თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი წარმოგიდგენთ კონკურსში „საჯარო სივრცეში მუდმივი პროექტების ხელშეწყობა, ქ. თბილისი, ავლაბრის მოედანი“ გამარჯვებულ პროექტს: დავით ნათიძე, „წინააღმდეგობა“.
დავით ნათიძე ბელგიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანია. მისი შემოქმედებითი ძიებები მჭიდროდაა დაკავშირებული და ინსპირირებული მოდერნისტული ქანდაკების ტრადიციასთან. იგი ძირითადად ბუნებრივ ქვაში მუშაობს, დიდ ყურადღებას აქცევს მასალის ბუნებრივ თვითესებს და მინიმალისტური ჟესტით, მეტად ნატიფ და ელეგანტურ ქანდაკებას ქმნის.
აღმაფრთოვანებელია როგორ ახერხებს ხელოვანი ნაცნობი ფორმების ერთი შეხედვით გამარტივებას და აბსტრაგირებას ისე, რომ შინაარსი არ დაიკარგოს და გაჩნდეს სივრცე ინტერპრეტაციისთვის.
ავლაბრის მოედანზე გამოცხადებული კონკურსისთვის შექმნილ ნამუშევარში ნათიძე რეფლექსირებს საჯარო ქანდაკების ისტორიასა და ტრადიციაზე და ერთგვარ თანამედროვე ინტერპრეტაციას გვთავაზობს. ნამუშევარი „წინააღმდეგობა“ კრემისფერ პორტუგალიურ კირქვაში გამოთლილი ადამიანის პორტრეტია, რომელიც თითქოს მოფრიალე ნაჭრიდან იკვეთება. თვალებდახრილი, რთულად ამოსაკითხი გამომეტყველება თითქოს გარე სამყაროსგან მოწყვეტილი, ინტროსპექტიული მზერით უღრმავდება საკუთარ თავს. ხელოვანის თქმით, ნამუშევარი წინააღმდეგობის გაწევის ჰეროიკულ აქტს, მამაცი ბუნების თავდადებისა და ხასიათის სიმტკიცის აღნიშვნაა.
ხელოვანის შესახებ:
დავით ნათიძე (დ.1969) ბელგიაში მოღვაწე მოქანდაკეა. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1994 წელს, ქანდაკების ფაკულტეტი და განათლება გააგრძელა ანტვერპენის სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემიაში. ნათიძის ნამუშევრების შთაგონების წყარო ხშირად ბუნებრივი ფორმებია, რომელსაც ხელოვანი აბსტრაგირებს და ბუნებრივი ქვის ნაჭრებს მინიმალისტური ჟესტით მეტად დახვეწილ და ნატიფ ქანდაკებად გადააქცევს. მისი ნამუშევრები აქტიურად იფინება როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში. იგი აქტიურად მუშაობს ქანდაკების რესტრავრაციაზეც და არაერთი მნიშვნელოვანი მონუმენტის აღდგენაზე აქვს ნამუშევარი. 2008 წლიდან იგი ასწავლის ატელიე შილდერჰოფში (Atelier Schildershof in Schilde), ბელგია.