>ირინა ქურთიშვილი: ხომალდის სირენა ქალაქში, თუ ხომალდი სირენების ქალაქში
View larger
ირინა ქურთიშვილი: ხომალდის სირენა ქალაქში, თუ ხომალდი სირენების ქალაქში
= დეტალები =
ხომალდის სირენა ქალაქში, თუ ხომალდი სირენების ქალაქში
„თუ გსმენია სირენა ხომალდის ქალაქში, სადაც არ არის ზღვა?“ ვარკეთილში, ზურა ჯიშკარიანის მიერ ერთ-ერთი კორპუსის თავზე წარმოდგენილი ინსტალაციის ფრაზამ უნებურად ფელინის „ამარკორდის” (1973) არარსებული, ხელოვნური ზღვა მომაგონა, რომელიც გენიალურმა რეჟისორმა ჩინეჩიტას სტუდიაში გადაიღო. ფილმში მოქმედება პატარა საპორტო ქალაქში ვითარდება. აქ არის ერთი სცენა, როცა მოსახლეობა იგებს, რომ სანაპიროსკენ უზარმაზარი სამგზავრო ლაინერი მოემართება. ქალაქი თითქოს სიზმრიდან იღვიძებს; ხალხი მიისწრაფის ზღვისკენ, რათა დაინახონ გემი. ზღვაში გადიან ნავებით, რომ ხომალდს დახვდნენ, ისმის სირენები… მოულოდნელად, ნისლიდან გამოდის გემის მასიური, განათებული სილუეტი… ისინი გულშემატკივრობენ და უხმობენ გემს, რომელიც დიდებულად მიცურავს და ისევ ნისლში უჩინარდება… ხომალდის ჩავლის შემდეგ, პატარა ქალაქი კვლავ უბრუნდება ჩვეულებრივ ყოფას. რეჟისორი, მის მიერ ინსცენირებულ მიკროსამყაროში ქმნის მოლოდინის საოცარ ატმოსფეროს. გემი ფიქსირდება როგორც თავად ქალაქი, როგორც ირეალური სხეული, დრო, ან ეპოქა, რომელიც გადის და ქრება. ეს არის მდუმარე, მშვიდი, რაღაც მისტიური ლტოლვის გრძნობით განმსჭვალული მოლოდინი.
თუმცა ფილმი „ამარკორდი” გარკვეულ პოლიტიკურ კონტექსტს მოიცავს და იტალიური ფაშიზმის ფელინისეული ანალიზია. იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი საავტორო ფილმი, რომელიც მწარედ დასცინის 1930-იან წლებში იტალიაში არსებულ ვითარებას. ფილმში ჩანს, თუ რა გავლენას ახდენდა მუსოლინის რეჟიმი მოქალაქეებზე. ასახულია განცდები, რაც თან სდევს ადამიანთა გონების თანდათანობით შეცვლას. მაყურებელს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ამ მოცემულობიდან გამომინარე, საზოგადოება არა უშუალოდ ჩაგრული, არამედ ინფანტილიზებულია.
ზურა ჯიშკარიანის ფრაზა, პოეტური, სურეალისტური, ამასთან მრავალშრიანი წინადადებაა – ცხადია, თბილისი არ არის საზღვაო ქალაქი, და შესაბამისად აქ ვერავინ გაიგებს ხომალდის სირენების ხმას. ფრაზა სლოგანურ ხასიათს ცდება და ორმაგი მნიშვნელობით იკითხება. ამ წინადადებას არარსებული ზღვის ბრიზი მოაქვს ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან და თუ მის შინაარსზე სიღრმისეულად დავფიქრებთ, ალბათ შევიგრძნობთ ფელინისეულ ინდოლენტური (1) მოლოდინის ატმოსფეროს.
მაინც რას ნიშნავს სირენა ჩვენს კულტურულ ცნობიერებაში?
პირველ რიგში, სირენა ხმოვანი სიგნალია. საყოველთაო გამაფრთხილებელი სისტემა, რომელიც ირთვება და წინ უძღვის მოსალოდნელ საფრთხეს. ალბათ, ბევრს ახსოვს საბჭოთა დროს განგაშის სატესტო სირენა ჯერ კიდევ სკოლაში. ამ დროს ყველა შენობას ტოვებდა და გარეთ გარბოდა. სირენის უპირატესობაა, რომ ის ძალიან ხმამაღალია, ისმის ფართო ტერიტორიაზე და მყისიერ ყურადღებას იპყრობს. სირენის ხმას შეუძლია გააღვიძოს ადამიანები ღამით და გააფრთხილოს ისინი მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ – წყალდიდობის, ქარიშხალის, ხანძრის, აფეთქების დროს. თუმცა, ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქებისას, 1986 წელს არ ყოფილა სირენების განგაში და შესაბამისად, მომხდარი კატასტროფის შესახებ დროულად არ გასულა ინფორმაცია.
სიტყვა სირენა წყალთან, ზღვასთან, ოკეანესთან ასოცირდება. სიტყვის ეტიმოლოგიას ძველ ბერძნულ მითოლოგიაში გადავყევართ. ენციკლოპედია Britannica-ში ამოიკითხავთ, რომ სირენა , მითოლოგიური არსებაა, ნახევრად ჩიტი – ნახევრად ქალი, ქმნილება, რომელიც მეზღვაურებს თავისი სიმღერით ხიბლავდა, სახიფათო ადგილებში იტყუებდა და ღუპავდა. საინტერესოა, რომ ხელოვნებაში სირენები (ქართ. სირინოზები) (2) თავდაპირველად გამოჩნდნენ როგორც ჩიტები ქალების თავებით, მოგვიანებით კი მათ ვიზუალურ სახედ იქცნენ ქალები, რომლებსაც ფრთები და ფრინველის ფეხები ებათ. ამგვარი ჰიპნოზური სიმღერის მოტივები გვხვდება მრავალ კონტექსტში და ლიტერატურულ ჟანრში.
ჰომეროსის (3) მიხედვით, სირინოზები იტალიის დასავლეთ სანაპიროზე, ნეაპოლის ყურეში ბინადრობდნენ. ექსპერტების უმრავლესობა ყველაზე სავარაუდო ადგილად მიიჩნევს პოზიტანოსთან მდებარე პატარა არქიპელაგს ლი გალის (li Galli) (4). ჰომეროსის „ოდისეაში”, (წიგნი XII) აღწერილია, თუ როგორ სასწაულებრივ გადაურჩა გმირი ოდისევსი (5) მაცდურ სირინოზებს, როცა მან ეკიპაჟის წევრებს ყურები ცვილით გამოუტენა, რათა მომაკვდინებელი ხმა არ გაეგოთ. თავად, ხომალდის მართვა რომ შესძლებოდა, ანძაზე დაება, რადგან სიმღერის მოსმენა სურდა. ოდისევსის სირინოზების სცენა, ძველი წელთაღრიცხვის 480–470 წლების ერთ-ერთ ბერძნულ ამფორაზეა გამოსახული და ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციაში ინახება.
აქვე გაგახსენებთ: აპოლონიუს როდოსელი (6), „არგონავტიკაში”, (წიგნი IV), მოგვითხრობს, რომ როცა არგონავტები ამ ადგილებში მიცურავდნენ, ორფეოსი (7) ღვთაებრივად მღეროდა, რომ ნიჩბოსნებს სირინოზების ხმა არ გაეგოთ და გონება არ არეოდათ. ეკიპაჟის მხოლოდ ერთი წევრი გადაეშვა შუა ზღვაში თუმცა, ისიც ქალღმერთმა კიპრიდამ (8) გადაარჩინა დახრჩობას. ოვიდიუსი (9) თავის „მეტამორფოზებში”, (წიგნი V) წერს, რომ სირინოზები იყვნენ პერსეფონეს (10) თანამგზავრები. მას შემდეგ, რაც სირინოზები ჰადესმა (11) განდევნა, ისინი ზღვაზე გადასაფრენად ეძებდნენ ფრთებს და ღმერთების დახმარებით ეს შესძლეს კიდეც.
სიტყვას სირენა, შემდგომში უკვე მე-12 საუკუნეში ვხვდებით: თანამედროვე ფრანგული sirène რაც ლათინური siren-იდან არის წარმოებული და თავისთავად ბერძნული Σειρήν, seirēn-იდან მომდინარეობს. ადრეული შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ეტაპობრივად ხდება სირენების იკონოგრაფიული და ლიტერატურული ტრანსფორმაცია, ისინი უკვე ქალთევზა ნიმფებად გვევლინებიან, რაც ქრისტიანულ იდეებთან უფრო ადექვატურია. მე-16 საუკუნიდან სიტყვა შესაბამისობაშია მაცდუნებელ, ლამაზ ქალის ხატებასთან (Femme fatale). „ვინც ტკბილად მღერის, ხიბლავს და აცდუნებს“ – ეს ფიგურალური გამოთქმა 1580 წლიდან დასტურდება. მაგ. გერმანულ ხელოვნებასა და ლიტერატურაში, მისი შესატყვისია ლორელაი (12), ოქროსთმიანი ქალი, რომელიც გადმოცემით, მდინარე რეინზე მეზღვაურებს საბედისწეროდ ევლინებოდა. ჰაინრიხ ჰაინემ (13) 1824 წელს ეს თემა გამოიყენა თავის ცნობილ ლექსში, რომლის აკრძალვა ნაციონალ-სოციალისტებმა ვერ შეძლეს ლექსის პოპულარობის გამო, თუმცა უარყვეს ებრაული წარმომავლობის პოეტის ავტორობა და ნაწარმოებს „უცნობი ავტორი“ მიაწერეს.
სიტყვა სირენა 1820 წლიდან უკვე სხვადასხვა აკუსტიკური მოწყობილობების აღსანიშნავად გამოიყენებოდა. თავდაპირველად ის შეესატყვისებოდა წყალქვეშა, საზომ და სასიგნალო ხელსაწყოებს (მაგ. ნისლის საყვირი). შემდგომში, სიტყვა ძირითადად მექანიკურ მოწყობილობებს უკავშირდება, რომლებიც განგაშის ხმას წარმოქმნიდნენ. 1879 წლიდან სირენა უპირველეს ყოვლისა მოიაზრება ორთქლის ხომალდებთან მიმართებაში, შესაძლოა, სწორედ სიტყვის ფრანგული ტონალობის გამო. მოგვიანებით იგი იხმარება ხმოვან-გამაფრთხილებელი მოწყობილობების კონტექსტში, რომლებიც გამოიყენებოდა საჰაერო თავდასხმების ასაცილებლად, ასევე ფაბრიკა-ქარხნებში, პოლიციის, სახანრო და სასწრაფო დახმარების მანქანებზე. საბოლოოდ, მე-20 საუკუნიდან სიტყვა სირენა გამაფრთხილებელი ტექნიკის ერთიან სახელწოდებად ჩამოყალიბდა.
რატომ სახლის სახურავი?
ნაგებობათა ფასადებზე და სახურავებზე განთავსებულ ტექსტურ ან გრაფიკულ იმიჯებს აქვთ უნიკალური ვიზუალური ეფექტი: მათ შეუძლიათ გარკვეული ინფორმაციის შორ მანძილზე გადატანა. გავიხსენოთ თუნდაც ბერლინის რაიხსტაგის ისტორიული წარწერა „Dem Deutschen Volke“ (გერმანელ ხალხს) (14) რომელის მონტაჟი პირველი მსოფლიო ომის დასრულებისთანავე მოხდა. არნახული დანაკარგის გამო, მაშინ დღის წესრიგში იდგა, რომ საზოგადოებას მონარქიისადმი ნდობა აღედგინა. კაიზერ ვილჰელმ II-ისთვის მისაღები ფრაზა 1916 წლის მიწურულს ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ასოების სახით შენობის დასავლეთ პორტალზე დამონტაჟდა და დღესაც აქტუალურია.
სარეკლამო აბრებს მრავალი წლის ისტორია აქვთ. როგორც წესი, ისინი გვხვდება კომერციულ ან საცხოვრებელ შენობათა სახურავებზე. სახურავს უნდა შეეძლოს დამატებითი ტვირთის ატანა. გამოსარჩევია ბერლინში, ლაიფციგის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე წარმოდგენილი „კოკა კოლას“ უზარმაზარი რეკლამა, რომელიც რამდენიმე ტონას იწონის და შორიდანვე იპყრობს ყურადღებას. აქვე აღსანიშნავია ბუქარესტში (რუმინეთი), რომის მოედანზე არსებულ საცხოვრებელი სახლის თავზე განთავსებული იგივე „კოკა კოლას“ სარეკლამო კონსტრუქცია. აბრების ვიზუალი ხშირად მოდერნიზაციას ექვემდებარება. მაგ. ესენში (გერმანია) ერთ-ერთ ცნობილ სავაჭრო სახლის აბრის შინაარსის ცვლილებას დიდი კრიტიკა მოჰყვა. ამჟამად ქალაქი ეძებს ახალ სლოგანს და ღიაა სწორედ მოქალაქეთა იდეებისთვის!
მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სახლის სახურავები საკმაოდ ხშირად გამოიყენება საპროტესტო ლოზუნგების წარმოსაჩენად. ამის კარგი მაგალითია 2017 წლის მარტში, ჰამბურგის უბან შანცენში, მემარცხენეთა კულტურული ცენტრის Rote Flora-ს სახურავზე განთავსებული სლოგანი „NO G20“, რომელიც G20 სამიტის ჩატარების საწინააღმდეგოდ შეიქმნა. ეს ვიზუალური აქტივობა დაცული იყო გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებებით – საბოლოოდ, ასამბლეის მიერ ეს უფლებები მაინც შეიზღუდა. ასევე აღსანიშნავია, სულ ცოტა ხნის წინ, (2024) ავსტრალიაში, აქტივისტების მიერ ერთ-ერთი ნაგებობის სახურავიდან გადმოკიდებული ქსოვილის უზარმაზარი შავ-თეთრი ბანერი წარწერით „პალესტინა თავისუფალი იქნება“.
თუმცა ისევ სირენას და გაფრთხილებას დავუბრუნდეთ. დასავლეთის ქვეყნების, კერძოდ გერმანიის 30-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტს აქვს განგაშის გამაფრთხილებელი ქსელი. მათ შორისაა: დრეზდენი, ჰამბურგი, კარლსრუე, ბონი, მაინცი, კიოლნი. სირენების ტექნიკა ძირითადად მონტაჟდება საზოგადოებრივი შენობების, სკოლების და საავადმყოფოების სახურავებზე. მაგ. ჰამბურგში სირენები ქარიშხლის დროს ამოქმედდება ხოლმე, სხვაგან ხანძრის დროს, ბავარიაში ისინი გათვლილია ბირთვულ რეაქტორის ავარიაზე. ქალაქების მიხედვით სხვადასხვა გამაფრთხილებელი ტონის გამოყენება ხდება, თუმცა, მთელი გერმანიის მასშტაბით ძირითადად ორი ხმოვანი ტონი მოქმედებს.
ვარკეთილი, აქ მუდმივად ქრის ქარი
1970 წლის გენერალური გეგმის მიხედვით, თბილისი დაახლოებით 1,2 მილიონ მოსახლემდე უნდა გაზრდილიყო, რაც საცხოვრებელი ფართის მნიშვნელოვან გაზრდას ითხოვდა. მიზნის მისაღწევად დაჩქარდა დედაქალაქის ისეთი სატელიტური რაიონების მშენებლობა, როგორიცაა მუხიანი, თემქა, დიდი დიღომი და ვარკეთილი. თავის მხრივ, ამ პროცესმა გამოიწვია ქალაქის ტერიტორიის უკონტროლო ზრდა, რასაც საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება არ მოჰყოლია.
ვარკეთილი მდებარეობს ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, სამგორის ვაკეზე, თბილისის წყალსაცავის სამხრეთ ნაპირთან, ზღვის დონიდან 600 მეტრზე. თუ დასახლებას თვითმფრინავიდან გადმოხედავთ, დაინახავთ საკმაოდ დახვეწილ ურბანულ სივრცეს ფართო ქუჩებით, პარკებით, მოედნებით, უზარმაზარი საცხოვრებელი კორპუსებით და დიდი სარეკრეაციო ზონებით. როგორც ზოგიერთი აღნიშნავს, ვარკეთილი საქართველოში საუკეთესო ჰუმანური მიკრორაიონია. წყალსაცავთან სიახლოვის გამო კლიმატი თითქმის სუბტროპიკულია, აქ მუდმივად ქრის ქარი და ტერიტორია მუდმივად ნიავდება.
ზურა ჯიშკარიანის ინსტალაცია ჯერ არ არის დამონტაჟებული, თუმცა საოცარი შემართებით მივემართები ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში, ნამუშევრისათვის შერჩეული ადგილის სანახავად. თავიდანვე რაღაც პოზიტიური განწყობა მეუფლება, როცა ესკალატორს ქვედა (სარემონტო) სადგურიდან მიწის ზედაპირზე ამოვყევარ. შუადღეა... ყურადღებას იპყრობს მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხის ხალისიანი ფუსფუსი. ვარკეთილი საკმაოდ გვიან აშენდა – 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანების დასაწყისში. ჩემს თვალსაწიერში ექცევა განაშენიანების გონივრული, რელიეფის შესატყვისი გეგმარება, რაც თავიდანვე სამომავლო განვითარების შესაძლებლობაზე გაითვალა. იგრძნობა, გამოცდილი არქიტექტორის ხელი, რომელსაც საგულდაგულოდ დაუმუშავებია სატრანსპორტო სქემა: აქ მწვანე გაზონების ზოლი საავტომობილო გზას შუაში მიჰყვება. პოზიტიურ შთაბეჭდილებას ტოვებს აქა-იქ დატოვებული პატარა სკვერები ახლადდარგული ხეებით, ბუჩქებით და ყვავილნარით, მითუმეტეს, რომ თბილისის ცენტრალურ უბნებთან შედარებით, აქ მართლაც საუკეთესო ჰაერია...
ზურა ჯიშკარიანი ნამუშევარს მისთვის კარგად ნაცნობ გარემოში წარმოადგენს. ხელოვანი ერთ დროს ვარკეთილში ცხოვრობდა და მუშაობდა, მას აქ დღესაც იცნობენ. თუმცა, ზურამ, როგორც ბევრმა სხვა მრავალმა, ბავშვობიდან მოყოლებული, სოხუმიდან დევნილობის რთული და ხანგრძლივი გზა გაიარა. დღეს იგი მწერალი, პოეტი და გეიმ დიზაინერია. ქმნის პროექტებს თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით; ავტორია პირველი ქართული ჩეტბოტის; დაფუძნებული ქონდა სტარტაპი, სადაც მუშაობდნენ ხელოვნურ ინტელექტზე და გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი, რომლებიც ექსპერიმენტული პროზის ნიმუშებია. ჩემს ყურადღებას იპყრობს ინსტალაციისთვის შერჩეული ცხრასართულიანი სახლი, რომელსაც 1990-იანი წლების კვალი შეუნარჩუნებია; მისი სიდიდე და ფორმა, რაც გემის შთაბეჭდილებას ტოვებს. მზერა მიჰყვება წინ წამოწეულ შუა ფასადს, რომლის თავზეც ინსტალაცია I Have Seen a City (მე ვნახე ქალაქი) უნდა დამონტაჟდეს. საუცხოო ამინდია თბილისში და ლურჯი ცის ფონზე მეტალის ფრიზი ჯერ კიდევ არ ჩანს.
ლიფტი მუშაობს, ნუ ახვალთ ფეხით! – მომაძახეს სადარბაზოში შესულს, როცა პირველი სართული გერმანიაში ჩვეული ტემპით ავირბინე. ცხელი ქარი შენობის შიგნითაც იგრძნობა… შესამჩნევია სუფთა, დალაგებული სამეზობლო სივრცე, შიგდაშიგ ახლადმორეცხილი კიბის უჯრედებით. ზოგ კართან ქოთნის მცენარეები დგას და ზოგან პატარა ოაზისებიც მოუწყვიათ!. მე-6, მე-7, და უკვე მე-9 სართულზე ვარ, სადაც ჯერ კიდევ კონსტრუქციის შედუღება მიმდინარეობს. აქ უკვე ბიჭები მეხმარებიან სახურავზე გადასვლაში. …სირენა ქალაქში… სადაც არ არის ზღვა… მეტალის მასიურ ფურცლებზე ამოჭრილი ტექსტის ფრაგმენტები სახურავს ფარავს. ხელოსნები ისვენებენ: ზოგი მათგანი ხმაურიან მუსიკას უსმენს, ზოგიც ოცნებობს. რაღაცის მოლოდინი. შუადღის ხვატში ჩრდილი ეშვება და შორიდან გამავალი გემების ხმები მესმის…
1. ინდოლენტური, მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან indolentia, რაც ნიშნავს უგრძნობლობას ტკივილის მიმართ. ასევე უმტკივნეულობას, მაგრამ ასევე გულგრილობას ტკივილის მიმართ როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური გაგებით.
2. სირენა, მისი ქართული შესატყვისია სირინოზი.
3. ჰომეროსი, ძვ. წ. IX საუკუნის ლეგენდარული ბერძენი პოეტი, რომელსაც მიაკუთვნებენ ეპიკური ციკლების, ილიადასა და ოდისეის შექმნას.
4. Li Galli-ს სირინოზების სავარაუდო ადგილად მიიჩნევენ გერმანელი მკვლევარები: Karl- Heinz Frommolt, Martin Carle, Humboldt Universität. Der Gesang der Syrenen. Homers Dichtung und akustische Realität. 2005. სხვა ვერსიებში სახელდება კუნძული ანთემოესაც. https://pub.dega-akustik.de/DAGA_1999-2008/data/articles/002027.pdf
5. ოდისევსი, ჰომეროსის პოემის მთავარი პერსონაჟი, ტროას ომის ერთ-ერთი გმირი. 6. აპოლონიუს როდოსელი, ალექსანდრიელი სწავლული, პოეტი, რომელმაც „არგონავტიკის“ რამდენიმე ვერსია შექმნა და ამ ნაწარმოებით ლიტერატურის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. 7. ორფეოსი, მომღერალი და მუსიკოსი თრაკიიდან, მონაწილეობდა არგონავტების მოგზაურობაში. მას შემდეგ, რაც მას მეუღლე ევრიდიკე (ტყის ნიმფა) გარდაეცვალა, გამოამჟღავნა მუსიკოსისა და მომღერლის გასაოცარი ნიჭი.
8. კიპრიდა, აფროდიტეს საკულტო სახელია. მისი რომაული ეკვივალენტია ქალღმერთი ვენერა. ჰესიოდეს თანახმად, აფროდიტე იშვა ზღვის ქაფიდან კუნძულ კვიპროსთან. აქედან მომდინარეობს მისი სახელიც.
9. ოვიდიუსი, ძვ. წ. 43 წელს დაიბადა. რომაელი პოეტი, წერდა სიყვარულზე. მითების გარდასახვაზე შექმნა ვრცელი ნაშრომი „მეტამორფოზები“ 15 წიგნად, რაც მის უმთავრეს ნაშრომად ითვლება. 10. პერსეფონე პროზასა და ხელოვნებაში ნაყოფიერების ქალღმერთია. ზევსის ასული, ჰომეროსის მიხედვით, ჰადესის ცოლი, აჩრდილთა მრისხანე დედოფალი, ასევე შუქისა და სიკეთის მაუწყებელი.
11. ჰადესი, ზევსის და პოსეიდონის ძმა, რომელსაც ძალაუფლების გაყოფისას ქვესკნელი ერგო. ჰომეროსის მიხედვით, პერსეფონეს ქმარი, ქვესკნელის სამეფოს მცველი და მიცვალებულთა სამეფოს განმგებელი. 12. ლორელაი, მდინარე რეინის აღმოსავლეთ ნაპირზე, ყველაზე ვიწრო ადგილას მდებარე 120 მ. სიმაღლის კლდე. ამ მონაკვეთში ძლიერი წყალქვეშა დინებებია, რაც გემების სვლას აფერხებდა. ეს კლდე და ამავე სახელწოდების ქალთევზა ბევრი ლეგენდის შთაგონების წყაროა.
13. ჰაინრიხ ჰაინე, (1797-1856) გერმანელი რომანტიკოსი პოეტი. „Die Lore-Ley“ მისი ყველაზე ცნობილი ლექსია ქალზე, რომლის სილამაზით და ხმით გონებააბნეული ნაოსნები სასიკვდილოდ ეჯახებოდნენ მდინარის კლდეებს. 14. რეიხსტაგის პორტალზე წარწერისთვის არაერთი კონტრ-იდეა არსებობდა; მაგ. რაიხსტაგის სამშენებლო კომისიამ წამოაყენა ფრაზა „Dem Deutschen Reiche“ (გერმანიის იმპერიას), თავად ვილჰელმ II იხრებოდა ფრაზისკენ „Der Deutschen Einigkeit“ (გერმანიის ერთობას).
გამოყენებული სტატიები:
Christa Agnes Tuczay Universität Wien file:///C:/Users/Irina%20Kurtishvili/Downloads/8134-Artikeltext-22683-1-10-20230727.pdf