Marketer.ge: ქუჩაში გამოსული ხელოვნება — თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი

Marketer.ge: ქუჩაში გამოსული ხელოვნება — თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი

სულ რამდენიმე თვის წინ ქართულ სახელოვნებო სივრცეში ახალი სხივი გამოჩნდა — თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი, რომლის მიზანიც თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სფეროს განვითარებაა. ამისათვის კი საჯარო სივრცეებში შემოქმედებით ინტერაქციებს უწყობს ხელს, რაც თანამედროვე ხელოვნების ხელმისაწვდომობასაც ზრდის. რომ აღარაფერი ვთქვათ ქართველი არტისტებისთვის მიცემულ ახალ შესაძლებლობებზე, განახორციელონ მასშტაბური პროექტები და მეტად მჭიდრო კავშირი დაამყარონ საზოგადოებასთან.

„ჩვენი ყოველდღიურობა და ცხოვრება საერთო, საჯარო სივრცეში მიმდინარეობს. შესაბამისად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორია ეს საჯარო სივრცე — იქნება ეს მემორიალური, იდენტობის განმსაზღვრელი წერტილები თუ უბრალოდ გამართული, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა“, — აღნიშნავს ლიკა ჭკუასელი, თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის იდეის ავტორი და დირექტორი.


ლიკა ჭკუასელი

აღსანიშნავია, რომ ლიკა თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტი და კონსულტანტია. მას მაგისტრის ხარისხი ლონდონში, კულტურის პოლიტიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით აქვს მიღებული. ასევე, მუშაობდა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში. ხელმძღვანელობდა სტამბულის არტ-ბაზრობის საერთაშორისო გალარეებთან ურთიერთობების განყოფილებასაც. რამდენიმე წლის წინ კი არტ-კონსულტანტი გახდა — მისი მეშვეობით არაერთი მნიშვნელოვანი კერძო კოლექცია შეიქმნა. ახლა კი მთელი ეს გამოცდილება საკუთარი მასშტაბური იდეის განხორციელება/განვითარებისკენ მიმართა. მიაჩნია, რომ ხელოვნება ხალხისაა — ყველასია.

ფონდის მისიის, სპეციფიკისა და ფუნქციონირების შესახებ სწორედ ლიკა გვიყვება.

M: ლიკა, ტრადიციულად, საფუძვლებით უნდა დავიწყოთ — ვინ იყო ფონდის დაარსების ინიციატორი, ვის ეკუთვნის და რა რესურსით არსებობს?

პირველ რიგში, დიდი მადლობა მარკეტერს, რომ საჯარო ხელოვნების ფონდის საქმიანობით დაინტერესდა და მეც ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენთან მომეცა პირველი ვრცელი ტექსტური ინტერვიუს ჩაწერის საშუალება. მნიშვნელოვანია, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს ფონდის, მისი მიზნებისა და საქმიანობის შესახებ, რაც თავისთავად უკვე წარმოადგენს ფონდის არსებობის ამოცანას — ხელოვნება იქცეს ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად.

საჯარო ხელოვნების ფონდის დაარსების იდეა და მისი ფუნქციური სტრუქტურის აწყობის გეგმა მეკუთვნის მე. ფონდის დამფუძნებელი და დამფინანსებელი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაა. უდიდესი შრომა ჩაიდო იმისთვის, რომ საჯარო ხელოვნების ფონდის კონცეფცია მოცემულ რეალობაში განგვეხორციელებინა.




ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი, ქართული ორნამენტი მეტრო 300 არაგველი

M: მარტივად რომ ავხსნათ, რა არის თანამედროვე ხელოვნების ამ ახალი ინსტიტუციის მიზანი და მთავარი იდეა?

თუკი გვსურს, ხელოვნებამ ჩვენს ყოველდღიურობაში შემოაღწიოს, შეასრულოს მისი მთავარი დანიშნულება, რაც გულისხმობს კონცეპტუალურის, ესთეტიკური ველის გახსნას ადამიანისთვის, მაშინ საჯარო სივრცე აუცილებლად უნდა იყოს სავსე ამ მუხტით, შესაბამისი ნამუშევრებითა და მთლიანად სულისკვეთებით. ეს მთავარი იდეა შობს უკვე კონკრეტულ მიზანს, ხელოვნება მივიტანოთ მოქალაქეებამდე იმ საჯარო სივრცის საშუალებით, რომელიც ეკუთვნით მოქალაქეებს და იმ შემოქმედებს, რომელთაც ეს სივრცეები კონტექსტურად უნდა გარდაქმნან საკუთარი ხელოვნების საშუალებით. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად იყო საჭირო კონკრეტული ინსტრუმენტის გაჩენა, რაც თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის სახით მოგვევლინა.

M: საიდან წამოვიდა შთაგონება, რომ ეს ფონდი იმუშავებდა? თანამედროვე ხელოვნებისადმი გაზრდილი ინტერესი თუ პირიქით, მისადმი ცნობიერებისა და მოთხოვნის ნაკლებობა?

პასუხი ერთგვარად ტრივიალურია, რადგანაც პირველ რიგში მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქალაქების გამოცდილებას დავეყრდენით, სადაც ხელოვნება ორგანულადაა წარმოდგენილი სივრცეში — ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, თუკი გვსურს, რომ ქალაქში სრულფასოვანმა ცხოვრებამ შეიძინოს შინაარსი, შევიგრძნოთ სიცოცხლე, როგორც მშვენიერება თუ როგორც აზროვნების პროცესი, აუცილებელია იმ მაცოცხლებელი ნაკადისთვის გზის გახსნა, რასაც ხელოვნება ჰქვია.

ქალაქი არაა მხოლოდ შენობები, რომელთა დანიშნულებასაც საბინაო საკითხების უზრუნველყოფა წარმოადგენს; არც დაგებული გზები, ტროტუარები აფთიაქები და საკვები ობიექტები. ეს ყველაფერი აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი წინაპირობებია იმ ცხოვრების წესისთვის, რასაც შემეცნება, განათლება, კულტურა და თუნდაც პოლიტიკის კეთება ჰქვია.

ამიტომ, თავდაპირველ კითხვას რომ დავუბრუნდეთ, პასუხი იქნება ორივე — ხელოვნების მიმართ ინტერესიც გარკვეულწილად გაზრდილია. ქვეყნის განვითარების დინამიკამ მოამწიფა ამ პროცესის ინსტიტუციური ხელშეწყობის საჭიროება. მეორე მხრივ, ცნობიერებისა თუ მოთხოვნის ერთგვარი ნაკლებობა ის ხარვეზი და ნაკლოვანებაა, რაც აღმოფხვრას მოითხოვს.




ნატო ბაგრატიონი, ყვავილები ყველასთვის ხელმისაწვდომია, 2023, ა. გობრონიძის 1, გლდანი

უკანასკნელი ათეული წლების განმავლობაში გაჭირვებამ და სიღარიბემ დააკნინა სახელოვნებო პროცესის მასშტაბი, მისი გავლენა ჩვენს ცხოვრებასა და ყოველდღიურობაზე. ადამიანთა საგრძნობი ნაწილი მხოლოდ ვიწრო, საყოფაცხოვრებო საჭიროებების ტყვედ იქცა… თუმცა ამ პერიოდშიც არსებობდა მხატვრების ხელშემწყობი რამდენიმე გალერეა, რაც ისეთ დროს გმირობის ტოლფასი იყო.

ამასთანავე, ბოლო ათი წლის განმავლობაში თბილისში გაჩნდა არაერთი ძალიან საინტერესო თანამედროვე ხელოვნების კერძო გალერეა, დაფუძნდა თბილისის არტ-ბაზრობა, გაჩნდნენ კერძო კოლექციონერები, ტარდება ბიენალეები, ტრიენალეები, არტ-ფესტივალები. კერძო ინიციატივებმა და ინტერესმა სახელოვნებო სფეროში უზრუნველყო ქვეყნის მზარდი ინტერესი და ამასთანავე, კერძო არტისტებს საზღვარგარეთ გასვლის საშუალება გაუჩინა. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა დაძლეულია და ხელოვნება წარმოადგენს ერთგვარ ფუფუნებას, რომლის უფლებაც თავს მხოლოდ მდიდარმა საზოგადოებებმა უნდა მისცენ. პირიქით, ხელოვნების განვითარება, რომელიც კულტურისა და განათლების პირმშოა, კეთილდღეობისკენ მიმავალ გზაზე აუცილებელი წინაპირობაა.

M: რა გამოარჩევს თქვენს ინსტიტუციას სხვა სახელოვნებო სივრცეებისა და დაწესებულებებისგან? რითაა უნიკალური?

პირველ რიგში ის, რომ თანამედროვე ხელოვნების ფონდი არ ქმნის რაღაც განყენებულ, დახურულ, კონცეპტუალურ თუ სამუზეუმო სივრცეს, რასაც თავისთავად ხელოვნებისთვის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. სანაცვლოდ, ქალაქზეა ფოკუსირებული — იმ სახით, როგორადაც არსებობს, როგორიც ჩვენი რეალური გარემოა. ფონდის უნიკალურობაც სწორედ ესაა, რომ ხელოვნება ქალაქში მოგვაქვს, როგორც სახლში, შეჩვეულ, გასაგებ, ერთგვარად მოსაწყენ გარემოშიც კი…



საუნდ არტი, მეტრო რუსთაველი, ესკალატორი, 2023; მუსიკა: ნინო დავაძე, თორნიკე მარგველაშვილი, ნიკა ჯაფარიძე; დიზაინი: ნიკოლოზ ლეკვეიშვილი


ასე გაცილებით ფართო მასშტაბებს გადის ხელოვნება. გალერეა, მუზეუმი და საგამოფენო სივრცეები მეტწილად ადამიანთა მცირე რიცხვზეა მორგებული. თანაც ნამდვილი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ქვეყანაში არც გვაქვს. ხოლო ქალაქის სივრცეების საავტორო ნამუშევრებით გარდაქმნა წარმოადგენს იმ მთავარ შინაარსობრივ ელემენტს, რითაც ადამიანი საცხოვრებელ გარემოს აღიქვამს რაღაც მნიშვნელოვანი შინაარსის მატარებლად. სივრცის ფოკუსში ექცევა არა რაიმე სტერილური, შემთხვევითი მარკერი, როგორიცაა ხე ან გზაჯვარედინი, არამედ ჩანაფიქრი, გააზრებული, აქცენტირებული კულტურის ძეგლი, რომელიც დიალოგშია გარემოსთან. წარმოიდგინეთ ავლაბრის მოედანი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია….

M: კონკრეტულად რა მაგალითზე საუბრობთ?

ქალაქის ეს ისტორიული უბანი, იდენტობის არაერთი ისტორიული ძეგლით დახუნძლული, სრულიად გარდაიქმნა საბჭოთა პერიოდში. ამ უბნის ურბანულ ქსოვილში ყველაზე მძლავრ დომინანტად მეტროსსადგურის უკან არსებული გრძელი, მრავალსადარბაზოიანი საცხოვრებელი კორპუსი იქცა. საკუთრივ მეტროს სადგურის უნიკალური ნაგებობა აღნიშნული შენობის ფასადისა და ქვედა სართულის ფუნქციის ცვლილებამ დიდწილად დაჩრდილა, რამაც მოედნის ძველ საბჭოთა სივრცეს სავალალო აღქმა შესძინა, რომელსაც ყველაზე ზუსტად ჩვენში ერთი სიტყვა გამოხატავს — ოთხმოცდაათიანები.

უკვე ორიათასიანებში მეტროს შენობაზე ვერტიკალური გამწვანების ფასადის მიდგმამ და მოედნის ცენტრში შადრევნის ჩადგმამ ერთგვარი კოსმეტიკური რემონტის ფუნქცია შეასრულა, რაც დროთა განმავლობაში ასევე გაცვდა.



დათო ნათიძე, წინააღმდეგობა, 2023, ავლაბრის მოედანი

წელს კი მოედნის მასშტაბური რეკონსტრუქცია ამ სივრცეს მთლიანად ახალ ვიზუალს და განზომილებას სძენს. ეს დროულად შევნიშნეთ და თავიდანვე დავიწყეთ ფიქრი, თუ როგორ შეიძლებოდა აღნიშნული სივრცის ფონდის მიზნებისთვის გამოყენება. და სწორედ ამიტომ, როგორც კი მოედნის კეთილმოწყობა დასრულდა, სულ ცოტა ხნის წინ შევძელით და ძალიან სადა, გამორჩეული და ნიშანდობლივი ნამუშევარი დავდგით იქ. სხვათა შორის, ერთ დროს, საბჭოთა პერიოდში ამ მოედანზე ოთხი ფიგურისგან შემდგარი 26 კომისრის ძეგლი იდგა, რომელიც 1992-ში განადგურდა. განადგურდა ისევე, როგორც ის ქვეყანაც, სადაც ხელოვნება მთლიანად იდეოლოგიის სამსახურში იდგა.  ახლა კი, 30 წლის მერე, ქაოსისა და სიდუხჭირის შემდეგ, იგივე სივრცე კვლავ შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი და ცოცხალი ხელოვნების პლატფორმა.

M: რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ახალი ნამუშევარი ვიხილეთ — გიორგი ხანიაშვილის ქანდაკება „დროის ნაწნავები“. ინტერნეტ სივრცეში ნამდვილად უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა და საინტერესოა, რას უკავშირებთ ასეთ ინტერესს?

გიორგი ხანიაშვილის „დროის ნაწნავები“ მართლაც გამორჩეული და საეტაპო ქმნილებაა. მისთვის ერთგვარი დებიუტიც კია, ვინაიდან პირველად იმუშავა მონუმენტური ზომის ქვაში. რაც მთავარია, სკულპტურა უდიდესი ისტორიული კონტექსტის საჯარო სივრცეში დაიდგა, რასაც უკავშირდება სწორედ მის მიმართ ყურადღება, ინტერესი, ერთგვარი შფოთვაც, და შეიძლება ითქვას, სამოქალაქო აქტივობაც კი, რადგანაც მის მიმართ დამოკიდებულება ათასობით ადამიანმა გამოხატა.



გიორგი ხანიაშვილი, დროის ნაწნავები, 2024, ზაარბრიუკენის მოედანი

აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ „დროის ნაწნავებმა“ ყველაზე ზუსტად მიაღწია იმ მიზანს, რაც ფონდის კონცეპტუალურ მისიას წარმოადგენს — მოქალაქეები საჯარო სივრცის მეშვეობით დააკავშიროს და აზიაროს თანამედროვე ხელოვნებას. ამ მიზანთან შეფარდებით, ყველაფერი მეორეხარისხოვანია, ნებისმიერი კითხვა ლეგიტიმურია: ვის მოსწონს თუ არ მოსწონს, ვიზუალი, ადგილმდებარეობა, ზომა, მასალა და ასე შემდეგ. დისკუსიის პროცესი დაიწყო და დაიწყო სრულიად დემოკრატიულად, უმტკივნეულოდ. ფონდის საქმიანობა იმითაცაა უნიკალური, რომ იგი არ ერევა საჯარო სივრცეში, არ გარდაქმნის მას, ტვირთად არ იღებს ახალი შინაარსის შეტანის ფუნქციას, რაც აუცილებლად მოხდებოდა, თუკი უბრალოდ ძეგლების სამუდამო დადგმით შემოვიფარგლებოდით. ფონდის იდეაა, ქალაქში არსებული საჯარო ადგილები დროებით საგამოფენო სივრცეებად გამოვიყენოთ.

M: კიდევ როგორ უნდა გაუწიოთ პოპულარიზაცია თანამედროვე ხელოვნებას? სხვა რა გზებს მიმართავთ და რატომ ფიქრობთ, რომ ეს ყველაზე სწორი ან მასშტაბური იქნება?

ფონდის მთავარი უნიკალურობა მისი ხალხთან წვდომაა. სწორედ ესაა მასშტაბი, რასაც ფონდის საქმიანობა იძლევა. ის, რომ მსგავსი მიდგომა სწორი, საჭირო და აუცილებელია, სხვა ქვეყნების მაგალითებითაც მტკიცდება. მაგალითად, ნიუ-იორკში, ქალაქში, რომელსაც უძლიერესი სამუზეუმო ინსტიტუციები აქვს, ისევე როგორც ძალიან სახელოვანი და მასშტაბური კომერციული გალერეები, მაინც ჩათვალეს საჭიროდ, ქალაქში დაფუძნებულიყო საჯარო ხელოვნების ფონდი, რათა კიდე უფრო მეტი ადამიანის ყოველდღიურობაში შეეტანათ ხელოვნება.

რაც შეეხება პოპულარიზაციას, ჯერ მხოლოდ პროცესის დასაწყისში ვართ. ფონდი მომავალშიც დააფინანსებს არტისტებს; ხელს შეუწყობს ახალი იდეების განხორციელებას სხვადასხვა სივრცეში, მთელი ქალაქის მასშტაბით. ავითვისებთ მოედნებს, ფასადებს, ქუჩებს, ეზოებს და ლანდშაფტებსაც კი. რაც მთავარია, მთელი ეს პროცესი მიმდინარეობს შერჩევის, განხილვის, დარგის პროფესიონალებთან თანამშრომლობით, სადისკუსიო პლატფორმების მოწყობისა და გაშუქების ფონზე.  Საბოლოო ჯამში, ვიღებთ ხელოვნების მთავარ პროდუქტს — დიალოგს ავტორს, სივრცეს, დამთვალიერებელს, მაცხოვრებელს, მოქალაქეს და იდეას შორის. მთავარი მიზანიც სწორედ შინაარსია, ხელოვნების ძეგლები კი მხოლოდ საშუალებაა გაგების გზაზე.

 

უბრალოდ, იმისათვის, რომ საჯარო ხელოვნების მდგრადი ხელმისაწვდომობა და ნამუშევრების გარშემო ახალი კავშირების ჩამოყალიბება უზრუნველვყოთ, აუცილებელია შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წელს არაერთი მსგავსი პროგრამა შევიმუშავეთ, რომლებიც ეტაპობრივად ჩაეშვება.ეს მოსახლეობას ნამუშევრების კონტექსტებისა და საჯარო ხელოვნების როლის უკეთ გაცნობიერებაში დაეხმარება. ამისათვის კი საჭიროა ისეთი სერვისების შემუშავება, რომლებიც ხელოვნებას აუდიტორიასთან კომუნიკაციას გაუმარტივებს; მოსახლეობას კი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილ მრავალფეროვან აქტივობებს შესთავაზებს.


ამჟამად საჯარო ხელოვნების ფონდს, ლიკა ჭკუასელთან ერთად, წარმოადგენენ პროექტების მენეჯერი ელენე კაპანაძე და საგანმანათლებლო პროგრამის ხელძღვანელი ირინე ჯორჯაძე. ისინი ერთობლივად ზრუნავენ კონკურსების გამოცხადებაზე, საჯარო სივრცეების წინასწარ მოკვლევაზე, თითოეული კონკურსის ჟიურის დაკომპლექტებაზე, ხელოვნებათმცოდნეების მიერ სახელოვნებო ტექსტების შექმნის წახალისებაზე, შეხვედრებზე, სემინარებზე, სადისკუსიო პანელებზე, ვორქშოფებზე, საჯარო სასწავლებლებში სახელოვნებო აქტივობების მოწყობაზე; ყველა ასპექტზე, რაც უკავშირდება ნამუშევრების შექმნას, განთავსებას, მნახველის მოზიდვას, დიკუსიის შექმნას და პოპულარიზაციას.

ფოტო: გურამ კაპანაძე, გრიგორი სოკოლინსკი

Tbilis Public Art fund © 2023 all rights reserved.
Tbilisi Public Art Fund © 2023 ყველა უფლება დაცულია.