.jpeg)
ხელოვნება საზღვრებს მიღმა: ვიზუალური გამოსახულების ფსიქოლოგია
საიდან ჩნდება ობიექტი ხელოვანის გონებაში? რა ანიჭებს სიცოცხლეს შემოქმედებით პროცესს? როგორ ხდება მენტალური ობიექტის მატერიალიზება და საზოგადოებამდე მიტანა? რამდენად ესმის მნახველს ხელოვნების ენა? - ამ კითხვებზე ფიქრი სან ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ყოფნისას დავიწყე, რომელსაც გაზაფხულზე ვესტუმრე. ჩემ მიერ დასმული კითხვები თანაბრად ეხება, როგორც ხელოვნების ისტორიას, ასევე ფსიქოლოგიას. შეფასებები კი, ფსიქოლოგიის პერსპექტივიდან გამომდინარეობს და ობიექტთა აღქმის, რეპრეზენტაციის და წაკითხვის ფსიქიკურ პროცესებს უკავშირდება.
ამ ანალიტიკური ესეს წერისას ინსპირაციის მთავარი წყარო მარკ როთკოს ტილო გახდა - „Mark Rothko, No. 24 (Brown, Black and Blue), 1958”. ყავისფერი, შავი და მუქი ლურჯი ტონების მწუხარებით, სიმძიმითა და მელანქოლიით. ამ ტილოს ობიექტი ადამიანური ისტორიებია. ავტობიოგრაფიული მეხსიერების ფრაგმენტები, ის რაც საერთოდ არ ეხება როთკოს. მას არ გააჩნია სხვა ობიექტი. ფერების მიზანი საკუთარ ქვეცნობიერში ჩაძირვა, იქიდან ამბის ამოტანა და თვითანალიზია. ეს სურათი ჩარჩოა, რომელშიც მნახველმა უნდა ჩახატოს თავისი ისტორია. ის იძლევა ემოციურ სტიმულს გულახდილი საუბრებისთვის. გატაცება ფსიქოლოგიური ლიტერატურით და მითოლოგიით, ძველი სამყაროს არქეტიპებში ჩაძირვა და თანამედროვე ცხოვრებაში გაცოცხლება, თამამი ექსპერიმენტები გამოსახულებებისა და ფერების შერჩევაში - ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ როთკომ იცოდა რასაც ქმნიდა. ის ერთ-ერთია მე-20 საუკუნის ლეგენდარულ ფერმწერთა პლიადიდან, ვინც გააცნობიერა, რომ ადამიანის ფსიქიკაში დამალული ღმერთები და დემონები ერთმანეთს თანამედროვე ავტორთა შემოქმედებაში ებრძვიან. ისინი აცოცხლებენ მნახველის ფანტაზიას. მათი მიზანი არ არის ესთეტიური კმაყოფილების მიგვრა და სტატიურ მდგომარეობაში გადაყვანა, არამედ შეგრძნებებისა და ფიქრების გამოწვევა, სულიერი თუ ფიზიკური მოძრაობის წახალისება, და რა თქმა უნდა - ფსიქიკური კათარზისი.
მარკ როთკო, No.24 (ყავისფერი, შავი, ლურჯი), 1958
ობიექტის აღქმა
ხელოვნების ისტორიკოსების დიდი ნაწილი, ფსიქოლოგიის კანონების ცოდნას მნიშვნელოვნად მიიჩნევს ობიექტების დეკონსტრუქციისთვის. ისინი ხელოვანის გონებაში მიმდინარე მექანიზებულ პროცესებს საკუთარ ახსნას უძებნიან. მაგალითად ერნსტ გომბრიჩისთვის ეს არის „მენტალურ ილუზიაში“ ჩაძირვა, რაც ობიექტის სენსორული აღქმით იწყება. ამ დროს გონება იღებს, ფილტრავს და ამუშავებს ინფორმაციას არსებული ცოდნის, მოლოდინებისა და კულტურული სქემების საფუძველზე. ხელოვანის ყურადღება ფოკუსირებულია ობიექტის გარკვეულ მახასიათებლებზე. მაგალითად, მხატვრები - ფერზე, ტექსტურაზე, ფორმაზე შეიძლება რეაგირებდნენ. დამუშავების შემდეგ, სენსორული ინფორმაცია გარდაიქმნება მენტალურ წარმოდგენად და ვიზუალურ გამოსახულებად. მისი მატერიალიზება კი, კოგნიტურ და მოტორულ უნარებზეა დამოკიდებული.
ხელოვანმა ინფორმაციის დამუშავების პროცესში შეიძლება იგრძნოს სხვადასხვაგვარი ინსპირაცია, რასაც ემოციური სტიმული განსაზღვრავს და რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ფერის, კომპოზიციისა და სტილის არჩევაზე. შემეცნებასა და ემოციას შორის ურთიერთკავშირი ხელს უწყობს თანმიმდევრული მხატვრული ხედვის შექმნას. ამ ეტაპზე ობიექტი, რომლის რეპრეზენტაციასაც ხელოვანი გეგმავს, მთლიანობად იქცევა და ჩნდება წარმოდგენა - როგორი ფორმით უნდა მატერიალიზდეს იგი. მოტორული და კოგნიტური უნარები განსაზღვრავს ამ პროცესისათვის საჭირო ქმედებებს. პირველ რიგში, ობიექტი კონცეპტუალიზდება, შემდგომ კი, იღებს ფორმას. მუშაობის სფეროს მიხედვით, ეს შეიძლება იყოს ფუნჯის მოსმა, ძერწვა, ციფრული რედაქტირება და სხვა მოძრაობა. შემოქმედებითი უნარების გამოვლენისას ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო აქტიურდება. სწორედ ის აწესრიგებს რეპრეზენტირებული ობიექტის დადარებას მენტალურ გამოსახულებასთან. ამ პროცესში ხელოვანის მიერ შექმნილი ობიექტი კორექტირდება, იხვეწება და ერგება მის გონებაში წარმოსახულს.
ობიექტის აღქმა განსხვავებულ ფორმას იძენს, ფსიქიკური დაავადებების არსებობისას. ერთ-ერთი საინტერესო კვლევა, ამ მიმართულებით, გერმანელ ფსიქიატრ კარლ იასპერსს ეკუთვნის, რომელიც ვინსენტ ვან გოგის შემოქმედებას შიზოფრენიის პერსპექტივიდან სწავლობდა. იგი ხელოვანის მიერ მდგომარეობის გამწვავების პერიოდებში შექმნილ ნამუშევრებს აკვირდებოდა. მათი ანალიზის საფუძველზე იასპერსმა დაასკვნა, რომ ვან გოგის შემოქმედების მიზანი სამყაროს გარდაქმნა და ისეთი ფორმით ჩვენებაა, რომლის აღქმაც ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატება. კიდევ ერთი დასკვნა, რომელიც ფსიქიატრმა ფრანგი მხატვრის შემოქმედების შესწავლისას გააკეთა შემოქმედებით დინამიკას ეხება. იგი თვლიდა, რომ ფსიქიკური დაავადება ამ კონკრეტული ავტორის შემთხვევაში უნიკალური სტილის განვითარების წყარო გახდა და მისი განზოგადება სხვა მხატვრებზეც დასაშვებია.
ხელოვნებასა და ფსიქიკურ აშლილობას შორის ურთიერთკავშირს ხელოვნების სამყაროშიც წარმატებით იყენებდნენ სხვადასხვა ავტორები. მაგალითად, ცნობილი სურეალისტი მხატვარი ჟოან მირო ხშირად მიმართავდა შიმშილს, ჰალუცინაციების გამოსაწვევად და ფსიქიკის უცნობი ნაწილების აღმოსაჩენად. მისი მიზანი ქვეცნობიერთან დიალოგის გამართვა და მასში შენახული უნიკალური იმიჯების მოპოვება იყო. ამ მეთოდმა პოპულარობა მთელ სურეალისტურ მიმდინარეობაში მოიპოვა. ფროიდისტული იდეებით შთაგონებული სურეალისტი ავტორები გონების განთავისუფლებას და ისეთი ხელოვნების შექმნას ცდილობდნენ, რომელსაც არ ექნებოდა რაციონალური ჩარჩო და საზღვრები, რომლებიც დაკავშირებული იყო ცნობიერების მიერ განდევნილი ქვეცნობიერი სურვილების აღმოჩენასთან და რეკონცეპტუალიზაციასთან.
სანდრო ბოტიჩელი, ვენერას დაბადება, 1485
ობიექტის რეპრეზენტაცია
ინფორმაციის აღქმის და გაფილტვრის პროცესებს ხელოვნების „მექანიკურ“ განზომილებას ვუწოდებ. ისინი მიმდინარეობს ყველა ხელოვანის გონებაში მიუხედავად იმისა, თუ რომელ კულტურულ სივრცეს და საგანმანათლებლო სკოლას ეკუთვნის ის. ხელოვნების ობიექტებს ერთმანეთისგან ყოფს, სოციალური, ან გნებავთ კულტურული განზომილება, რომელიც ხელოვანს უბიძგებს ობიექტის „დამუშავებისკენ.“ ობიექტის კონცეპტუალიზება და კონკრეტული ფორმით გამოსახვა სპეციფიკურ კულტურულ გარემოში არსებული იმიჯების და იდეების საფუძვლზე ხდება. ამ ფაქტორს დიდი ყურადღება ეთმობა თანამედროვე კვლევებში. მან წარმოშვა ხელოვნების უნიკალური ენა და სტილი, რაც დროისა და სივრცის ცვლილებასთან ერთად იცვლებოდა. სწორედ ამ განზომილებისადმი მზარდ ინტერესს უკავშირდება ის ფაქტი, რომ თანამედროვე სამყაროში ხელოვნება ამბის თხრობის, ემოციების გაზიარების, საკუთარ თავთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალებად განიხილება და აღარ აქვს მინიჭებული მხოლოდ ესთეტიური ფუნქცია. თანამედროვე ხელოვანი ყვება ამბავს. ეს შეიძლება იყოს - ავტობიოგრაფიის დროში გაყინული მომენტი, სოციალური მოვლენა, მითოლოგიური ფიგურა და სხვა. ამბის თხრობის სურვილი აცოცხლებს უკვე აღქმულ და გონებაში დაბინავებულ მენტალურ წარმოდგენებს, რომლებიც აწმყოს სიუჟეტს უკავშირდება და ჩანაფიქრად იქცევა. მენტალური სქემები განსაზღვრავს რა ხდება აქტუალური ავტორისთვის, სად იპოვის საკუთარ ობიექტს, როგორ მოახერხებს მის ინტერპრეტაციას, კონცეპტუალიზაციას, რეპრეზენტაციას. რა სიმბოლოებს ამოიღებს მის საზოგადოებაში არსებული კოლექტიური ქვეცნობიერის რეზერვუარიდან, როგორი ფორმით დააკავშირებს და გამოსახავს საკუთარ ობიექტთან. ეს მოვლენები შემოქმედებით პროცესს აცოცხლებს, მოძრაობაში მოჰყავს გონება და მოტორიკა.
ნამუშევრის დასრულების შემდეგ ხელოვანი მასთან დამყარებულ კავშირს წყვეტს, რასთან დაკავშირებითაც ლუსიენ ფროიდი წერდა - „ბედნიერების შეგრძნება მუშაობის დასრულებისას ქრება, როდესაც აღმოაჩენ, რომ ის რაც ცოცხალი გეგონა, მხოლოდ სურათი ყოფილა“. ამ ფრაზაში ხელოვნებათმცოდნეები ავტორის სიკვდილს და რეპრეზენტირებული ობიექტისგან გამიჯვნას ხედავენ. ჩემთვის კი, როგორც ფსიქიატრისთვის ფროიდის ეს ფრაზა სენსორული ინფორმაციის ემოციურ გადამუშავებას და ობიექტად ქცევას ასახავს. ძლიერი ინსპირაცია და მენტალურ იმიჯთან მაქსიმალურად დაახლოებული რეპრეზენტაციის სურვილი, შეიძლება ძლიერი ფრუსტრაციის წყაროც გახდეს. პიგმალიონის მსგავსად, ავტორს აღარ რჩება გაცოცხლებული ფიგურა, მოძრავი ან მეტყველი ტილო. მთელი მისი ოსტატობა სურათზე რჩება, მთავრდება და ემზადება მნახველთან შესახვედრად, რომელიც მასში საკუთარ ისტორიას წაიკითხავს, საკუთარ ამბავს შექმნის.

ლეონარდო და ვინჩი, საიდუმლო სერობა, 1495-98
ობიექტის წაკითხვა
ამბის გადმოცემა კონკრეტულ საზოგადოებაში შეთანხმებული სიმბოლოების მეშვეობით ხდება. სწორედ ამიტომ, ხელოვნების ენა ხელმისაწვდომია მხოლოდ მათთვის, ვინც იმავე კულტურულ სივრცეში სოციალიზდა, განიცადა იგივე იმიჯებისა და იდეების გავლენა, რაც ავტორმა. მაგალითად, ის საზოგადოებები, სადაც დასავლური კულტურა სასკოლო პროგრამაშია ინტეგრირებული, თუნდაც ფრაგმენტული ფორმით, ეცნობა საფუძვლადმდებარე ტექსტებს, რომლებიც სავსეა ანტიკური სიმბოლოებით. ამ სიმბოლოების საფუძველზე ადვილი ამოსაცნობია სანდრო ბოტიჩელის Nascita di Venere (ვენერას დაბადება) ან თუნდაც ლეონარდო და ვინჩის Ultima Cena (საიდუმლო სერობა). ხელოვნებაში ხშირია შემთხვევები, როდესაც სიმბოლოები ერთმანეთს გადაფარავს, რის გამოც მათი არასწორი დეკონსტრუქცია მნახველს შეცდომისკენ უბიძგებს. ირონიულია ის ფაქტიც, რომ ასეთი შეცდომები ხელოვნების ისტორიკოსებსაც მოსდით. ორი მითიური ფიგურის - ჯუდიტის და სალომეას გარჩევა დიდხანს წარმოადგენდა თავსატეხს სპეციალისტებისთვის. ორივე მათგანთან ასოცირებული სიმბოლო მოკვეთილი თავია, რომელიც ერთ შემთხვევაში იოანე ნათლისმცემელს ეკუთვნის, მეორე შემთხვევაში კი - ასირიელ გენერალს - ჰალოფერნესს. ფიგურების ამოსაცნობად აუცილებელი ხდება სხვა სიმბოლოებზე დაკვირვება და სპეციალიზებული კვლევა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სიმბოლოები, რომლებიც საზოგადოებაში არტიკულირებს, აყალიბებს მენტალურ სქემებს. მათი მეშვეობით ხდება ინფორმაციის კლასიფიკაცია და სახელდება. ავტორები მათი მეშვოებით ახდენენ თანამედროვეობაში მიმდინარე აქტუალური ამბების ვიზუალიზაციას. მენტალური სქემები კოლექტიურ დონეზე მუშაობს და ხელს უწყობს ერთმანეთთან დროით და სივრცით გაყოფილი მოვლენების დაკავშირებასაც. სიმბოლო ხდება მთავარი დამაკავშირებელი ძაფი უკვე არსებულ იმიჯსა და აწმყო დროის მოვლენას შორის. იგი დამთვალიერებლის გონებას კონკრეტულ ნარატივზე გადართავს და შეფარული ენით ესაუბრება. ეს მეთოდი განსაკუთრებით ხშირად ტოტალიტარულ საზოგადოებებში გამოიყენება, სადაც ხელოვნება ცენზურის ქვეშაა მოქცეული და ავტორებს არ აქვთ შესაძლებლობა ღიად და პირდაპირ გამოხატონ საკუთარი იდეები.
ობიექტების ცვლილება დროში
სურათის წაკითხვის პროცესს ახლავს ლიმიტები, რომელთა აღიარება მნიშვნელოვანია ხელოვნების დეკონსტრუქციისა და მასთან არსებული ფსიქოლოგიური ფაქტორების გასაგებად. ხელოვნება არ არის სტატიური. დროის ცვლილების შესაბამისად, იგი განსხვავებულ აღქმებს და იდეებს ემორჩილება. ანტიკურ პერიოდში, ხელოვანთა მიზანი სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვა და ობიექტის მაქსიმალურად რეალისტური რეპრეზენტაცია იყო. ამ იდეალის არსებობის გამო, ძველი ბერძენი ავტორები მუდმივად ცდილობდნენ ქრონოსთან გაჯიბრებას და დროის სწორხაზოვან დინებაში ისეთი ობიექტების შექმნას, რომელიც მარადიული იქნებოდა და რომელთა სრულყოფილების ცქერას მომავლის ადამიანებიც შეძლებდნენ (ამ საკითხზე ხელოვნების ისტორიკოსებს განსხვავებული აზრი შეიძლება ჰქონდეთ). ასე დაიბადა სკოპასის „მენადა“, მირონის „ბადროს მტყორცნელი“ და პრაქსიტელეს „აფროდიტე“. ძველ საბერძნეთში შექმნილი იმიჯები დიდხანს ტრიალებდა მომდევნო ეპოქების ხელოვანთა გონებაში. შუა საუკუნეებმა მათი რეკონცეპტუალიზაცია მოახდინა და კლასიკური ფიგურები და მოტივები ახლებური იერსახით წარმოსახა. ანტიკური სამყაროსგან ნასესხები სილამაზის შესანახად ამ პერიოდის ხელოვანებმა ბევრი იბრძოლეს კათოლიკურ დოგმატიზმთან. თუკი, ჰუმანიტარულ მეცნერებათა ერთი ნაწილისთვის ეს პერიოდი „ბნელი“ და „სასტიკია“, ხელოვნების ისტორია სწორედ აქ ეძებს სინათლეს, ადამიანს სამყაროს ცენტრში. ამ ვიზუალურ რეპრეზენტაციებს თან მოყვა კლასიკური და რომანტიული იმიჯების გადაშლა, ყოველდღიური ცხოვრების და უბრალო ხალხის გამოჩენა სურათებზე. ძველი კერპების ნგრევამ მოიტანა ექსპერიმენტები, ავანგარდული ხელოვნება და პოსტ-მოდერნიზმი.
ხელოვნების ისტორიის ამგვარი პერიოდიზაცია, ისევე როგორც დრო და სივრცე ფარდობითი ცნებებია და შეთანხმებას ექვემდებარება. ჩვენი მსჯელობა მსოფლიო ისტორიის არსებობის შესახებ მცდარია, რადგან არ არსებობს ერთიანი საკაცობრიო ისტორია, არც მისი ცენტრია დასავლეთი, არც პერიფერია აღმოსავლეთი. ჩვენი ცოდნა დეტერმინირებულია და გამორიცხავს იმ უნიკალურ ცივილიზაციათა მონაპოვარს, რომელსაც სხვა გეოგრაფიულ ზონაში ქმნიდნენ. ალბათ თითზე ჩამოსათვლელია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც იციან რა იმიჯები ტრიალებდა აღმოსავლელ ხელოვანთა შემოქმედებაში, რა უნიკალური სქემები წარმოშვა მათმა ფსიქიკამ, როგორ მოახდინა ამ სქემებმა სამყაროს აღქმების ორგანიზება მენტალურ იმიჯებად. ევროპოცენტრიზმის ხაფანგიდან გამოსვლისას აღმოვაჩენთ, რომ ხელოვნება სხვადასხვა ენაზე საუბრობს, სხვადასხვა ხალხში უნიკალურ ფორმას და სტილს იძენს. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ჩინელი და ჰოლანდიელი ფერმწერები მსგავსი ობიექტების რეპრეზენტაციას თავისებური ფერებით, ხაზებით, მონასმებით ახდენენ. მათში არაფერია საერთო - არც ბუნება, არც ფიგურები. როგორც ზემოთ ვთქვით, ხელოვნების მთელი ილუზია მის ფსიქოლოგიურ და კულტურულ განზომილებაში მდგომარეობს. ავტორთა მსოფლმხედველობის ცენტრი სხვადასხვა იდეების გარშემო ორგანიზდება, რის გამოც განსხვავებულად მეტყველებს და ხელმისაწვდომია მხოლოდ მათთვის, ვინც იმავე გარემოში სოციალიზდება და კულტურის ნაცნობ რეზერვუარებს იყენებს სურათების დეკონსტრუქციისათვის.

გიდო რენის სახელოსნო, სალომე იოანე ნათლისმცემლის თავის მიღებისას, დაახლ. 1639–42
თანამედროვე ხელოვნება ობიექტისა და ავტორის ძიებაში
ხელოვანებს ბუნებასა და სოციუმში მიმდინარე მოვლენების საკუთარი აღქმა აქვთ. ეს აღქმები აწესრიგებს შემოქმედებით სამყაროს მათ ცნობიერებაში, ქმნის განსხვავებულ მენტალურ წარმოდგენებს, რომელიც კონცეპტუალიზდება, ვიზუალად იქცევა და სოციალურ სამყაროში გაიკვალავს გზას. ხელოვნებისა და ფსიქოლოგიის ურთიეთკავშირი შეიძლება ოპტიმალურადაც იქნას გამოყენებული ინსპირაციისა და შემოქმედებითი პროცესის აქტივაციისათვის. ამ ანალიტიკურ ესეს რამდენიმე რეკომენდაციით დავასრულებ, რომლებიც შესაძლოა, სტიმულადაც იქცეს ობიექტთა აღქმისა და რეპრეზენტაციის პროცესში.
„ხელოვნება საჭიროებს თავგანწირვას და ტანჯვას“ -ეს თეზა წარსულს ჩაბარდა. თანამედროვე ხელოვანები არცთუ იშვიათად სტუმრობენ ფსიქოთერაპევტთა კაბინეტებს, ფსიქიკური მედეგობის მოსაპოვებლად და შემოქმედებითი კრიზისის დასაძლევად. პირველი ნაბიჯი, თერაპიულ კონსულტაციაზე, შინაგანი მდგომარეობის გაცნობიერებაა. პირველი ნაბიჯი ამჟამინდელი შეგრძნებების სახელდებაა - რა ხდება აქ და ახლა და რასთანაა დაკავშირებული? თერაპიაზე ხდება ქცევითი და ემოციური ბარიერების ამოცნობა და გადალახვის გზების ძიება. ეს პროცესი ანახლებს მენტალური იმიჯების აღმოჩენას, მათ კონცეპტუალურ გადამუშავებას და ვიზუალიზაციას.

არტემიზია ჯენტილესკი, ივდითი და მისი მხევალი, 1618-19
მუშაობის დაწყების სტიმული ბევრი წყაროდან შეიძლება გაჩნდეს. ინსპირაციის გამოსაწვევი მნიშვნელოვანი რესურსი ქვეცნობიერში შენახული შიშები, სურვილები და სიზმრებია. მათი განთავისუფლება და სინათლეზე გამოტანა სპეციფიურ კონცეფციებს და ვიზუალს ბადებს. ხშირად, ხელოვნება ჰგავს სარკეს, რომელიც ეხმარება მხატვარს ჩახედოს საკუთარი ფსიქიკის სიღრმეში და დაინახოს საკუთარი ობიექტი.
როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, პოსტმოდერნიზმის მთავარი მახასიათებელი მისი მრავალხმიანობაა. იგივე ტექნიკას ფსიქოთერაპევტის კაბინეტშიც იყენებენ. ხელოვანს შეუძლია გამართოს დიალოგი საკუთარ თავთან, იდენტობის სხვადასხვა წერტილიდან დაინახოს ობიექტი, შემდგომ კი სცადოს მასზე ერთიანი აღქმის ჩამოყალიბება. ამ პროცესში შეიძლება გამოჩნდეს შემოქმედებითი დილემის გასაღები და შინაგანი კონფლიქტებიც გადაჭრის გზაც.
ფსიქიკური სამყაროს კვლევისას ნათლად ჩანს, რომ მნიშვნელობები არ არსებობს თავისთავად. მათ ქმნის აღქმებზე შეთანხმება საკუთარ თავთან და სოციალურ სამყაროსთან. ყველა მნიშვნელობა, რომელიც კონკრეტულ მომენტში ცნობიერში შემოდის დაკავშირებულია შინაგან სამყაროში მიმდინარე აქტუალურ პროცესებთან. იგივე შეიძლება ითქვას იმიჯებზე და სიმბოლოებზე, რომელიც ხელოვანის გონებაში შემოიჭრება. ამ დროს, მთავარი ამოცანა სიმბოლოების ამეტყველება და მნახველამდე მიტანაა.
ძლიერმა შემოქმედებითმა ინსპირაციამ შეიძლება ძლიერი ფრუსტრაცია გამოიწვიოს. გონებაში წარმოსახული მენტალური იმიჯების ვიზუალად ქცევა დიდ ძალისხმევას საჭიროებს. ფუნჯი მუდმივად აკორექტირებს ტილოს, რათა მონასმი მენტალურ წარმოდგენას დაამსგავსოხელოვანმა უნდა იგრძნოს ჩარჩოების ნგრევა ამ პროცესში და პერფექციონიზმის გადალახვა, რაც თერაპიაზე მოსული ავტორების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერია. ამ მანკიერი წრის გასარღვევად, თერაპია არარეალისტურ მოლოდინებს ჯანსაღი და რაციონალური მოლოდინებით ანაცვლებს. შედეგად, ფრუსტრაციის დონე დაბლა იწევს.
კრიტიკის შიში, ეჭვები, დაურწმუნებლობა ხშირად თან ახლავს შემოქმედებით პროცესს, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. ხელოვნება ითხოვს გამბედაობას წარსდგე აუდიტორიის წინაშე და ესაუბრო მას. ხელოვანი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მისი დიალოგი არ იქნება სწორხაზოვანი და ცალმხრივი. სურათი ყველა მნახველისთვის სხვადასხვა ამბავს მოყვება. ყველა მნახველი სურათში საკუთარ ისტორიას იპოვის.
ენერგიისგან დაცლა და გადაწვა შემოქმედებითი პროცესის ბუნებრივი ნაწილია. ხანგრძლივი მუშაობა ხშირად რესურსების ამოწურვას იწვევს. ამ მდგომარეობას თან სდევს ფსიქიკური მოწყვლადობა და ნეგატიური ფიქრები, დაწყებული არასასიამოვნო წარმოდგენებიდან დასრულებული სუიციდური წარმოსახვებით. შესაძლოა გამოიხატოს სომატური ფორმით და აისახოს სხეულის სხვადასხვა უბანზე. ენერგიის განახლება იწყება საკუთარი მდგომარეობის აღიარებით. ამ დროს ოპტიმალურია სამუშაო პროცესის შეჩერება და მენტალურ ჰიგიენაზე ზრუნვა: დამამშვიდებელ და სასაიამოვნო აქტივობებში ჩართვა. ინდივიდუალური გემოვნებიდან გამომდინარე ეს შეიძლება იყოს ბუნებასთან კონტაქტი, იოგა, მედიტაცია, ახლო მეგობრებთან ურთიერთობა, საინფორმაციო ველიდან განრიდება და ა.შ. ენერგიის აღდგენას თან მოჰყვება ძველი იმიჯის გაცოცხლება, ან ახლის გაჩენა, რაც ასევე გახდება მანიშნებელი იმისა, რომ შემოქმედებითი პროცესი ბრუნდება ძველ რელსებზე.