
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მოხარულია წარმოგიდგინოთ მირიამ გრიგალაშვილის საპროექტო განაცხადი „ნათელა გრიგალაშვილი – უხილავი საქართველო”.
ნათელა გრიგალაშვილი თანამედროვე ქართულ ფოტოგრაფიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. იგი ქმნის ვიზუალურ სამყაროს, სადაც დრო თითქოს გაჩერებულია, ხოლო ყოველდღიური ყოფა ჯადოსნურ, სიზმრისეულ, პარალელურ სამყაროდ გვევლინება. თვითნასწავლი ფოტოგრაფის ობიექტივის ფოკუსში, ძირითადად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონები ექცევა. ხელოვანი განსაკუთრებული მგრძნობელობითა და სიფაქიზით ასახავს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას, ტრადიციებსა და წესებს. ამასთანავე, უნებლიედ, გარდამტეხი სოციალურ-კულტურულ ცვლილებების მემატიანე ხდება.
მის ფოტოებში იგრძნობა დოკუმენტური სიზუსტე და პოეტური ინტუიცია — გრიგალაშვილი არასოდეს ცდილობს რეალობის ესთეტიზაციას, მაგრამ მის მიერ დაფიქსირებული მომენტები მაინც ატარებენ განსაკუთრებულ სილამაზესა და ზღაპრულობას. მისი კამერა არ იჭერს მხოლოდ მოვლენებს, ისინი თითქოს ადამიანების შინაგან სამყაროს და გარემოსთან მათ მჭიდრო კავშირს აღბეჭდავს.
ხელოვანი ღრმად არის დაინტერესებული იმ ტრადიციებისა და ყოფის აღბეჭდვით, რომლებიც სწრაფად იცვლება და უკვალოდ ქრება; ამ მიზნით, იგი დაუღალავად მოგზაურობს მთიან რეგიონებში, ხშირად ბრუნდება ერთსა და იმავე ადგილას. განსაკუთრებული სიამოვნებით ზემო აჭარასა და სამცხე ჯავახეთში მუშაობს. ცნობისმოყვარეობით უღრმავდება სხვადასხვა ხალხის წეს-ჩვეულებებს. ადგილობრივებთან იმდენად მჭიდრო ურთიერთობას ამყარებს, ისინი სრულად ენდობიან გრიგალაშვილის ფოტოობიექტივს. ყველა ფოტოს საკუთარი ისტორია აქვს და ყველა ფოტოსთან განსაკუთრებული კავშირი აქვს ხელოვანს; ალბათ ზუსტად მზრუნველობითა და სიყვარულით სავსე ეს მზერაა ის, რასაც ნათელა გრიგალაშვილის შემოქმედებითი ხელწერა ქვია.
„შერჩეული ფოტოები საქართველოს რეგიონებშია გადაღებული, სოფლებში, მთებში, გზებზე, ეზოებსა და სახლების ინტერიერში. ისინი არ წარმოადგენენ მხოლოდ ვიზუალურ დოკუმენტაციას, არამედ იკვლევენ ადამიანებისა და გარემოს ურთიერთობას, ტრადიციების გაგრძელებასა და ცვლილებებს, წარსულისა და აწმყოს თანაარსებობას. ეს არის საქართველოს ყოველდღიური სილამაზე, რომელიც ტურისტულ ბუკლეტში შესაძლოა ვერ მოხვდეს, მაგრამ ქვეყნის ნამდვილ სახეს ქმნის“, – ნათელა გრიგალაშვილი.
განსაკუთრებით საინტერესო კონტრასტი იქმნება, როდესაც ნათელა გრიგალაშვილის ფოტო ნამუშევრები თბილისის ქუჩებში, კომერციული რეკლამისთვის განკუთვნილ ბილბორდებს იკავებს. ურბანულ ქაოსსა და ხმაურში ხელოვანის მიერ დაჭერილი თვალუწვდენელი ჰორიზონტები თითქოს ის პაუზაა, რომელიც ასე გვჭრდება მთავარსა და მნიშვნელოვანზე დასაფიქრებლად. თბილისის ქუჩებში გაფანტული სხვადასხვა პერიოდსა თუ რეგიონში გადაღებული ფოტოები, ხელოვანის შემოქმედების ერთგვარ რეტროსპექტივას წარმოგვიდგენს. ნამუშევრები, რომლებიც თითქოს ერთმანეთთან კავშირში არაა და სრულიად განსხვავებულ ისტორიებსა და პერსონაჟებს ეძღვნება, მაინც ერთ ამბად იკინძება.
„ერთი მხრივ, ის ნიშნავს აშკარად დანახულს, იმას, რასაც თვალით აღვიქვამთ. მეორე მხრივ კი ის უკავშირდება უხილავს – იმ სილამაზეს, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ფოტოგრაფია აქ გარდამქმნელ როლს ასრულებს, უხილავს – ხილულად, ფიქრისა და გააზრების საგნად აქცევს“, – ნათელა გრიგალაშვილი.

ნათელა გრიგალაშვილი (დ. 1965, საქართველო) — თვითნასწავლი დოკუმენტური ფოტოგრაფია. მისი ობიექტივის ფოკუსში, ძირითადად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონები ექცევა. ხელოვანი განსაკუთრებული მგრძნობელობითა და სიფაქიზით ასახავს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას, ტრადიციებსა და წესებს. ამასთანავე, უნებლიედ, გარდამტეხი სოციალურ-კულტურულ ცვლილებების მემატიანე გამოდის.
ნათელა გრიგალაშვილის შემოქმედება იფინება როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. დაჯილდოებულია ალექსანდრე როინიშვილის პრემიით, 2023 წელს კი „Leica Oskar Barnack Award“-ის ფინალისტთა სიაში მოხვდა. მისი ფოტოები გამოქვეყნებულია ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა: The New York Times, National Geographic, Der Spiegel, Stern, და სხვ.