ლექცია: ილია ჩხეიძე View larger
ლექცია: ილია ჩხეიძე

ლექცია: ილია ჩხეიძე, სახელმწიფო, კაპიტალი და კულტურა: ისტორიული ტრანსფორმაციები

= დეტალები =

თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მოხარულია მოგიწვიოთ ილია ჩხეიძის საჯარო ლექციაზე "სახელმწიფო, კაპიტალი და კულტურა: ისტორიული ტრანსფორმაციები“. დასწრება თავისუფალია.

ლექციაზე განხილული იქნება ძალაუფლების, ეკონომიკისა და კულტურის კომპლექსური ურთიერთქმედება ისტორიული პერსპექტივიდან. მისი თეორიული ჩარჩო ეფუძნება კაპიტალის კონცეფციას, რომელიც ეკონომიკურ, კულტურულ, სოციალურ და სიმბოლურ რესურსებს აღიქვამს, როგორც სოციალური სტრუქტურების და იერარქიების რეპროდუქციის მექანიზმებს. ისტორიული მაგალითები - მედიჩების მფარველობა რენესანსის ეპოქაში, მეიჯის ეპოქის მოდერნიზაცია, თუ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპული რეკონსტრუქცია - ნათლად აჩვენებს, როგორ იყენებდნენ სახელმწიფოები და ეკონომიკური ელიტები კულტურას პოლიტიკური ლეგიტიმაციის, ეკონომიკური უპირატესობისა და იდეოლოგიური ჰეგემონიის გასამყარებლად. 

თანამედროვე კონტექსტში, ლექცია კრიტიკულად განიხილავს გლობალიზაციის მიერ გამოწვეულ კულტურული მრავალფეროვნების ჰომოგენიზაციას, ხელოვნების კომოდიფიკაციას და ბაზრის სპეკულაციურ ლოგიკას, რაც აჩენს ფუნდამენტურ კითხვებს კულტურის ავტონომიის, მხატვრული თავისუფლებისა და ღირებულებითი სისტემების ტრანსფორმაციის შესახებ.

ილია ჩხეიძე, საჯარო პოლიტიკის მაგისტრი (ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ვენა), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორია. მისი აკადემიური ინტერესი საჯარო პოლიტიკასა და ეკონომიკურ განვითარებაზე თავისუფალი ვაჭრობისა და მიგრაციის გავლენაზეა ფოკუსირებული. ილია აქტიურადაა ჩართული სწავლებასა და კვლევაში, ასევე, მონაწილეობს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ლექციის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო - პოლიტიკის მეცნიერებების მეორე კურსის სტუდენტმა, გვანცა ჭანტურიამ.