
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მოხარულია წარმოგიდგინოთ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ნანა გაფრინდაშვილის ლექცია „კარლო კაჭარავა: ნეოლოგიზმი, როგორც აზროვნების ფორმა“. მოხსენება ეძღვნება კარლო კაჭარავას პოეტური ენის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თავისებურებას — საავტორო ნეოლოგიზმებს, რომლებიც ჯერ არ გამხდარა სპეციალური სამეცნიერო კვლევის ობიექტი.
ლექცია აჩვენებს, რომ კაჭარავასთან ნეოლოგიზმი აზროვნების, განცდისა და სამყაროს ხედვის ფორმად იქცევა; იგი ჩნდება იქ, სადაც მზა ენობრივი ფორმები უკვე ვეღარ იტევს ავტორის შინაგან გამოცდილებას, ეპოქის ტრავმასა და სულიერ-ინტელექტუალურ დაძაბულობას.
ლექციის ძირითადი ნაწილი ეძღვნება კაჭარავას ნეოლოგიზმების ტიპოლოგიურ და სემანტიკურ ანალიზს. განხილულია როგორც კომპოზიტური ნეოლოგიზმები, ისე ისეთი ლექსიკური ერთეულები, რომლებიც ტრადიციულ სიტყვათწარმოების მოდელებს სცდება; ასევე წარმოდგენილია სემანტიკური ნეოლოგიზაციის შემთხვევები.
საგანგებო ყურადღება ეთმობა იმას, რომ კარლო კაჭარავას საავტორო ნეოლოგიზმებში აისახება როგორც ავტორის ინდივიდუალური იდიოლექტი, ისე გვიანი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ეპოქის კულტურულ-ისტორიული გამოცდილება.
ლექციის მიზანია წარმოაჩინოს, რომ კარლო კაჭარავას ნეოლოგიზმები მისი პოეტური სამყაროს ერთ-ერთი საკვანძო ელემენტია: ისინი აფართოებს სიტყვის მნიშვნელობის ველს, ქმნის ახალ სემანტიკურ სივრცეს და მკითხველს ინტერპრეტაციის აქტიურ პროცესში რთავს.
ამდენად, კაჭარავას პოეტურ ენაში ნეოლოგიზმი მხოლოდ ახალი სიტყვა კი არ არის, არამედ აზრის ფორმირების, განცდის გამოხატვისა და სამყაროს გააზრების განსაკუთრებული მოდელი — პოეტური აზროვნების ერთ-ერთი ძირითადი ფორმა.
დასწრება თავისუფალია
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი დაიბადა 1958 წელს.1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიენიჭა 1985 წელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი — 1993 წელს, ხოლო პროფესორის წოდება — 2000 წელს.
1995–1997 წლებში არჩეული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების კათედრის დოცენტად, 1997–2006 წლებში კი — ამავე კათედრის პროფესორად. 2007–2015 წლებში ნანა გაფრინდაშვილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი. 2012 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი. 2016–2024 წლებში იყო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. 2013–2014 წლებში იყო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი. 2010–2015 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.
ნანა გაფრინდაშვილის სამეცნიერო ინტერესების სფეროა შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა, რიტორიკა, თარგმანმცოდნეობა და თანამედროვე ქართული ლიტერატურის ისტორია, მათ შორის — კარლო კაჭარავას პოეტური მემკვიდრეობის კვლევა. არის დაახლოებით 100 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.