კამერა ობსკურა ისნის რაიონის საჯარო სკოლებში
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის კონკურსში „საჯარო სივრცეში დროებითი პროექტების ხელშეწყობა, ქ. თბილისი, მეტრო 300 არაგველი, ზედა ვესტიბიული“ გამარჯვებული პროექტის – „ქეთუთა ალექსი მესხიშვილი, ქართული ორნამენტი“ ფარგლებში, №86 და №87 საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის ფოტოგრაფიის სემინარი ჩატარდა.
მეტროსადგურ „300 არაგველის“ ზედა ვესტიბიულის ვიტრაჟების სერიას – „ქართული ორნამენტი“, ისნის რაიონის სკოლის მოსწავლეები ხშირად ხვდებიან, ამიტომაც არაფორმალური გაკვეთილებისთვის მეტროსადგურის მიმდებარე სკოლები შევარჩიეთ.
მოზარდებისთვის შედგენილი პროგრამა ფოტოგრაფმა ანა ფატლაძემ არა თემატურად, არამედ მეთოდის გამოყენებაზე ააგო. იმის გათვალისწინებით, რომ პროგრამა საბაზო საფეხურისთვის იყო განკუთვნილი, პირველი ნაწილი ხედვის ოპტიკურ, ფილოსოფიურ და ტექნიკურ საკითხებს, ასევე, ხელოვნების გაკვეთილზე ნასწავლი ისტორიისა და თეორიის გახსენებასა და ფოტოგრაფიასთან დაკავშირებას დაეთმო.
სემინარის ავტორის პროფესიული, პედაგოგიური გამოცდილებისა და პროგრამის სტრუქტურის წყალობით, ერთი შეხედვით ფართო საკითხის პრაქტიკული მაგალითის საფუძველზე მოხელთება მოხერხდა, რამაც მოსწავლეების ინტერესსა და ცნობისმოყვარეობაზე იმოქმედა. დამატებით ოთახში მოწყობილმა კამერა ობსკურამ თეორიულად განხილული საკითხები – შეგრძნებით გამოცდილებად აქცია და მოსწავლეებისთვის პრაქტიკული სამუშაოს შთაგონების წყაროდაც იქცა.