
1. „დრო და სივრცე თბილისის მულტიკულტურულ გარემოში“
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი არქიტექტურული ტური ქალაქის, როგორც მულტიკულტურული პოლიგონის კვლევას დაეთმობა. საფეხმავლო მარშრუტი ფოკუსირებული იქნება თბილისის იმ უნიკალურ გამოცდილებაზე, სადაც აღმოსავლური და დასავლური, აზიური და ევროპული სოციოკულტურული შრეები ერთმანეთს კვეთს.
ტურის განმავლობაში განხილული იქნება დროის ფაქტორი ქალაქის განაშენიანებაში - თუ როგორ თანაარსებობენ სხვადასხვა პერიოდის, სტილისა და ფუნქციის შენობები ერთიან ურბანულ ქსოვილში. მონაწილეები დააკვირდებიან, რამდენად გამოხატავს თბილისური ნაგებობების სტრუქტურა იმ ისტორიულ პროცესებს, რომლებმაც ჩამოაყალიბა ქალაქის დღევანდელი იმიჯი. ტურს გაუძღვება არქიტექტორი ნოდარ სუმბაძე.
2. „დეკორის აუთენტურობა თბილისის ურბანულ გარემოში“
არქიტექტურული ტური, რომელიც შენობების ვიზუალური დეტალებისა და მათი ავთენტურობის შესწავლას ეძღვნება, მონაწილეებს თბილისის განაშენიანების მხატვრულ მხარეს გააცნობს. ყურადღება გამახვილდება მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლების არქიტექტურულ და არტ-დეტალებზე, რომლებიც ქალაქის ხასიათს განსაზღვრავს.
მარშრუტი დაეთმობა ფასადების, ორნამენტებისა და სადარბაზოების მხატვრულ ანალიზს, აგრეთვე იმ სუბიექტების (არქიტექტორების, შემკვეთებისა და ხელოსნების) როლს, რომლებმაც შექმნეს თბილისური დეკორის სტილისტური მრავალფეროვნება. არქიტექტორ ნოდარ სუმბაძესთან ერთად, მონაწილეები შეეცდებიან ამოიცნონ ის კავშირები, რომლებიც შენობის ვიზუალურ მხარესა და მის სოციალურ ისტორიას შორის არსებობს.
ნოდარ სუმბაძე არქიტექტორი, ხელოვნების დოქტორი და მკვლევარია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. 1971 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას აკადემიაში. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ტექნიკური ესთეტიკის ინსტიტუტის დიზაინის სექტორს და მუშაობდა წამყვანი გამოცემებისა თუ ტელეარხების რეჟისორად და სამხატვრო რედაქტორად. ნოდარ სუმბაძის პროფესიული ინტერესის სფერო თბილისის ურბანული ისტორიის, არქიტექტურული დეკორისა და ქალაქის მულტიკულტურული მემკვიდრეობის კვლევას მოიცავს. ის არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და საგანმანათლებლო პროექტის ავტორი, რომლებიც ძველი თბილისის ვიზუალური კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.