ქეთი ჩართოლანი: როცა ქუჩები ლაპარაკობენ, ვინ უსმენს მათ?

ქეთი ჩართოლანი: როცა ქუჩები ლაპარაკობენ, ვინ უსმენს მათ?

= დეტალები =



როცა ქუჩები ლაპარაკობენ, ვინ უსმენს მათ?

ქეთი ჩართოლანი


გასული წლის სექტემბერში მე და ზურა ჯიშკარიანი ვარკეთილის მედიათეკაში დავსხედით და შეკრებილი ადამიანებისა და კამერების წინ ვისაუბრეთ. ზურას იმ ინსტალაციაზე ვლაპარაკობდით, რამდენიმე ქუჩის იქით, კორპუსის სახურავზე რომაა აღმართული. სარკესავით ამრეკლავი ზედაპირის მქონე უზარმაზარი დაფა, რომელშიც ამოჭრილია ზურას სიტყვები:

თუ გსმენია სირენა ხომალდის
— ქალაქში, სადაც არ არის ზღვა?

როგორც ყოველთვის ზურასთან საუბრისას, ამჯერადაც ბევრ თემას მიმოვედეთ: სოციალურს, პოლიტიკურს, ისტორიულს, ურბანულს, კულტურულს, აბსტრაქტულს, ადამიანურს. ბოლოსკენ გავუზიარე, მე როგორ ვხედავდი ამოჭრილი სიტყვების აზრს: იმ დაკარგული ქალაქების გამოძახილია, რომლებშიც ზღვა არის, ეს ერთგვარი ფანტომური ხმაა, თითქოს ფანტომურ ტკივილს გასცემს-მეთქი. საინტერესო ინტერპრეტაციააო, მიპასუხა. და მართლა ეგ იყო — მრავალ შესაძლოთა შორის ერთ-ერთი.

ამაზეც უკვე გველაპარაკა: ნამუშევარი მის დაბლა, ქუჩაში თითოეულ გამვლელს დიალოგში რომ რთავს. აქ ადამიანი პასიური დამკვირვებელი არაა, კითხვა ხომ მას მიემართება. ეს ერთგვარი პოსტმოდერნული აქტია, რაც ტექსტს მუდმივი ქმნადობის, დაუსრულებლობის მდგომარეობაში ტოვებს. მაშინ დავინტერესდი, რატომაა ეს ღირებული, ხომ შეიძლება, ამან, პირიქით, ფორიაქი გამოიწვიოს-მეთქი.



ახლა ვპასუხობ ამ კითხვას — როცა ჩვენი საუბრიდან სამ თვეზე მეტია გასული და ისევ იქ ვდგავარ, კორპუსის თავზე, ჰაერში დასმული კითხვის ქვეშ. ამასობაში ინსტალაცია იქ მცხოვრებთათვის ურბანული ლანდშაფტის ნაწილად ქცეულა და მე ვარ გარედან შემოჭრილი უცხო სხეული, კისერგადაგდებული რომ ვდგავარ ტროტუარზე, მაღლა ვიხედები. კანტიკუნტად გამვლელები ამ ქარიან დღეს მხოლოდ მე მხედავენ ყოველდღიურობის კალაპოტიდან ამოვარდნილად. და ინსტინქტურად, ისიც მხოლოდ წამით, თვალი გაურბით იქით, ზემოთ, სადაც ჩემი მზერაა აპყრობილი. მე, ამ ჩემი უსიტყვო ჟესტით, თავის აწევით და გარინდებით, სხვათა მოქმედებას ლამის შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც ვცვლი, პეპლის ეფექტად. და ვინ იცის, სად ამოიზრდება ცუნამი შედეგად.


ამ მომენტში ვხვდები, რასაც კორპუსის თავზე ვკითხულობ, იგივე არაა, წინა წაკითხვაზე რომ იყო. საკუთარ თავზე განვიცდი ტექსტის პოსტმოდერნულ დაუდგრომლობას, მნიშვნელობათა ცვლას. რაც წინათ ისტორიული ტკივილის გამოძახილად ჩამესმოდა, ახლა მიმდინარე, სასწრაფო, პოლიტიკურად დამუხტულია. რასაც ადრე გვერდზე მდგომ დამკვირვებლად ვხედავდი, ახლა ჩემი გამოცდილების ნაწილია. და ეს ორივე „ინტერპრეტაცია“ ერთნაირადაა სახურავზე დამონტაჟებული ობიექტის ნაწილი.

ზურამ ის ფსიქოგეოგრაფიული ხედვის და მასთან დაკავშირებული დერივეს, უმიზნოდ ხეტიალის ცნების გამოხატულებად ჩაიფიქრა. დერივე ნიშნავს მოძრაობას, გადაადგილებას, დინებას კონკრეტული მიმართულებისა თუ მიზნის გარეშე — როგორც ფიზიკურად, ქალაქის ქუჩებში სიარულით, ასევე მეტაფორულად, ცნობიერების ნაკადისთვის თავის მინებებით.

ამ აქტს სიტუაციონისტები მრავალ სარგებელს მიაწერენ. მათ შორისაა ყოფის მონოტონურობიდან ამოვარდნა და გარემოს სპონტანურად აღქმა, მგრძნობელობის გამახვილება აწმყოს სხეულებრივად შესაგრძნობად, იმ სოციალური ნორმის ამოყირავება, რომელიც მთავარ ადამიანურ ღირებულებად პრაგმატულობას, დროის ფულად გარდაქმნას სახავს. და ის აჩენს პოლიტიკური ქმედების იმპულსსაც: დერივეს მეშვეობით გამოაშკარავებული ურბანული გაუცხოება კრიტიკულ აზროვნებას კვებავს, რასაც ქალაქებისა და საზოგადოებების გარდასაქმნელი კოლექტიური მოძრაობის გამოწვევის პოტენციალი აქვს. ჰო, პოლიტიკას აქაც ვერ და არ გავექცევით.

რადგან ახლა, აქ რომ ვდგავარ, 2025 წლის იანვრის ქარიან დღეს, ინსტალაცია ჩემთვის იმ პოლიტიკური მანიფესტის ნაწილი ხდება, რომელსაც თბილისელები ყოველდღე ქუჩებში მარშირებით წერენ.

სიმბოლურ ურბანიზმს, რომლის ნიმუშიცაა ეს ინსტალაცია, აინტერესებს, თუ როგორ გამოხატავს ურბანული სივრცეების ორგანიზება საზოგადოების არა მხოლოდ კულტურულ ღირებულებებს, არამედ პოლიტიკურ ხედვებსაც. ის ამბობს, რომ ურბანული გარემო იმაზე მეტია, ვიდრე ფუნქციური სივრცეები, სადაც ვცხოვრობთ, ვმუშაობთ, გადავაადგილებდით. ის, ამასთან, აირეკლავს და, თავის მხრივ, განსაზღვრავს სოციუმის იდენტობას, ძალაუფლებრივ სტრუქტურებს და ისტორიულ მეხსიერებასაც კი.

და მე ასე მგონია, რომ თბილისი გამორჩეულადაა პოლიტიკური მნიშვნელობებით დატვირთული. ჩვენთან შენობების ტიპებსაც კი პოლიტიკური ლიდერების სახელები ჰქვიათ. ჩვენ გვაქვს სტალინისტური არქიტექტურა, ხრუშჩოვკები, ბრეჟნევის პერიოდის კორპუსები. ისიც მრავლისმთქმელია, რომ ეს ფიგურები ჩვენი ქვეყნის დამპყრობი იმპერიის მმართველები არიან და, შედეგად, თბილისის არქიტექტურა და მისი აღმწერი ენა ერთგვარ ისტორიულ ტრავმას ინახავს.

არქიტექტურულად და ლინგვისტურად ჩაკირული ეს ტრავმა ჩვენს იდენტობასა და თვითაღქმაზე ახდენს გავლენას. და როცა ამ არქიტექტურასა და ენაში იჭრება ახალი სხეული, თუნდაც უზარმაზარი, ამრეკლავი ზედაპირის მქონე დაფა, რომელიც ვარკეთილის ერთ-ერთი ქუჩის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე აღმართულა და გამვლელებს ლიმინალურ სივრცეზე გვისვამს კითხვას, ეს ერთგვარი თერაპიაა.



გეოგრაფიული სივრცისა და მხატვრული ტექსტის თანაქმნადობას ლიტერატურათმცოდნეობის შიგნით შედარებით ახალი დარგი, გეოკრიტიციზმი აკვირდება. ამ მეთოდოლოგიური მიდგომის თანახმად, მხატვრულ ნამუშევარში წარმოჩენილი სივრცეები ყოველთვის ამბობს რაღაც მნიშვნელოვანს ემპირიული რეალობისადმი ტექსტის დამოკიდებულებაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მხატვრული გეოგრაფიული სივრცეები ჩვენი რეალობის გასაკრიტიკებელი ერთგვარი იარაღია. ამ მხრივ განსაკუთრებით ძლევამოსილია სამეცნიერო ფანტასტიკურ ან უტოპიურ ტექსტებში შექმნილი სივრცეები, რომლებიც მკითხველის „ნამდვილი“ სამყაროს შესწორებულ ვერსიას გვანახებენ. უტოპია ასეთ შემთხვევაში ერთდროულად წარმოადგენს როგორც კარტოგრაფიულ ენიგმას, ასევე ისტორიულ მიზანს, რადგან იგი მიემართება უადგილობას, რომელიც, ამასთან, სასურველი „კარგი ადგილიცაა“.


ზურას ცხრასიტყვიან ფრაზაში სწორედ მსგავსი უადგილობის არსებობის შესაძლებლობაა დასახული: შუალედური სივრცის, სადაც ხომალდის სირენა უზღვაო ქალაქში ისმის. და ის იმისთვისაა შექმნილი, რომ ფიქრთა უმიზნო ხეტიალს უბიძგოს. მაგრამ ურბანული ლანდშაფტის ნაწილად ყოფნა იმასაც ნიშნავს, რომ მას თბილისის მკვიდრი თუ სტუმარი შემთხვევით უნდა გადაეყაროს.

მე კი აგერ ვდგავარ და ვგრძნობ, რომ ცოდვა ჩავიდინე, ნამუშევრის არსი უარვყავი. მე აქ დღეს სპეციალურად მოვედი, წინასწარ ჩავწერე google map-ში მისამართი, რომ გზა არ ამრეოდა, სადმე არ გადამეხვია. ჩემი აქ მოსვლა ყველაფერი იყო, უმიზნოს გარდა: აქ მოვედი, რომ მერე, აი, ეს ტექსტი დამეწერა. ეს რა ჩავიდინე? რა ფასი ექნება ასე დაწერილ სიტყვებს. საერთოდ, რა ფასი აქვს სიტყვებს დღეს, როცა ყველა მათგანმა მნიშვნელობა დაკარგა, თეთრი შავს აღწერს, მეგობარი კი მტერს. და როცა თეთრზე ამბობ, თეთრიაო და მტერს მტრად მოიხსენიებ, თავზარდაცემული ხვდები, რომ შენს სიტყვებს ძალა დაჰკარგვიათ და, აბა, როგორღა უნდა გააგებინო სიმართლე, თუნდაც შენი…



და აქ თავს ვიჭერ იმაზე, რომ ფიქრებით სადღაც დაუგეგმავ სივრცეებში მივეხეტები. რომ ცაში გამოკიდულმა ტექსტმა იმუშავა. და რომ, მართალია, დღეს უმიზნოდ სიარული ფუფუნებაა, მაგრამ თვით ის მიზანი, რომელსაც ქუჩებში გავყავართ, ამ დროებით დანაკლისად ღირს.

„თუ ამჩნევთ რომ ამდენი სირბილისა და მარშების მერე უფრო მეტად გიყვარდებათ თქვენი სამშობლო, ეგ ნაწილობრივ იმისი დამსახურებაცაა რომ ქალაქებში საფეხმავლო ურბანისტიკა ადამიანს აბედნიერებს“ — ეს სიტყვები ჯერ კიდევ დეკემბერში მინდია არაბულმა დაწერა.

ხეტიალი, არსობრივად, უმიზნოა, ჩვენი ქუჩები კი დღეს მიზნისკენ მიმავალ გზებად ქცეულან. ლამის მგონია, უმიზნოდ გამოსულს ამრეზით ჩამოიფერთხავენ თავიანთი სხეულებიდან.

ეს იმიტომ, რომ როცა სიტყვები აზრს კარგავენ, ლაპარაკს ქუჩები იწყებენ.

მთავარია, მოვუსმინოთ მათ.
Tbilis Public Art fund © 2023 all rights reserved.
Tbilisi Public Art Fund © 2023 ყველა უფლება დაცულია.