ნატო ბაგრატიონი, ყვავილები ყველასთვის ხელმისაწვდომია View larger
ნატო ბაგრატიონი, ყვავილები ყველასთვის ხელმისაწვდომია

ნატო ბაგრატიონი, ყვავილები ყველასთვის ხელმისაწვდომია

NatoBag

= დეტალები =



თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მოხარულია წარმოგიდგინოთ კონკურსში „საჯარო სივრცეში დროებითი პროექტების ხელშეწყობა, ქ. თბილისი, ა. გობრონიძის 1“ გამარჯვებული პროექტი „ნატო ბაგრატიონი, ყვავილები ყველასთვის ხელმისაწვდომია.“

ნატო ბაგრატიონის ინსტალაცია წარმოგვიდგენს ურბანულ ქაოსში ჩაკარგულ ბაღს, რომელიც ერთისმხრივ ჯადოსნურითა და ეფემერულითაა შთაგონებული, მეორესმხრივ კი საზრდოობს იმავე ურბანულ ქსოვილში ასე ფართოდ გავრცელებული თვითორგანიზებული ყოფის ვიზუალური ენით.

‘ბოლო დროს ვფიქრობდი და ვაკვირდებოდი ადამიანის ხელით შექმნილ მარტივ საცხოვრებელ თუ თავშესაფარ სტრუქტურებს, ამავდროულად ვხატავდი ყვავილებს, რაღაც დროს ვიფიქრე რომ ბუნებაში თავშესაფარი ჩემთვის ყვავილები იყო’- ვკითხულობთ ხელოვანის განცხადებაში.

ეს მეტად ფაქიზი და რომანტიზებული ხედვა ნამუშევარში დაკავშირებულია მწვავე სოციალურ პრობლემატიკასთან და შედეგად იქმნება ინსტალაცია, რომელიც არაერთ სადისკუსიო პლასტს ეხმიანება. ხელოვანი იღებს ყვავილების მეტად დელიკატურ და ლამაზ ფორმას, რომელსაც უპირისპირებს სამშენებლო მასალების სიუხეშესა და სიხისტეს. ამავდროულად, იგი მასშტაბზე თამაშობს და გასართობი ელემენტი შემოაქვს ინსტალაციაში; მოულოდნელად ყვავილი მუტირებს და დამთვალიერებელს მწერად გადააქცევს, ბავშვების ფანტაზიას ახალ გასაქანს აძლევს და ნამუშევართან ინტერაქციის მრავალ შესაძლებლობას აჩენს. ეს ყოველივე კი თავისმხრივ სრულიად გარდაქმნის ტრანზიტორულ სივრცეს, რაც არჩეული სიმწვანის კუნძულის ამჟამინდელი დანიშნულებაა. წარმოდგენილი ინსტალაცია იჭრება გამვლელის დატვირთულ ყოველდღიურობაში და სთავაზობს თავშესაფარს ყოველდღიურობის აურზაურისგან, დროს სულის მოსათქმელად და არსებობის წარმავალ სილამაზეზე დასაფიქრებლად.



ნატო ბაგრატიონი (1990) განათლებით არქიტექტორია, მაგრამ აქტიურად მუშაობს როგორც ვიზუალური ხელოვნების, ასევე ფილმის ინდუსტრიაშიც. მისი შემოქმედება მულტიდისციპლინარულია და ხშირად ექსპერიმენტირებს როგორც მასალებში, ასევე გამოხატვის ფორმებში და იკვლევს ადამიანისა და ბუნების ურთიერთზემოქმედებას.
ხელოვანი ხშირად იფინება საქართველოში, არის ორგანიზაცია Obscura და საზიარო სივრცის, Kurorti წევრი.




Tbilis Public Art fund © 2023 all rights reserved.
Tbilisi Public Art Fund © 2023 ყველა უფლება დაცულია.