
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მოხარულია, წარმოგიდგინოთ სანდრო ლომინაშვილის საპროექტო განაცხადი „Allo 02“ მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტის“ ბაქანზე.
სანდრო ლომინაშვილის შემოქმედებითი პრაქტიკა გამოირჩევა ხელოვნებისა და ფუნქციური დიზაინის ნატიფი სინთეზით, სადაც თითოეული პროექტი, ესთეტიკურ ღირებულებასთან ერთად, კონკრეტულ პრაქტიკულ ამოცანასაც პასუხობს. წარმოდგენილი ინიციატივის ამოსავალი წერტილი სწორედ ამ ორი მიმართულების ჰარმონიული შერწყმაა — სივრცობრივი პრობლემის შემოქმედებითი გზით გადაჭრა.
ხელოვანი ამ შემთხვევაში თბილისის მეტროს, კონკრეტულად კი სადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტის“ გარშემო მუშაობს და მეტად საინტერესო გადაწყვეტას გვთავაზობს. მატარებლის მოსაცდელ ბაქანზე დასაჯდომი ადგილების არარსებობა მგზავრებს აშკარა დისკომფორტს უქმნის და მოლოდინის პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს. ამრიგად, ლომინაშვილის გადაწყვეტა არა მხოლოდ ფუნქციური სარგებლის მომტანია, არამედ სივრცეს ახალ ვიზუალურ ხასიათს სძენს, სადგურის გარემოს უფრო მეგობრულსა და ადამიანზე მორგებულს ხდის.
შემოქმედებითი გადაწყვეტის ძიებისას სანდრო ლომინაშვილი მხოლოდ კონკრეტულ სივრცეს არ აკვირდება, ის მას გარემოს ისტორიულ ფენებთან აერთიანებს. მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თბილისის მეტროპოლიტენის საბჭოთა მემკვიდრეობის გააზრება.
მეტროს სადგურები საბჭოთა პერიოდში ე.წ. „სახალხო სასახლეების“ სტატუსს ატარებდა: არქიტექტურულად მდიდრული, ძვირფასი მასალებით — მარმარილოთი, გრანიტით, ბროლის ჭაღებით, მოზაიკებითა და ორნამენტებით — გაფორმებული სივრცეები მოქალაქეებს უჩენდა განცდას, რომ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ჰქონდათ წვდომა იმ დიდებულებაზე, რომელიც ადრე მხოლოდ ელიტას ეკუთვნოდა. ამ შემთხვევაში დეკორაცია პოლიტიკურ და იდეოლოგიურ დატვირთვას ატარებდა, სადაც არქიტექტურა, ხელოვნება და ტექნოლოგიური პროგრესი ერთად ქმნიდა სახელმწიფოს პრესტიჟის ვიზუალურ არგუმენტს.
ამ ისტორიული ფონის გათვალისწინებით, ლომინაშვილის ინტერვენცია, ერთი შეხედვით, საკმაოდ თამამია — თანამედროვე დიზაინის შეტანა მკვეთრად საბჭოთა ესთეტიკაში. თუმცა, ამასთანავე, ხელოვანი პოულობს გზას, რომ ბუნებრივად, უხეში ჩარევის გარეშე წამოიწყოს ეს დიალოგი. მისთვის გამოსავალია სწორედ მასალების მრავალფეროვნება და მათი სახვითი პოტენციალი. საბჭოთა მეტროსთვის დამახასიათებელი ძირითადი მასალა — მარმარილო — ლომინაშვილის ხელში ახალი, თანამედროვეობასთან დამაკავშირებელი მედიუმი ხდება. ერთი მხრივ, ხელოვანი კონცეპტუალურ და ვიზუალურ ბმას აჩენს საკუთარ ნამუშევარსა და მეტროს ბაქანს შორის, მეორე მხრივ კი, სრულიად განსხვავებულად ამუშავებს მას და ახალი შინაარსებით ამდიდრებს.
შედეგად, შექმნილი სკამები „Allo 02“ კარგად აჯამებს სანდრო ლომინაშვილის შემოქმედებით ხელწერას. მისი დიზაინერული ენა დაფუძნებულია კლასიკური ობიექტების დეკონსტრუქციასა და მინიმალურ, თითქმის შეუმჩნეველ გარდაქმნაზე. ლომინაშვილი ხშირად მუშაობს არქეტიპულ ფორმებთან, რომლებიც ჩვენს ვიზუალურ მეხსიერებაში უკვე გამჯდარია, და სწორედ ამიტომ თითქოს მცირე ინტერვენციაც კი სრულიად ახალ მნიშვნელობას სძენს მათ.
„Allo 02-ის“ შემთხვევაში ხელოვანი საზოგადოებრივ სივრცეებში გავრცელებულ კლასიკურ, უზურგო, გრძელსკამიან ფორმას იღებს, თუმცა მის კონსტრუქციულ სტრუქტურაში ერთ, მაგრამ არსებით დეტალს ცვლის — სკამის ფეხების ტრადიციულ 90-გრადუსიან დახრას 60 გრადუსამდე აკლებს. ასეთი, თითქოს უმნიშვნელო დეტალი ვიზუალურად არასტაბილურობის ეფექტს ქმნის, თითქოს სკამი მოძრაობის ან წონასწორობის დაკარგვის ზღვარზეა. რეალურად კი ობიექტი სრულად ფუნქციურია და მისი სტაბილურობა შეუფერხებლადაა გათვლილი.
ამ გზით ლომინაშვილი მნახველის აღქმასთან თამაშობს: იგი ქმნის ოპტიკურ ილუზიას, თამაშობს რეაქციებსა და აღქმებზე. ამ პერსპექტივიდან სკამი მხოლოდ უტილიტარული საგანი აღარ არის; ის ტრანსფორმირდება პოეტურ დაკვირვებად სტაბილურობასა და მოძრაობას შორის არსებულ ურთიერთდამოკიდებულებაზე, იმ უხილავ თანაფარდობაზე, რომელიც ყველა საგანს, სივრცესა და გამოცდილებას შორის არსებობს, და იმ დელიკატურ ეკვილიბრიუმზე, რომელსაც ყველაფერი უკავია.

სანდრო ლომინაშვილი დაიბადა 1989 წელს, თბილისში. თავდაპირველად სწავლობდა მათემატიკასა და ინჟინერიას, 2011 წელს კი გააგრძელა სწავლა ლონდონის უნივერსიტეტ „King's College“ მანქანათმშენებლობის მიმართულებით. თუმცა მალე მიხვდა, რომ მისი ნამდვილი ინტერესები ხელოვნებასა და დიზაინთან იყო დაკავშირებული.
2012 წლიდან პროფესიული ფოკუსი გადაიტანა სამრეწველო დიზაინსა და სივრცით ხელოვნებაზე. მისი პრაქტიკა აერთიანებს ქანდაკებასა და სივრცით დიზაინს, განსაკუთრებული ყურადღებით არქიტექტურულ გარემოში ხელოვნების ინტეგრაციის მიმართ.
ექსპერიმენტებს ატარებს სხვადასხვა მასალასთან, მათ შორის ქვისა და მარმარილოს გამოყენებით, რათა ფუნქციურ და ესთეტიკურ ობიექტებს საზოგადოებრივ სივრცეებში ახალი სიცოცხლე შესძინოს.
2014 წელს პროფესიული გამოცდილება მიიღო არქიტექტურულ და დიზაინის კომპანიებში „იქს იგრეკ ზეტ არქიტექტურა“ და „რუმს სტუდიო“, სადაც იმუშავა როგორც ინტერიერისა და საგნობრივი დიზაინის მიმართულებით, ისე ექსპერიმენტულ სივრცით პროექტებზე. 2015–2022 წლებში მონაწილეობდა საერთაშორისო დიზაინის ფესტივალებში: Design junction (ლონდონის დიზაინის ფესტივალი), Ventura Lambrate და Salone Satellite (მილანის დიზაინის ფესტივალი).