ნატო ბაგრატიონი, ყვავილები ყველასთვის ხელმისაწვდომია, 2023, გლდანი, ალ. გობრონიძის no.1
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის პროექტი „ყვავილები ყველასთვის ხელმისაწვდომია“
ნატო ბაგრატიონის ინსტალაცია
2023 წლის დეკემბერი
ტექსტი: ვია სკანგალე
“ქარში ცეკვისა და მზის კოცნის დროს, ცისფერი და ნათელი ცის ქვეშ ისინი დღედაღამ ცხოვრებისეულ ამბებზე ჩურჩულებენ.“[1]
როგორ ზემოქმედებას ახდენს ერთმანეთზე ურბანულ პერიფერიასა და ბუნებას შორის სიახლოვე? რა ხდება მაშინ, როდესაც ხელოვანი დიქოტომიურ ცნებებს „ურბანული“ და „ბუნება“ შორის საზღვრების წაშლასა და ახალი უტოპიური რეალობის შექმნას ცდილობს? პროექტი „ყვავილები ყველასთვის ხელმისაწვდომია“, რომელიც თბილისში, საქართველოში, 17 დეკემბერს იხსნება სწორედ ამ კომპლექსურ საკითხებს სწავლობს. ოცი მეტრის სიმაღლის ყვავილები საკუთარი იდენტობის მქონე დამოუკიდებელ მიკროქალაქად მიჩნეულ[2]თბილისის გარეუბან გლდანში „დაირგვება“. გლდანის ნაცრისფერი მაღალსართულიანი კორპუსების „მინდვრები“ 1969-1980[3] წლებში ინდუსტრიალიზაციისა და დაბალფასიანი ბეტონის პანელური ბლოკებისგან საცხოვრებელი სახლების მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მშენებლობების საბჭოთა პროგრამის ფარგლებში გაშენდა. თემურ ბოჭორიშვილის მიერ შექმნილი თბილისის ჩრდილოეთით მდებარე 147,000 მოსახლეზე გათვლილი გლდანის პროექტი უზარმაზარ საცხოვრებელ უბანს წარმოადგენს, ამავე სახელწოდების მქონე მიმდებარე სოფლის გლდანის საკუთრებაში მყოფ მიწაზე აშენებული უბანი კი დღემდე რჩება თბილისის უდიდეს საბინაო პროექტად, რომელიც „მიკრორაიონის“ სახელით ცნობილ რვა განსხვავებულ მიკრორეგიონს აერთიანებს. მეტიც, ჩრდილოეთით ბოჭორიშვილის კიდევ ერთი ქმნილება გლდანულა, ანუ „პატარა გლდანიც“ გაჩნდა, რომელსაც გლდანთან შედარებით მცირე მასშტაბის მიუხედავად რეგიონის განვითარებად ურბანულ ფარგლებში თავისი მნიშვნელობა ენიჭება.
ქარხნული წარმოების მასობრივი საცხოვრისებისა და თითქმის იდენტური კორპუსების ნახვა ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაშია შესაძლებელი. და მაინც, მიუხედავად ამისა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გლდანში განვითარებული ადგილობრივი გარემო მას მსგავსი უბნებისგან განასხვავებს.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ნატო ბაგრატიონი სწორედ გლდანის ტიპურ მიკროკოსმოსებს იკვლევს. 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლისა და პრივატიზაციის შესაძლებლობის გაჩენის შემდეგ საქართველოს დედაქალაქ თბილისში სხვადასხვა პროდუქტით მოვაჭრე ადგილობრივი მაღაზიები, ე.წ. „ბუდკები“ (ჯიხურები) გაჩნდა. ხელით შექმნილმა კონსტრუქციებმა, ფარდულებმა და ფერადმა კარვებმა ახმეტელის მეტროს ირგვლივ დაიდეს ბინა და ადგილობრივი პეიზაჟის განუყოფელ ნაწილად იქცნენ. ნატოსთვის ცოცხალი სატრანსპორტო წრის შუაგულში მდებარე პატარა კუნძულზე გიგანტური ყვავილების განთავსებისთვის საჭირო საწყის წერილად და შთაგონებადაც სწორედ ის ფერადი ქოლგები და კარვები (სურათი #1) იქცნენ, რომლებიც მონოტონურ, ერთფეროვან საბჭოთა საცხოვრებელ კორპუსებთან კონტრასტს ქმნიდნენ და ვაჭრებისთვის ზაფხულის მცხუნვარე მზისგან ან წვიმისგან დამცავ საშუალებას წარმოადგენდნენ.
სურათი #1.
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ამ ადგილის საჰაერო კადრებში (სურათი #2) მანქანების ინტენსიური, ქაოსური მოძრაობა ჩანს. კუნძული საკმარისად დიდია იმისთვის, რომ სადა, ჩვეულებრივ მშენებლობებზე გამოყენებული რკინის არმატურისგან გაკეთებულ ოცი ყვავილისგან შემდგარ ინსტალაციას უმასპინძლოს. ყვავილების ფურცლები იმავე ქსოვილითაა დაფარული, რომელსაც გლდანელი მოვაჭრეები ახლოს მდებარე ღია ცის ქვეშ გადაჭიმულ ბაზარში იყენებენ. ფერადი მოხატული ყვავილები და მათი ფართო ფურცლები შესაძლოა, ბაზრის მოვაჭრეების ფერადი ქოლგების მსგავს გამვლელთათვის შექმნილ თავშესაფრადაც აღვიქვათ. თუმცა, ნატო თავშესაფრებს საფრთხისგან დასაცავ ადგილებად განიხილავს და ფიქრობს, რომ მათ დაწყებული გამოქვაბულის მსგავსი ბუნებრივი სტრუქტურებიდან და დასრულებული სახლებისა და ბინების, ადამიანის მიერ შექმნილი ნაგებობების ტიპების სხვადასხვაგვარი ფორმის მიღება შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ ყვავილებისგან შემდგარი ინსტალაცია რეალურ თავშესაფარს ვერ ქმნის, მას სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭება. ის თავშესაფრის დუალისტურ ცნებებს ეხმაურება და უსაფრთხოებისა და დაცვის საშუალებას - ხელოვნურ საფარს წარმოადგენს. ასევე მიგვითითებს ბუნებაზე, როგორც ქალაქის ცხოვრებისგან გაქცევის მეთოდსა და თავშესაფარზე.
სურათი #2.
წრიულ კუნძულს ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილი ოთხი ბილიკი კვეთს თუმცა, მანქანების ინტენსიური მოძრაობის შუაგულში მდებარე წრემდე მისაღწევი გადასასვლელების არარსებობის გამო, გაურკვეველია, როგორაა ფეხით მოსიარულეთათვის შესაძლებელი კუნძულამდე უსაფრთხოდ მიღწევა.
ინსტალაცია „ყვავილები ყველასთვის ხელმისაწვდომია“ ამ ადგილას ექვსი თვის განმავლობაში დარჩება. ხელოვანი იმედოვნებს, რომ მისი ნამუშევარი ორგანულად შეერწყმება დაუცველ ადგილობრივ გარემოს. რა თქმა უნდა, ურბანული ყვავილების ირგვლივ არსებული ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობისა და ჰაერის დაბინძურების გამო ის თანდათან ნაცრისფერი მტვრის სქელი ფენით დაიფარება და მზე ცოცხალ ფერებს უახლოესი თვეების განმავლობაში გაახუნებს.
ნატო ბაგრატიონი, ყვავილები ყველასთვის ხელმისაწვდომია, 2023, დეტალი
შესაბამისად, ლითონისგან შექმნილი ყვავილების სტრუქტურა ასევე გაცვდება და დაიჟანგება, რაც მას გაქუცული, ნაცრისფერი საბჭოთა ურბანული გარემოსთვის უფრო შესაფერისს გახდის. ინტერვენცია უფრო მეტად ასიმილირდება ლანდშაფტში, მღელვარე ქალაქის განუყოფელ ნაწილად იქცევა და მჭიდროდ დასახლებულ პეიზაჟებში ღრმად ჩაეწერება. ხელოვანი ყვავილების დელიკატურ ბუნებას მკაცრი გარემოს მიმართ გამძლე და მდგრადი განვითარების საშუალებით მტკიცე ურბანულ ელემენტად გარდაქმნის.
მართალია, ამჯერად თბილისელი ხელოვანი ურბანულ ჯუნგლებში ბუნების დეტალების შემოტანას ცდილობს, მაგრამ ადრინდელ პროექტებს ის ხშირად ბუნებაზე ადამიანის მავნე ზემოქმედების კვლევასაც უძღვნიდა. გარიყულას რეზიდენციაში ყოფნის პერიოდში შექმნილი ერთ-ერთი ნამუშევრის „წითელი მიწა“ (სურათი #3) ფარგლებში მან მიწის ფერდობები ათასობით წითელი ძაფით დაფარა. ზემოდან ქვემოთ გადაჭიმული განმეორებადი ხაზებისისხლდენისა და ადამიანის სხეულზე დატანილი ჭრილობების მსგავსი ფაქტურის შექმნით ბაგრატიონმა დედამიწის ლამის ადამიანური ხორცი და ენერგია გააშიშვლა და გარემომცველი სიმწვანის კონტრასტული ხასხასა წითელი ფერით ყურადღება ადამიანების მიერ ბუნებისთვის მიყენებულ ჩუმ, ფარულ ტკივილზე ღია ჭრილობაში გამომსჭვალავი ენერგიის საშუალებით მიუთითა.
ხელოვანი ეკოლოგიის თემას თავის მეორე ნამუშევარში „მოწამლული მიწა“ (სურათი #4) ბალახზე ტოქსიკური ვარდისფერი წრეების გამოსახულებითაც შეეხო.
სურათები #3 და #4.
სურათი #5.
ნატო ბაგრატიონი როგორც არქიტექტორი 2019 წლის ბიენალეს Oxygen No Fair ფარგლებში შექმნილი ნამუშევრით „ორი ნაჭერი მიწა“ (სურათი #5) წარსდგა. სრულყოფილად მოჭრილი მიწის ნაჭრები და ბალახით გამწვანებული მათი ზედა ნაწილები, რომლებიც თეთრ კუბში გამოიფინა, სწორედ იმ ბუნებრივ ლანდშაფტებზე მინიშნებას წარმოადგენდა, რომლებიც ნადგურდება და თბილისში მახინჯი მრავალსართულიანი შენობებით ჩანაცვლდება. ეს პროცესი არ ტოვებს ბუნებისა და პარკების ადგილს, რაც ადგილობრივების მთავარ საზრუნავს წარმოადგენს. გალერეაში მოთავსებული ნამუშევარი ფანჯრის მიღმა არსებულ იმ ბუნებას უყურებდა, რომლის ნაწილიც ადრე თავად იყო და რომელთანაც დაშორება მოუხდა.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის შეუძლებელია ურბანულ პერიფერიასა და ბუნებას შორის ურთიერთობის განსაზღვრა, ჩვენ მხოლოდ იმისი ვარაუდი შეგვიძლია, რომ ბუნებაში ცენტრი და პერიფერია, უთანასწორობა ან პრივილეგია არ არსებობს. პროექტი „ყვავილები ყველასთვის ხელმისაწვდომია“ ურბანულ გარემოს ბუნებრივის მსგავსად ინკლუზიურად და ინტეგრირებულად მოიაზრებს. გლდანი თბილისელებისა და საქართველოს სხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან გადმოსახლებულთა საცხოვრებლად იქნა დაპროექტებული. თინათინ გურგენიძის აზრით „გლდანს ზოგიერთი გეტოდ მოიხსენიებს, ზოგი კი ამბობს, რომ ის მისი მრავალფეროვნების[4] წყალობით ბრონქსს ჰგავს.“ გლდანისთვის ეს თანამედროვე ინტერვენციის მასპინძლობის პირველი შემთხვევა არაა.[5] მართალია, ურთიერთდაკავშირებული სტრუქტურების ჯაჭვის ერთიანობა პრაქტიკული რამაა, მაგრამ ის კიდევ უფრო უსვამს ხაზს ბუნებისა და ცხოვრების რეპროდუქციულ ციკლს. ამ პროექტში ყვავილის პოეტური სიმყიფე და სილამაზე სიცოცხლისუნარიან, ადგილობრივი თემის ცხოვრების გაუმჯობესებისკენ მიმართული ცვლილებების იმედის მატარებელ მდგრად სტრუქტურად იქცევა.
მართალია, თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მიზნად თანამედროვე ხელოვნების ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს, მაგრამ ნატო ბაგრატიონი თავისი ბოლო მრავალმხრივი ინსტალაციის „ყვავილები ყველასთვის ხელმისაწვდომია“ მეშვეობით უტოპიური ურბანული გარემოს შექმნას ცდილობს. დაცვისა და სიწმინდის ეს სიმბოლო გლდანის მსგავს პოსტსაბჭოთა ინდუსტრიულ უბნებში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე მდგომი ადგილობრივი ეკოსისტემისა და საცხოვრებელ გარემოზე ქალაქის ზემოქმედების დელიკატურ საკითხს იკვლევს.
ნატო ბაგრატიონი, ყვავილები ყველასთვის ხელმისაწვდომია, 2023, დეტალი
ვია სკანგალე
ვია სკანგალე 1980 წელს თბილისში დაბადებული ლონდონში მოღვაწე მულტიდისციპლინარული პედაგოგი, კურატორი და მკვლევარია. ის ამჟამად დოქტორის კანდიდატი და მოწვეული ლექტორია „Central Saint Martins“ ხელოვნების უნივერსიტეტში, ლონდონი. მას უმუშავია ისეთ მნიშვნელოვან სახელოვნებო პროექტებზე როგორიცაა „Kunsthalle Tbilisi“, „Tate Modern Late“, „Tate Exchange“ და სხვა. მისი წერილობითი ნამუშევრები წარმოდგენილია ისეთ პუბლიკაციებში, როგორიცაა „MoMA“, „Biennial Foundation Magazine“, „Calvert Journal“. მისი კვლევა ფოკუსირებულია თანამედროვე ხელოვნების უახლეს ისტორიებზე პოსტსოციალისტური, გარდამავალი პერიოდის ფარგლებში. სკანგალე იკვლევს საქართველოში არსებულ სახელოვნებო პრაქტიკებს და საგამოფენო ისტორიებს, რომლებიც აქამდე არასაკმარისად იყო დოკუმენტირებული. იგი მიზნად ისახავს უკეთ წარმოაჩინოს საგამოფენო პრაქტიკები, რომელიც აქტუალური იყო მნიშვნელობანი კულტურული ტრანსფორმაციის პერიოდში.
[1]ამონარიდი ნატო ბაგრატიონის პროექტის განაცხადიდან.
[2] https://danarti.org/en/article/standardized-lives----tinatin-gurgenidze/69
[3] Gogishvili, David (2024), Gldani - From Ambitious Experimental Project to Half-realised Soviet Mass-housing District in Tbilisi, Georgia, 10.4324/9781003327592-15.
[4] https://danarti.org/en/article/standardized-lives----tinatin-gurgenidze/69
[5] 2018 წლის თბილისის არქიტექტურის ბიენალეზე წარდგენილი პროექტების მიზანს გლდანის კვლევა წარმოადგენდა. https://www.dezeen.com/2019/01/09/tbilisi-architecture-biennial-installations/