რადიო თავისუფლება: “ეს არ არის არავის ძეგლი” - ხმაური და მძვინვარება “დროის ნაწნავების” გამო

რადიო თავისუფლება: “ეს არ არის არავის ძეგლი” - ხმაური და მძვინვარება “დროის ნაწნავების” გამო
თებერვალი 16, 2024
ნასტასია არაბული

"შემთხვევით ხომ არ იცით,ვისია ეს ძეგლი? ამ უბანში ვცხოვრობ, ისე მოიტანეს ორი დღის წინ ღამით და დადგეს, არავინ არ იცის, ვისი ძეგლია… ცუდსაც ვერაფერს ვამბობ, იქნებ ვინმე წმინდანისაა”, - ამბობს ტაქსის მძღოლი და ზაარბრიუკენის მოედანზე მარჯვნივ უხვევს. გიორგი ხანიაშვილის “დროის ნაწნავები” მარცხნივ რჩება.

მწვანე მდელოზე აღმართული ქვის ქალი, რომელსაც მთელ სხეულზე თმები აქვს შემოხვეული, მიამსგავსეს კულტურის მინისტრს, ვენერა მილოსელს, რუს წმინდან მატრონა მოსკოველს, ცნობილი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების მთავარ პერსონაჟ შუშანიკს, ადგილის დედას.

ისიც ითქვა, რომ ქანდაკება პატრიარქალურ საზოგადოებაში უფლებაწართმეული ქალის სიმბოლოა. ზოგიერთმა ისტორიული უბანი მიიჩნია შეუფერებელ ადგილად სკულპტურისთვის, სხვებმა თქვეს, რომ ეს რელიგიური თემატიკის ურბანულ სივრცეში შეტანის ცუდი მცდელობაა.

იმ ადგილას, სადაც ახლა მოყვითალო ფერის ქვის სკულპტურა დგას, ზურგით სახლებისკენ და სახით “მშრალი ხიდისკენ”, წინასაახალწლოდ ნაძვის ხეს დგამდა ხოლმე ქალაქის მთავრობა. სხვა დროს ეს პატარა მოედანი ცარიელია, თუმცა უბანში ჯერაც ახსოვთ, რომ აქ 50 წელზე დიდხანს რუსეთის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის ძეგლი იდგა.

მიხეილ ვორონცოვის ძეგლი, რომელიც 1867 წლის 25 მარტს გაიხსნა, იყო პირველი ბრინჯაოში ჩამოსხმული სკულპტურა თბილისში. საბჭოთა ოკუპაციას შემდეგ 1922 წელს ბოლშევიკებმა ძეგლი ჩამოაგდეს და გადაადნეს.
მიხეილ ვორონცოვის ძეგლი, რომელიც 1867 წლის 25 მარტს გაიხსნა, იყო პირველი ბრინჯაოში ჩამოსხმული სკულპტურა თბილისში. საბჭოთა ოკუპაციას შემდეგ 1922 წელს ბოლშევიკებმა ძეგლი ჩამოაგდეს და გადაადნეს.
თბილისში მეორე ძეგლი ალექსანდრე პუშკინს დაუდგეს 1892 წელს, ამ ადგილას პატარა პარკს დღემდე პუშკინის სახელი აქვს. მესამე კი ასევე რუს მწერალს, ნიკოლაი გოგოლს, 1903 წელს, ალექსანდრეს ბაღში. ეს ძეგლი დღეს თბილისში აღარ დგას, 90-იან წლებში ის სავარაუდოდ მოიპარეს. პირველი ქართველი, ვისი ძეგლიც თბილისში დაიდგა, აკაკი წერეთელი იყო. ოპერისა და ბალეტის თეატრის სკვერში 1922 წელს დადგმული მისი ბიუსტი იაკობ ნიკოლაძემ შექმნა.

“დროის ნაწნავები” გიორგი ხანიაშვილისთვის ამ მასშტაბის პირველი ნამუშევარია - ყველაფერი, რაც მას ამ დრომდე შეუქმნია, უფრო საგალერეო სივრცეებში გამოფენისთვის იყო განკუთვნილი.

გიორგი თანამედროვე ხელოვანია, რომელიც ერთდროულად მუშაობს ფერწერაში, ქანდაკებასა და კერამიკაში. სკულპტურებისა და რელიეფების კვეთა მან ხეში დაიწყო. მოგვიანებით დაამატა სამუშაო მასალებს თიხა, ცემენტი და მეტალი. ხშირად ერთსა და იმავე ნამუშევარს სხვადასხვა ტექნიკით აკეთებს, ნახატი თიხის დაფებად გადააქვს, კერამიკის ბარელიეფებად, ზოგს ფერს უმატებს.

გიორგი ხანიაშვილი
ასევე ნახეთ

გიორგი ხანიაშვილის ქერუბიმები, პორნოჟურნალები და ძაღლური ცხოვრება

“ის, რომ ეს ძეგლი არავის არ ეძღვნება და [ხალხი] მაინც ამსგავსებს მას ხან წულუკიანს და ხან მატრონას, თავად საზოგადოებაზე მეტყველებს. ინტერპრეტაცია ჯერჯერობით მხოლოდ პოლიტიკურია და კრიტიკასაც ძირითადად ლანძღვა-გინების ფორმა აქვს. ეს არ არის არავის ძეგლი. მე ვფიქრობდი, რომ ეს შექმნიდა ძალიან კარგ პრეცედენტს და აჩვენებდა, რომ შეიძლება ძეგლი და ქანდაკება არავის და არაფერს არ ადიდებდეს. ჩემთვის ეს არის დეფინიცია თავისუფალი საზოგადოების, ხელოვანი როგორც სუბიექტი ისეა წარმოდგენილი და არავის არ უძღვნის ნამუშევარს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ირინა პოპიაშვილი, ამ ნამუშევრის კურატორი. ზაარბრიუკენის მოედანი, სადაც 3 მეტრის სიმაღლის ყვითელი ტუფის ქვაში გამოთლილი ქალის მონოლითური ქანდაკება დგას, არც მას და არც არტისტს არ შეურჩევიათ.

გიორგი ხანიაშვილის “დროის ნაწნავებმა” საჯარო ხელოვნების ფონდის კონკურსში გაიმარჯვა. ეს ფონდი თბილისის მერიამ 2023 წელს შექმნა იმ მიზნით, რომ ქალაქში თანამედროვე ხელოვნება შესულიყო.

შექმნიდან ამ დრომდე ფონდმა თბილისის ხუთი სხვადასხვა ადგილისთვის გამოაცხადა კონკურსი ხელოვანებისთვის. ასე გამოჩნდა 300 არაგველის ვესტიბიულში ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის "ქართული ორნამენტი", მეტრო ავლაბართან დათო ნათიძის სკულპტურა “წინააღმდეგობა”, ნატო ბაგრატიონის "ყვავილები ყველასთვის ხელმისაწვდომია" გლდანში, გობრონიძის პირველ ნომერში მდებარე სკვერში და საუნდ არტ ინსტალაცია მეტრო რუსთაველის ესკალატორის გასწვრივ. ყველა ნამუშევარი დროებით - ზოგი რამდენიმე თვით და ზოგიც რამდენიმე წლით დარჩება შერჩეულ ადგილას. ფონდი ფიქრობს, რომ ბოლოს ყველას ერთად მოუყრის თავს ქანდაკებების პარკში, რომელიც ჯერ არ არსებობს.

"წინააღმდეგობა" ავლაბრის მეტროს წინ. მეტროსადგურის ვესტიბიული წელიწადზე მეტია ნაწილობრივ დახურულია სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო. სამშენებლო ღობე სრულად დაფარულია სიძულვილის გამავრცელებელი პოსტერებით.
"წინააღმდეგობა" ავლაბრის მეტროს წინ. მეტროსადგურის ვესტიბიული წელიწადზე მეტია ნაწილობრივ დახურულია სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო. სამშენებლო ღობე სრულად დაფარულია სიძულვილის გამავრცელებელი პოსტერებით.

“საჯარო სივრცეში რაღაცის დადგმა ყველა ქალაქში, ყველა ეპოქაში იწვევს მსგავსი ინტენსივობის დისკუსიას. მგონია, რომ ძალიან საჭირო რამე მოხდა. ამ ფონდს როცა ვაარსებდი, მინდოდა, რომ ასეთი ცოცხალი პროცესები დაწყებულიყო”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლიკა ჭკუასელი, საჯარო ხელოვნების ფონდის ხელმძღვანელი. ამ ფონდის წლიური ბიუჯეტი 500 000 ლარია - ეს თანხა 200 000 ლარით ნაკლებია იმაზე, რასაც ქალაქის მთავრობა ხარჯავს ახალი წლის ღამეს ერთ კონცერტში ან ნაძვის ხის შესაძენად. ფონდის პროექტებიდან ყველაზე ძვირი, 80 000 ლარი, გიორგი ხანიაშვილის ქანდაკება დაჯდა, ყველაზე იაფი - რუსთაველის ესკალატორის „მოჭიკჭიკე“ ლამპიონები - 10 000 ლარი.

ინსტალაცია მეტროში 6 თვის განმავლობაში იქნება და სამი ხელოვანის შექმნილი კომპოზიციები გაჟღერდება
ასევე ნახეთ

შენიშნეთ რუსთაველის მეტროში ახალი მანათობლები? - მოგიყვებით, რა არის ესენი

ფონდის მუშაობის სისტემა ასეთია: კონკურსის გამოცხადებამდე ფონდი განსაზღვრავს ადგილს, სადაც შეიძლება განთავსდეს ინსტალაცია და იღებს მერიისგან ნამუშევრის განთავსების უფლებას, შემდეგ ჟიური, რომელიც სამი მუდმივი და სამი დროებითი წევრისგან შედგება, არჩევს საუკეთესო კონკურსანტს და გასცემს თანხებს ნამუშევრის გასაკეთებლად. ჟიურის მუდმივი წევრები არიან ფონდის ხელმძღვანელი ლიკა ჭკუასელი, მერის მოადგილე, ანდრო ბასილაია და საკრებულოს კულტურისა და განათლების კომისიის წევრი, თინათინ ნიბლოშვილი. არამუდმივი წევრები კი არიან არტისტები, კურატორები და არქიტექტორები. 2023 წელს ჟიურის წევრები იყვნენ: არქიტექტორები, გიგი შუკაკიძე და ნიკოლოზ ლეკვეიშვილი, მუსიკოსები, კორძი და რეზო კიკნაძე, არტისტები, ტატო ახალკაციშვილი და ქეთი კაპანაძე, კურატორები, ვატო ურუშაძე და ირინა პოპიაშვილი და მუსიკალური ჟურნალისტი, გია ხადური.

ლიკა ჭკუასელი ჩვენთან საუბრისას ახსენებს, რომ საჯარო ხელოვნების გამოფენის კარგი მაგალითია ლონდონის “მეოთხე პედესტალი”. ესაა ტრაფალგარის მოედანზე ღიად დატოვებული ერთი პედესტალი, სადაც ტრადიციული მონუმენტების გარემოცვაში ორ წელიწადში ერთხელ იდგმება თანამედროვე სკულპტურა. ამ ადგილას 2024 წელს მექსიკელი არტისტის, ტერესა მარგოლესის ნამუშევარი განთავსდება, რომელიც 850 ტრანსგენდერი ადამიანის ამბავს აერთიანებს. ბრიტანული მედია ამ ნამუშევრის და ხელოვანის შესახებ “მეოთხე პედესტალზე” განთავსებამდე რამდენიმე წლით ადრე, 2021 წლიდან წერდა.

„ვინაიდან დროებითად ხდება ამ ნამუშევრების განთავსება, მგონია, რომ უფრო უმტკივნეულოა. მუდმივად რომ ვდგამდეთ ამ ნამუშევრებს, სხვა პროცესი იქნებოდა… საჯარო სივრცე იმიტომ გვაქვს არჩეული, რომ ხალხამდე გვინდა მივიტანოთ თანამედროვე ხელოვნება”, - ამბობს ლიკა ჭკუასელი. ის არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება არა იმდენად ძეგლის ესთეტიკურმა მხარემ, არამედ ინფორმაციის ნაკლებობამ გამოიწვია. თავად ფონდის საიტზე იმ არტისტების შესახებ, რომლის ნამუშევრებიც საჯარო სივრცეში განსათავსებლად ირჩევა, სულ რამდენიმე წინადადებას იპოვით. მწირია უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ კრიტიკული წერილებიც და ვერ ნახავთ ფართო მსჯელობას და დისკუსიას იმის შესახებ, რას ნიშნავს საჯარო ხელოვნება, როგორია თანამედროვე ხელოვნების ენა და ფორმები.

საჯარო ხელოვნების სპექტრი ფართოა - ქუჩის მხატვრობიდან დაწყებული, დიდი მონუმენტებით დამთავრებული. არსებობენ არტისტები, რომლებიც მხოლოდ ამ მედიუმში მუშაობენ. საჯარო ხელოვნებისთვის არცთუ იშვიათად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინტერაქციისთვის დატოვებულ სივრცეს, სწორად შერჩეულ ადგილს ან მასშტაბს. ღია სივრცეებში განთავსებული ნამუშევრებისთვის ავტორის კონცეფციაზე არანაკლებ ღირებულია მნახველების ინტერპრეტაცია.

„ჯერ კიდევ ცოცხალია ძეგლის ის გაგება, რომ ის უნდა ეძღვნებოდეს რაიმე განსაკუთრებულს, ამაღლებულს და შეიძლება ვიფიქროთ, რომ გაღიზიანება ამანაც გამოიწვია, რომ ეს არავისი ძეგლი არ არის და შედარებით განყენებული ფორმა აქვს. შეიძლება პირდაპირ ამას არ ამბობენ, მაგრამ დაბნეულობას იწვევს ალბათ ის, რომ იდენტობის საკითხი ნაკლებად არის გამოკვეთილი [ამ ნამუშევარში]”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანი. მან ფეისბუკის პირად გვერდზე ძეგლის დადგმიდან მალევე გამოაქვეყნა თავისი მოსაზრება, სადაც წერდა, რომ გიორგი ხანიაშვილის საგალერეო სივრცეში ნანახი ქანდაკებები ბევრად უფრო შთამბეჭდავია, ეს ნამუშევარი კი “მოედნის ქანდაკების სოლო ფუნქციის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს”.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ხელოვნებათმცოდნე იხსენებს სხვა ძეგლებსაც, რომლებიც ასევე ემოციური განხილვის თემად ქცეულა წინა წლებში და ამბობს, რომ ურბანულ გარემოში ახალი ფორმების და შინაარსების შემოტანა საზოგადოებისთვის სჯობს სიურპრიზი არ იყოს - „პროექტის განხორციელება მხოლოდ შერჩეულ ადგილას ობიექტის მიტანა და დადგმა არ არის, ის ვრცელი და მრავალმხრივი სამუშაოა“.

თბილისის ძეგლები.
ასევე ნახეთ

ხელზე დახვეული „დროის ნაწნავები“ - როგორ იცავენ თავს თბილისის ძეგლები

ქალაქის ცენტრში გაჩენილი ახალი ნამუშევრებიდან დიდი ვნებათაღელვა ხვდა წილად ფრანგი მოქანდაკის, ჟან დუპუის გიგანტურ ველოსიპედს, რომელიც 2011 წელს დაიდგა მაშინდელ ვარდების რევოლუციის მოედანზე.

ხათუნა ხაბულიანი იხსენებს 2016 წელს მაზნიაშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე პატარა სკვერში გახსნილ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტსაც, რომელსაც ახლომახლო მცხოვრებთა რისხვა დაატყდა თავს. დაუმარცხებელ გენერლად წოდებული გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტის ავტორი მოქანდაკე გენადი ზაქარაია იყო.

გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი თბილისის მაშინდელმა მერმა, დავით ნარმანიამ გახსნა
გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი თბილისის მაშინდელმა მერმა, დავით ნარმანიამ გახსნა

დიდხანს მსჯელობდნენ ალის და ნინოს 8-მეტრიან მოძრავ სკულპტურაზე, რომელიც ბათუმის ბულვარში 2010 წელს გაიხსნა. მათგან განსხვავებით სრულიად მშვიდად ჩაიარა მისი ავტორის, თამარ კვესიტაძის სხვა ნამუშევრის, „საათების“ დადგმამ ელბაქიძის დაღმართთან მოედანზე.

“თითქმის ირაციონალურია რეაქციები საჯარო ხელოვნების შესახებ და ეს საკვლევი თემაც არის”, - გვეუბნება ხათუნა ხაბულიანი.

“თუ ზაარბრიუკენის მოედნის გაჩერებასთან დადგებით, “დროის ნაწნავის” ზურგს დაინახავთ. ამ ჩანაწნავებული ორნამენტის ფონად, მთის წვერზე, პანორამა თბილისის მშენებლობა მოჩანს. ეს ის მშენებლობაა, რომელსაც ბევრი ჩვენგანი (კულტურის სფეროს წარმომადგენლები) ვაპროტესტებდით და რომელიც ძალდატანებით დაგვადგეს თავზე და ჩაგვიდგეს ქალაქის მთავარ მოედანზე, იმ მუზეუმის გვერდით, რომლის ბედიც ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა. ვფიქრობ, ეს კადრი საუკეთესოდ ასახავს ჩემს სათქმელს.

საქმე იმაშია, რომ ამ მშენებლობის ნებართვის გაცემის ბრძანებასა და “საჯარო ხელოვნების ფონდის” შექმნის ბრძანებაზე ერთი და იგივე ხელმოწერაა. ეს ერთი ადამიანის ორი ხელია – ერთით ანგრევს და ანადგურებს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობასა და იერსახეს, მეორით – გვთავაზობს, ხელოვნება საჯაროდ ხელმისაწვდომი გავხადოთ. ეს ფაქტი, თავისთავად, ირონიულია და ბუნებრივია, რომ გაღიზიანებას იწვევს იმ ადამიანებში, ვინც ამ ზედაპირზე მოტივტივე სიმართლეს ხედავს”, - ეს არის ფრაგმენტი ხელოვნებათმცოდნისა და კურატორის, ანა გაბელაიას at.ge-ზე გამოქვეყნებული ვრცელი წერილიდან, სადაც გიორგი ხანიაშვილის ნამუშევარს და მასთან დაკავშირებულ განხილვებს ეხმაურება.

მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გახდა, არტისტების დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. მათ თავიანთი წყენა და ბრაზი ხელოვნების პროპაგანდის იარაღად გადაქცევის მცდელობისა და მინისტრის ხისტი პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართეს.

თბილისის მერია, რომელსაც წლიდან წლამდე მზარდი ბიუჯეტი და სახელოვნებო პროექტების დაფინანსების რესურსი აქვს, რჩება თითქმის ერთადერთ სახელმწიფო ორგანოდ, საიდანაც საბიუჯეტო თანხების მიღება შეიძლება. კულტურის სამინისტროსთან ბოიკოტში მყოფი არტისტების ნაწილი თვლის, რომ მერიასთან თანამშრომლობა და ბიუჯეტის ფულის გამოყენება მისაღებია, სხვები კი ამტკიცებენ, რომ მერია და კულტურის სამინისტრო ერთი სხეულის სხვადასხვა ნაწილები არიან და ორივესთან სიფრთხილე და დისტანციაა საჭირო.

“თანამედროვე ხელოვნება აუცილებლად გულისხმობს სამოქალაქო პოზიციას. თანამედროვე ხელოვნება ზოგადი და აბსტრაჰირებული ვერ იქნება, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მართლა აბსტრაქციებზე მუშაობს. მისი, როგორც ხელოვანის სამოქალაქო პოზიცია განმსაზღვრელია და ეს ფაქტორია”, - გვეუბნება ხათუნა ხაბულიანი.

“გულხელდაკრეფილები უნდა ვისხდეთ და ველოდოთ, ხელისუფლება როდის შეიცვლება? არ იქნება გიორგი და ვინ იქნება? რატომ არ უნდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა? მე ვერ შევალ ამ დისკუსიაში, რატომ ვითანამშრომლე ფონდთან - ყველამ გადაამოწმოს, ვინ საიდან რა თანხას იღებს”, - პასუხობს რადიო თავისუფლებას ირინა პოპიაშვილი კითხვაზე, რას ფიქრობს მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ფონდთან თანამშრომლობაზე. ის ამბობს, რომ ფონდთან თანამშრომლობას მისთვის ხელი არ შეუშლია მკაფიო სამოქალაქო პოზიცია დაეფიქსირებინა, მათ შორის, 2023 წლის მარტის აქციებისას, როდესაც “რუსული კანონის” მიღების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე იდგა.

“ყველანაირი პოლიტიკური გემოვნების და ორიენტაციის ადამიანები იღებენ მონაწილეობას ჩვენს კონკურსებში. მე მგონია, რომ მუნიციპალური ბიუჯეტი შედგება თანხებისგან, რომელიც არის ჩვენი ყველასი და სახელმწიფო კულტურის გარეშე არ არსებობს. სახელმწიფო ბიუჯეტი არის ჩვენი ყველას ფული და მგონია, რომ სახელმწიფო თანხების გარეშე რთულია ინსტიტუციური განვითარება მოხდეს”, - გვეუბნება ლიკა ჭკუასელი.

“ბოროტებაა ანტისახალხო ხელისუფლებები, მაგრამ ხელოვანისგან მათთან ჯიბრში ჩადგომა და გაჩერება დიდ დროში ხელოვანის დამარცხება, ქვეყნის კულტურისგან გაძარცვა და სულიერი გაღატაკებაა. მეც მიკვირს, მაგრამ მართლა არიან აპოლიტიკური ადამიანები, გიორგი ხანიაშვილი მის ხელოვნებაზეც კი არ ლაპარაკობს, არათუ პოლიტიკაზე და ასეთ ხელოვანებს რატომ სთხოვს გარემო, “აქ და ახლა” პრობლემებს გამოეხმაუროს არ მესმის, როცა საკუთარ ცალკე დროში და საკუთარ მეტაფიზიკურ სამყაროში ცხოვრობს?!“ - ეს არტისტ ანდრო დადიანის გამოხმაურებაა გიორგი ხანიაშვილის ნამუშევარსა და მასთან დაკავშირებულ განხილვებზე, რომელიც მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა. სოციალურ თემატიკაზე აქტიურად მომუშავე და სისტემისადმი კრიტიკულად განწყობილი ნამუშევრებით ცნობილი არტისტი თვლის, რომ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა შესაძლებელია, როცა ბიუროკრატები შინაარსში არ ერევიან და აქვს თავისუფლება თავისი ხელოვნებით თქვას ის, რასაც საჭიროდ მიიჩნევს.

როგორ შექმნა სისტემის პორტრეტი “ზოგიერთი ნაკლებად ცნობილი მხატვრის” პროტესტმა

“ჩვენ არ ვთანამშრომლობთ და არ ვითანამშრომლებთ სახელმწიფოსთან, სანამ ერთი ხელით ანგრევენ კულტურას და მეორე ხელით ხელოვნების ფონდებს აკეთებენ. მე მაინც მგონია, რომ კალაძე კარგად იყენებს ამ ფონდს საკუთარი პიარისთვის და ეს ჩემთვის მიუღებელია, თუმცა არავის არ ვუკითხავ მორალს, რომ ამ ფონდთან თანამშრომლობა არ შეიძლება”, - გვეუბნება ნატალია ვაწაძე, ჯგუფ „ბულიონის“ წევრი. ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება იმის შესახებ, საიდან მიიღებს არტისტი ფულს, მისი პიროვნული და შემოქმედებითი თავისუფლების ნაწილია.

Tbilis Public Art fund © 2023 all rights reserved.
Tbilisi Public Art Fund © 2023 ყველა უფლება დაცულია.