
სტატია მოკლედ შეეხება მოდერნიზმისა და ავანგარდის ტენდენციებს ქართულ პოეზიაში მე-20 საუკუნის დასაწყისიდან უახლეს პერიოდამდე, სადაც კონსპექტურად განხილულია კავშირები, მსგავსებები და განსხვავებები იმ ტრადიციისა, რომლის სათავეშიც “ცისფერყანწელების“ სიმბოლიზმი, თბილისის ამქრების გამარტივებული სასიმღერო აშუღური პოეტიკა და ილია ზდანევიჩისა და ნიკოლოზ ჩაჩავას რადიკალური ფუტურისტული ექსპერიმენტები დგას, მეორე მხარეს კი, როგორც ამის შორეული გამოძახილი, 1970-იანი წლების ქართული ვერლიბრი და 1980-90-იანი წლების ნეოავანგარდისტული ან პოსტმოდერნისტული პოეზია მოიაზრება.
დავით ჩიხლაძე, 1990-იანი წლების ქართული პოეზია და მისი საწყისები (ჩამოიწერეთ ტექსტი აქ)
პოეტი, თეატრის რეჟისორი დავით ჩიხლაძე დაიბადა 1962 წელს თბილისში. ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში მისი ლექსები და კრიტიკული სტატიები 1981 წლიდან ქვეყნდება. გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: ‘8 ჰაიკუ’ (1992), ‘მოხეტიალე წვეთები’ (2001), ‘დეკემბრის ღამეები’ (2008), ‘Книга реальности’ (2004, რუსულ ენაზე), ასევე, რომანი ‘Feminine/Feminine’ (2007). მისი ლექსები შესულია მრავალ ანთოლოგიასა და კრებულში: ‘An American Avant Garde: Second Wave’, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (2002, აშშ), ჟურნალი ‘Salz’ (2004, ავსტრია), ‘Emergency Gazette’ (2000, აშშ), ‘Three Green Tea’ (2004, აშშ), ‘Sanzona Girls’ (2015, აშშ), ‘Dagbladet’ (ნორვეგია), ‘Stroker, Missivves’ (საფრანგეთი), ‘Beorama’ (იუგოსლავია), ‘Dekorativnoe Isskustvo’; Gumanitarni Fond (რუსეთი) და სხვ.
1989 წელს დააარსა თბილისის პირველი დამოუკიდებელი ‘ალტერნატიული ხელოვნების გალერეა’, რომლის ვრცელი მიმოხილვაც დაიბეჭდა ამერიკაში იმავე წელს (კიმ ლევინი, Connoisseur, 1989). 1994 წლიდან ხელმძღვანელობს მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრს თბილისში. 2000-2001 წლებში თეატრალური ნამუშევრები წარმოადგინა ნიუ-იორკის ლეგენდარულ თეატრ ‘Collective: Unconscious’-ში. 2002 წლიდან 2004 წლამდე თანამშრომლობდა ნიუ-იორკის თეატრთან 'Repetti Chocolate Factory'-სთან, ინსტიტუციის ფორმირების საწყის ეტაპზე. მის ვიდეო გაფორმებას სპექტაკლებისთვის ‘Audit, Drowning Man’ და ‘Fundamental’ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ნიუ-იორკის თეატრალურ პრესაში. 2006 წელს ნიუ-იორკის სიტი უნივერსიტეტში (CUNY) პოეზიის ელექტრონული წერის საკუთარი ‘ლექსიკონის მეთოდი’ წარმოადგინა. 2006-2007 წლებში გაიარა სტაჟირება რიჩარდ ფორმანთან ნიუ-იორკის ონტოლოგიურ-ისტერიული თეატრის სპექტაკლში ‘გაიღვიძე მისტერ მძინარა! შენი არაცნობიერი გონება მკვდარია!’. 2025 წლის ივნისში, 1990-იანი წლების 4 შერჩეული სპექტაკლი 13 რეკონსტრუქციით ხელახლა დაიდგა შვეიცარიაში ამერიკელ მხატვარ სერ სერპასსთან თანამშრომლობით ‘არტ ბაზელის’ კვირეულის ფარგლებში Kunsthalle Basel-ში გამართული მისი გამოფენის დროს.