„გეოლოგიური თვალსაზრისით ტფილისის ტერიტორია წარმოადგენს ზღვის ფსკერს, რომელიც ჩამოყალიბდა კაინოზოური ხანის პირველ პერიოდში. ანუ მესამეულ ეპოქაში. (მის ქვემოთ ცარცული სისტემის ნალექებია.) აქ ადრე თევზები და მოლუსკები ბინადრობდნენ. ერთმანეთს ერწყმოდა მილიარდობით ბიოქიმიური პროცესი, სწორედ ისეთი, ახლაც რომ მსჭვალავს ამ ქალაქში მოსახლეთა ცოცხალ უჯრედებს. აქ ახლაც თევზები და მოლუსკები ბინადრობენ, და სიყვარულის სენით დასჯილი სულები. ზღვა არის ტფილი და ღვინომუქი...“ (ზურაბ ქარუმიძე, ღვინომუქი ზღვა, 2000 წელი).
„ადამიანი სამნაირი არსებობს: ცოცხალი, მკვდარი და ის, ვინც ზღვაში გადის.“ – ამ სიტყვებს ხან არისტოტელეს მიაწერენ, ხან პლატონს და ხან ანაქარსისს. ზურა ჯიშკარიანი დიდი ხანია გავიდა ზღვაში. სოხუმის თვითგამოცხადებულ მერს ზურგის ქარის ფუფუნება არასდროს ჰქონია.
აფხაზეთის ომის შემდეგ 300 000 ადამიანი, ვისთვისაც ზღვა შეჩვეული პეიზაჟი და არა მხოლოდ გეოგრაფიული ობიექტი, არამედ იდენტობის ნაწილიც იყო, მოულოდნელად მოხვდა ქალაქში, სადაც ზღვა მხოლოდ შორეული საზღვარი და საზაფხულო არდადეგების გასატარებელი ადგილია. დევნილებს ეგონათ, რომ დროებით გაჩერდებოდნენ მიტოვებულ სანატორიუმებში, სასტუმროებში თუ საბავშვო ბაღებში, მაგრამ დრო გადიოდა და ზღვა არსად ჩანდა. დღემდე ხშირად შეხვდებით უზღვო ჰორიზონტისკენ მიპყრობილ მათ მოლოდინით სავსე მზერას.
შეიძლება ეს მონატრებაც იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ზურა ჯიშკარიანმა ზღვის ტოპოსში ბოლომდე შეტოპა. ის მღეროდა ზღვაზე, წერდა ზღვაზე, აკეთებდა ინსტალაციებს. მახსენდება მისი 2017 წლის ნამუშევარი – „ვინ დააწყნარებს ზღვების ხმაურს?“ – დიდი გემი „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონში. გემს ერქვა „დილა“ და იდგა სიბნელესა და მდუმარებაში. შავ ზღვაში ჩადგმული სენსორები სხვადასხვა ძალის ტალღებით ეხეთქებოდნენ მას. ზღვა ხმაურობდა და თითქოს გემიდან ცოტა ხნის აბორდაჟზე გადასულიყვნენ.
საჯარო ხელოვნების ფონდის კონკურსის გავლის შემდეგ ზურა ჯიშკარიანის ბოლო ნამუშევარმა, რომლის კურატორიც ვატო ურუშაძე იყო, ვარკეთილის მეორე კვარტალში, 18 კორპუსის სახურავზე დაიდო ბინა. „თუ გსმენია სირენა ხომალდის ქალაქში, სადაც არ არის ზღვა?“ – ეს ფრაზა უკვე რამდენიმე კვირაა ბრწყინავს მზის ამოსვლისას და ჩასვლისას, აირეკლავს ღრუბლებს და თვითმფრინავებს (არქიტექტურული დიზაინი ლადო ლომიტაშვილისაა). მე რომ ვნახე, ზუსტად იმ მომენტში გადაუფრინეს V ფორმის წყობით გადამფრენმა ფრინველებმა და უცბად მივხვდი, რომ არასოდეს დავფიქრებულვარ, რატომ დაფრინავენ ასე მწყობრად ჩიტები. აღმოჩნდა, რომ წინა ფრინველის ფრთების ქნევისას ჰაერის ნაკადი უკან მიმავალს უადვილებს ფრენას. ამიტომ, გრძელ დისტანციაზე მწკრივის შუაში და ბოლოში შედარებით სუსტები მიფრინავენ, რომ გზას გაუძლონ. ასე დაწყობილი ფრინველები უკეთ ამჩნევენ ერთმანეთის სიგნალებს, მათ შორის, ალბათ, გემის სირენებიც ესმით, იმ ქალაქებშიც, სადაც ზღვა მხოლოდ ბუნდოვანი მოგონებაა.
ვარკეთილის მეორე კვარტალში, კორპუსის წინ, ავტობუსის გაჩერებაზე რამდენიმე ადამიანი ვიდექით: შავოსანი ბებია, თეთრ პერანგში გამოწყობილი ბიჭი, ხელზე დელფინის სვირინგიანი გოგო, დაქანცული დიასახლისი, პოლიციელი, მაწანწალა ძაღლი და მე. შევცქეროდით შეკითხვას კორპუსის თავზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს მოემართებოდა.
„გემის სირენა? თბილისში?“
რას შეიძლება ნიშნავდეს ეს დამაბნეველი სიტყვები? სადაც ზღვა არ არის, იქ გემს რა უნდა? შეიძლება გემის სირენა მხოლოდ ექო, ბგერითი ჰალუცინაცია ან უბრალოდ მეტაფორაა? კითხვა ანკესივით ხვდებოდა ჩვენს გონებაში, სხვა კითხვების დასაჭერად. მისი მნიშვნელობა ბადესავით იშლებოდა და ასოციაციებით ივსებოდა.
საერთოდ, რას შეიძლება მიგვანიშნებდეს სირენის ხმა? გემმა შემოცურა თუ დატოვა პორტი? ჩვენ გავყევით თუ სანაპიროზე დავრჩით? ამ შეკითხვებზე ავტობუსის გაჩერებაზე მომლოდინეებს ყველას ჩვენ-ჩვენი პასუხები გვექნებოდა. ხელოვნებაში ხომ, ალგებრისაგან განსხვავებით, არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხები.
თუ ალგებრის ამოცანაში A და B ქალაქებიდან ერთმანეთის შესახვედრად გამოდის ორი მანქანა, რომლებიც მოძრაობის დაწყებიდან 7 სთ-ის შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს და ჩვენ თუ ვიცით მანქანების სიჩქარე, A და B ქალაქებს შორის მანძილსაც მარტივად გამოვთვლით; მაგრამ რა მოხდება, თუ ამ ამოცანას ლიტერატურაში, ხელოვნებაში გადავიტანთ? საქალაქთაშორისო მანძილის დადგენა მწერლისთვის, არტისტისთვის მეასეხარისხოვანი საკითხი გახდება. სამაგიეროდ დაგვაინტერესებს: ვინ მართავს მანქანებს, რატომ და სად ხვდებიან, როგორი ამინდია, რატომ ჩქარობს ერთი მძღოლი და რატომ მიღოღავს მეორე, რა რჩება უკან ან რა ატირებს A მანქანის მძღოლს, გამთენიისას ტოვებენ ქალაქს თუ მზის ჩასვლისას; იქნებ B ქალაქელი გაურბის ქალაქს და სადაც არ უნდა წავიდეს, თან სდევს ქალაქი? იქნებ მძღოლები დევნილები არიან? იქნებ A ქალაქიც და B ქალაქიც დაიბომბა? იქნებ აბალახდა და გაოხრდა უკან დასაბრუნებელი ყველა გზა? იქნებ ზღვამ დაფარა ეს ქალაქები? შეკითხვების და პასუხების მნიშვნელობები დამოკიდებული იქნება მკითხველის პერსპექტივაზე, მის ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და კულტურულ კონტექსტზე, ისევე, როგორც ქალაქი.
„ჩვენ მოგვწყინდა ამ ქალაქში, რადგან ის დიდი ხანია აღარ არის მზის სასახლე.“ – ასე დაიწყო ფსიქოგეოგრაფია XX საუკუნის საფრანგეთში, ლეტრისტებისა და სიტუაციონისტების ცხელ თავებში, სამყაროს შეცვლის აუცილებლობის განცდით და რწმენით. განსხვავებით გეოგრაფიისგან (ბერძნულად მიწის აღწერა), ფსიქოგეოგრაფიას დაერთო ფსიქეც (ბერძ. სული). ადამიანის ფსიქიკასა და გარემოს ურთიერთქმედება, ის, თუ როგორ მოქმედებს ურბანული გარემო ჩვენს გრძნობებზე, აზროვნებასა და ქცევაზე, მეტ-ნაკლებად შესწავლილი იყო. ფსიქოგეოგრაფებმა იმის კვლევა დაიწყეს, თუ როგორ შეუძლია ჩვენს წარმოსახვას გარემოს შეცვლა. წარმოსახვა ხომ, ბრეტონის აზრით, არის ის, რაც შემდეგ რეალობად უნდა იქცეს.
ფსიქოგეოგრაფებს სჯერათ, რომ რამდენი ადამიანიც არის, იმდენი რუკა უნდა არსებობდეს. რუკა უნდა იცვლებოდეს წელიწადის დროების თუ ამინდის მიხედვით, დღე-ღამის განმავლობაში და დღესასწაულებზე. სჯერათ, რომ ქალაქი სავსეა დინებებით, როგორც უხსოვარ დროს, როცა წყლით იყო დაფარული და, რომ ჩვენს გადაადგილებას ამ ქალაქში სწორედ დინებები განსაზღვრავს. ისინი გამუდმებით ცვლიან ქალაქს, ისევე, როგორც: ამინდი, დემონსტრაცია, პანდემია, განათება, ქუჩის ცხოველები, კონფლიქტები, მუსიკოსები… ქალაქს ცვლის საბჭოთა კორპუსზე აღმართული ერთი დამაბნეველი ფრაზაც, რომელიც არ არის მხოლოდ ლიტერატურული ციტატა, არამედ რეალობის ღია „ჭრილობაა“, რომელიც მუდმივად იცვლება და განახლდება დღის სხვადასხვა მონაკვეთში, სინათლისა და ამინდის მიხედვით, იქ, სადაც ხმები, სურათები და შთაბეჭდილებები ერთმანეთში ირევა. ეს არის ენის ძალის დემონსტრირება გარემოში, სადაც ენას მხოლოდ სარეკლამო თუ პოლიტიკური მიზნებით იყენებენ.
ეს ნამუშევარიც არ არის მხოლოდ ესთეტიკური ობიექტი. ის ეჭვქვეშ აყენებს არსებულ წესრიგს; გვთავაზობს ახალი თვალით შევხედოთ ქალაქს და ამ მარტივი შეკითხვით დავიწყოთ; დავხუჭოთ თვალები და მოვუსმინოთ, იქნებ ასობით ბგერაში გემის სირენაც ამოვიცნოთ და გამოვარჩიოთ?! სირენა ხომ უბრალოდ ხმა კი არა, ჩვენი შიშების, სურვილების, იმედების, მარტოობის, განშორებისა და დაბრუნების სიმბოლოც არის.
იქნებ გაგვახსენდეს, რომ ეს ხმა მართლაც გვსმენია ურბანულ ჯუნგლებში, გამთენიისას.
იქნებ ეს ხმა იყოს ჩვენი ბილეთი გემზე, რომელიც თბილისის პორტიდან გავა ან მთაწმინდაზე დაბრუნდება ანძის ნაცვლად აღმართული შუქურას დახმარებით.