიული მუსიკალური ენით. ამავე პერიოდში გადაიღო არაერთი პოლიტიკური ხასიათის ვიდეოკლიპი, რომლებიც აქტიურად ეხმიანებოდა სოციალურ და საზოგადოებრივ პროცესებს. იმავე წელს შეიქმნა მუსიკალური პროექტი Eko & Vinda Folio, სადაც დეისაძემ ექსპერიმენტული და ლიტერატურულ-მუსიკალური ფორმების შერწყმა განაგრძო.

დღემდე ერეკლე დეისაძე აქტიურად ეწევა შემოქმედებით საქმიანობას როგორც მუსიკაში, ისე ლიტერატურაში. მისი ნამუშევრები ხშირად იწვევს საზოგადოებრივ დისკუსიას და გამოირჩევა მკაფიო ავტორული პოზიციით, კრიტიკული ხედვითა და კონფორმიზმისადმი წინააღმდეგობით.