გია ხადური: საჯარო სივრცის მუსიკალური პერსპექტივები View larger
გია ხადური: საჯარო სივრცის მუსიკალური პერსპექტივები

გია ხადური: საჯარო სივრცის მუსიკალური პერსპექტივები

= დეტალები =



დევიდ ბირნი თავის წიგნში “როგორ მუშაობს მუსიკა” ავითარებს აზრს, რომ მუსიკალურ რეზულტატებს აფორმებს ის სივრცე, რომელშიც ეს მუსიკა ჟღერდება. სწორედ, სივრცე და მისი ატმოსფერო კარნახებს ხშირად განწყობას, იდეოლოგიას, მიმართულებას და საუნდსაც კი. საილუსტრაციოდ, მას მოჰყავს პანკ მუსიკის მაგალითი, რომლის მკვებავი იმპულსი გახდა 70-ის მეორე ნახევრის ნიუ იორკის ბოჰემური ჯურღმული, ისტ ვილიჯი, და მის ეპიცენტრში არსებული კლუბი, cbgb, რომელშიც სუფევდა ზუსტად ისეთი განწყობა, კონტროვერსული ანტურაჟი და ხმაური, პანკად რომ მონათლეს ჟურნალისტებმა. პანკი, რომელიც დღემდე სიცოცხლისუნარიანი ჟანრია, სინამდვილეში, საუნდტრეკი იყო გარკვეული ტერიტორიის, სივრცის, სადაც განსაკუთრებული ატმოსფერო და ქაოსი სუფევდა. ამერიკელი აკადემიური მინიმალიზმის კორიფე კომპოზიტორი, სტივ რაიხი, საერთოდ თვლიდა, რომ კლასიკური მუსიკის განვითარებას განაპირობებდა ის სივრცეები, რომლებში გასაჟღერებლადაც განკუთვნილი იყო სიმფონიები თუ ოპერები, ანუ ე.წ. ოპერის და ბალეტის თეატრების შენობა დარბაზები, ჯერ კიდევ მიკროფონების გარეშე და შესაბამისად, სპეციფიკური აკუსტიკის რესურსების მქონე.



და მართლაც, გადავხედავთ მუსიკის ისტორიას, კომპოზიტორთა თუ მუსიკოსთა ინდივიდუალურ დამსახურებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ხდებოდა ის ფუნქციონალური გარემო - სივრცეები რომლისთვისაც გათვლილი იყო ესა თუ ის მუსიკა, ამასთან, ცხადია, ტექნოლოგიური ნოვაციები. ის, რომ ერთი და იგივე მუსიკა სხვადასხვანაირად ჟღერს სხვადასხვა სივრცეში, ალბათ ყველა დაკვირვებულ მსმენელს შემჩნეული აქვს. უფრო თუ დავაზუსტებთ, ესა თუ ის განსხვავებული ტერიტორია, თუნდაც ერთი და იგივე მუსიკის სრულიად განსხვავებულ ჟღერადობას და ფორმას ითხოვს. მოკლედ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი მუსიკა გარკვეულწილად საუნდტრეკია იმ გარემოსი, იმ რეალობის, სადაც ის იქმნება, ვითარდება და ჟღერდება თავდაპირველად. ეს ყველაფერი ხშირად ინტუიციურად, ანგარიშმიუცემლად იკვეთებოდა ადრე, მაგრამ ნათელი იყო, რომ აკუსტიკური ეკვივალენტის გამიზნულად შექმნა ამა თუ იმ სივრცისთვის თუ გარემოსთვის დროის და ტექნოლოგიური განვითარების ამბავი იყო მხოლოდ. აი, ასე გაჩნდა საუნდ სკულპტურა-ნაგებობები, საუნდ ინსტალაციები. ეს უკვე მიზანმიმართული აკუსტიკური რეალობაა შექმნილი სივრცის შესავსებად, სივრცის აკომპანემენტად, რომლის ზემოქმედების ეფექტი ისეთი მკაფიო და აშკარა არ არის, როგორც ყურისთვის გამიზნული კონკრეტული პროდუქტი, მაგრამ “მომხმარებლის” ცნობიერებაზე, ინტელექტზე, ესთეტიკურ წრთობაზე თუ განწყობა-ხასიათზე ზემოქმედება უდავოდ შეუძლია. საინტერესო მომენტია, ასეთი აუდიო-აკუსტიკური რეზულტატი შეიძლება არ განიხილებოდეს ფუნქციონალურ მუსიკად, მაგრამ, მეორეს მხრივ, მისი დინებაც ადამიანის ყურებისკენაა მიმართული; უბრალოდ, ის განზოგადებულად კი არ მუშაობს (ეს არცაა მისი პირდაპირი დანიშნულება), არამედ კონკრეტულ ლოკაციაზე - საგამოფენო სივრცე იქნება გარკვეული კატეგორიის მნახველ-მსმენელისთვის, თუ ადამიანთა იმ ნაკადისთვის, რომლებიც თავის ყოფით დინამიკაში არიან ჩაბმულნი დროის ამა თუ იმ მონაკვეთში. მინდა აღვნიშნო, რომ იმ არტისტების წინაშე, რომლებიც ქმნიან ნამუშევარს ამა თუ იმ საჯარო რუტინული სივრცისთვის, კრეატიული გამოწვევის თამასა საკმაოდ მაღალია, რადგანაც ის ვერ ირჩევს მიზნობრივ აუდიტორიას, აუდიტორიასაც ვერ აძლევს არჩევანს და თავს ახვევს მას თავის ქმნილებას. ასეთ დროს, ცხადია, გარანტია, რომ ეს აუდიო-აკუსტიკური ჟღერადი მასა იმოქმედებს ისე ეფექტურად და პოზიტიურად, როგორც ჩაფიქრებული აქვს ავტორს, არ არსებობს. წარმატებული შედეგიც ვერანაირად იქნება უნიფიცირებული, ყველა ერთნაირად ვერ აღიქვამს, ცხადია, ასეთი ხასიათის მუსიკას. ასეთი მუსიკა შეიძლება დამოუკიდებლად მოუსმენადიც კი იყოს, მაგრამ გამიზნულ სივრცეს მოერგოს პირდაპირ თუ ირიბად, ორგანულად შეერიოს იმ ხმაურს, დინამიკას, რუტინას და განწყობას, რომელიც კონკრეტულ სივრცეს გააჩნია და რომელშიც ყოფნა უწევს ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფს დროის გარკვეულ მონაკვეთში. კიდევ ერთი გამოწვევა - ნაწარმოები ვერ იქნება ისე აჟღერებული, რომ ყველას ერთი და იგივე მონაკვეთი ესმოდეს, ვერ იქნება სტატიკა, როდესაც შეიძლება დადგე და თავიდან ბოლომდე მოუსმინო ნამუშევარს, ეს ხომ არ არის აუდიო ინსტალაციის გამოფენა, ეს ქუჩის ყოფით რუტინაში შეჭრილი არტ ინექციაა, რომლის ყველა ფრაგმენტი უნდა დააჯდეს იმ სივრცეს, სადაც გაისმის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე შექმნა ისეთი მუსიკა, რომელიც იდეალურად ფუნქციონალური იქნება, შეუძლებელია, აი, რამდენად მოსახერხებელი, მორგებული თუ ადეკვატური ლოკაციაზე, ეს უკვე ინტუიციის პრეროგატივა ხდება ხშირად. შემქმნელისთვისაც, შემფასებლისთვისაც და უნებლიე მომხმარებლისთვისაც, ესეც, ცხადია, წინასწარი გარანტიების გარეშე.



აი, სწორედ ასეთი რთული გამოწვევების წინაშე იდგნენ ქართველი მუსიკოს-არტისტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს “თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის” მიერ გამოცხადებულ კონკურსში. კონკურსის მიზანი იყო, გამოევლინა საუკეთესო აუდიო-მუსიკალური ინსტალაცია, რომელიც 6 თვის მანძილზე გაჟღერდებოდა თბილისის რუსთაველის მეტრო სადგურის შიდა სივრცეში. ეს კონკურსი იყო ნაწილი დიდი პროექტისა, რომელიც წამოიწყო “თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდმა” და რომლის მიზანია ხელოვნების გადატანა არტ სივრცეებიდან საჯარო სივრცეებში. ზემოთ უკვე ნახსენებ იმ სირთულეებს, რომლებსაც ზოგადად აწყდებიან მუსიკოს-არტისტები საჯარო სივრცეში “გასვლისას” , ემატებოდა კიდევ ერთი სპეციფიკური გამოწვევა - ის ნამუშევრები, რომლებიც წარადგინეს საკონკურსოდ, რამდენად მოერგებოდა კონკრეტულად მეტრო რუსთაველის სადგურის შიდა სივრცეს. თბილისში დიდი რაოდენობის მეტრო სადგურია და ყველა მათგანს აქვს თავისი სპეციფიკური მახასიათებლები, დინამიკა, განწყობა, ფუნქცია. ერთობლიობაში ეს ყველაფერი ირეკლება მგზავრებზე, რომლებიც ისედაც განსხვავებულად აღიქვამენ სხვადასხვა მეტროლოკაციებს, შესაბამისად, ყველა სადგური თავის საუნდტრეკს ითხოვს, აკუსტიკური აკომპანემენტი თუ ატმოსფერო ორგანულად რომ მოერგოს კონკრეტულ მეტროშენობაში არსებულ გარემოს. იმასაც კი აქვს მნიშვნელობა, ამა თუ იმ სადგურზე დღის რომელ მონაკვეთში და როდის ეჩეხები ამ აკუსტიკურ რეალობას, დილით თუ საღამოთი, წვეულებაზე მიდიხარ თუ სამსახურში, თუ ბრუნდები. ავტორი არტისტისთვის, გარდა ჟიურისთვის, რთულია ამ ყველაფრის გათვალისწინება, რადგანაც შეფასების კრიტერიუმი, რომელიც მეტ ნაკლებად სწორი არჩევანის გარანტია იქნება, თითქმის მოუხელთებელია. ამ კონკრეტული კონკურსის ჟიურის ყველა წევრს, ცხადია, ჰქონდა საკუთარი არგუმენტები, თუმცა აღმოჩნდა ისეთი კონკურსანტიც, რომელიც თითქმის ყველას ფავორიტი გახდა, მაგრამ კონკრეტიკაზე ცოტა მოგვიანებით, ჯერ ისაა აღსანიშნავი, რომ კონკურსანტების უმეტესობამ მეტ-ნაკლებად გაითვალისწინა კონკრეტული ადგილმდებარეობის სპეციფიკა, ის სტატუსიც რომელიც გააჩნია ამ რუსთაველის მეტროსადგურს, მის შიდა სივრცე მონაკვეთს, გვირაბს, რომელშიც მოძრაობენ ესკალატორები. გაითვალისწინა ისიც, რომ მგზავრი, მომხმარებელი, პოტენციური მსმენელი ერთდროულად სტატიკურ მდგომარეობაშიც იმყოფება (დგას ესკალატორზე) და მოძრავშიც (ესკალატორის მოძრაობა, ჩასვლა-ამოსვლა) გაითვალისწინეს ის მომენტიც (ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე ეცადა), რომ მგზავრის გადაადგილება და ის საუნდ მასა, რომელსაც ეხება ეს მგზავრი, ერთნაირ დინამიკში მოძრაობდეს და ისიც კი, რომ მუსიკასთან შეხება, რეალურად, იქნება შესაძლებელი მხოლოდ 3 წუთი, გამომდინარე იქიდან, რომ მიახლოებით ეს დრო უნდა ბაქანზე ჩასვლას ესკალატორით და პირიქით. აქ საინტერესოა ერთი მომენტი, საკონკურსო ტრეკების შეფასება რომ მომხდარიყო, როგორც ობიექტურად საუკეთესო მუსიკალური ნამუშევარი, რეზულტატები სხვანაირი იქნებოდა, მაგრამ საქმეც სწორედ იმაშია, რომ შეფასების კრიტერიუმებს უკარნახებდა რუსთაველის მეტრო სივრცე და მასში მოძრავი ჭრელი ხალხის მასის სავარაუდო აღქმა, რისი განსაზღვრაც უფრო წარმოსახვების საქმეა და არა ლოგიკის. გათვალისწინება მასის რეაქციის და ამოცნობა მათი მიმღებლობის, ცხადია, იდეალური ვერანაირად იქნება, ამიტომაც ჰქონდა ამ პროექტს ექსპერიმენტის ხასიათი, რომელსაც მხოლოდ 6 თვე უნდა გაეტანა და რომელიც გვაჩვენებდა - რამდენად დაემთხვეოდა საბოლოო არჩევანი იმ ხალხის მიმღებლობას, რომელიც სისტემატურად, ფრაგმენტულად, ანდაც მხოლოდ ერთხელ, თუ გადააწყდებოდა შერჩეულ მუსიკას რუსთაველის მეტროს სადგურის ესკალატორებზე. პრაქტიკულად, ამის მონიტორინგიც განუხორციელებელი ამოცანაა, ზოგადი დამოკიდებულება-რეაქციის განსაზღვრა მეტ ნაკლებად შესაძლებელი. ჟიურიმ არ იცოდა კონკურსანტების ვინაობა, ისინი ირჩევდნენ რეზულტატის ადეკვატურობას და არა არტისტს, აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე გახდა საჭირო 3 გამარჯვებულის არჩევა, რათა აკუსტიკური სპექტრი უფრო ფართო ყოფილიყო.



1. “თორნიკეს” ნამუშევარი, ფორმით და შინაარსით, კარგად არის მორგებული იმ კონკრეტულ ფუნქციურ არეალს, რომლისთვისაც არის გამიზნული; ერთდროულადა სახეზეა დინამიკაც და სტატიკაც. ნაწარმოები აგებულია “დალუპულ” მუსიკალურ ფრაზაზე ქართული ფოლკლორული საგალობლიდან, კაცის ხმაც გაისმის, ქალისაც, მონაცვლებით შეზავებული. ეს ფრაზა ექოებით და რევერბაციებით დამუშავებული ისე, რომ აპელირება კონკრეტულ ნაცნობ პატერნზე რთულია, ანუ ხდება განზოგადება, რაც კონცეფციურად და აკუსტიკურადაც მოხერხებულად აჯდება იმ მეტრო სადგურს, რომელსაც ჰქვია რუსთაველის სახელი. აქ არის საკრალურობაც, მისტიკაც, შორეული ეპოქის ეფემერულობაც. მარჯანიშვილის მეტროს ესკალატორებს ეს მუსიკა ალბათ ნაკლებად მოუხდებოდა. საგალობლები ზოგადად ტაძარში ჟღერს, მეორეს მხრივ, მეტროს გვირაბსაც შეუძლია იდენტური აკუსტიკური რეზონანსის გამომწვევია და ეს ორი ირაციონალურ-რაციონალური ასპექტი მოხერხებულად არის შერწყმული. მთელი ეს “არქაული” ნაკადი ელექტრონიკით ისეა გადამუშავებული, რომ ხაზგასმულია - ეს ხდება “დღეს” და “აქ” და ვერ მოხდებოდა “გუშინ” და “იქ”. ასეთ “გალობის” თან ახლავს საუნდ-კოლაჟ-აკომპანემენტი, რომელიც უკვე მთლიანად ელექტრონულ სინთეტიკურია და რომლის დანიშნულებაა გარკვეული კონტრაპუნქტის მოხდენა ძველს და ახალს შორის, ტერიტორიულ-ანთროპოლოგიურ-მშობლიურს და ტრანსგლობალურ-ფუტურისტულს შორის. იდეა ნათელია - ეთნო-ტრადიციული ვოკალ-სემპლ სეგმენტი ისე იყოს მიწოდებული, რომ საერთოდ ასცდეს ანაქრონისტულ კონტექსტს, “გააფდეითდეს” აქტუალური პულსაციით და გაფორმებით. ავტორის მიზანი სულაც არ არის ეროვნულ საუნდ კომფორტში ჩააგდოს მგზავრი-მომხმარებლები. დღევანდელი ცხოვრებისეული რყევებით, ფორიაქით და პრობლემებით დატვირთულ ყოფაში, სმენით სიამეებზე აქცენტი არაბუნებრივია და თვითკმაყოფილიც. ამ ნამუშევარმა ამოატივტივა კიდევ ერთი სავარაუდო სირთულე. საქმე იმაშია, რომ მეტროში ჩასვლა-ამოსვლას თან ახლავს სპეციფიკური შინაგანი მდგომარეობა - როცა ესკალატორზე დგები და ჩადიხარ ბაქანზე, ამ დროს, თითქოს, თავისუფლდები ამ სტრესებისგან, რაც გარეთ დაგიგროვდა, ცხადია, დროებით, მაგრამ რელაქსაციის განწყობა ნამდვილად მოდის, დროც თითქოს ჩერდება მიწისქვეშეთში. აი, ამ მომენტის გათვალისწინებით, თორნიკეს ნამუშევრის 2 ძირითადი შემადგენელი ელემენტი “განმწმენდი ქართული გალობა” და მისი “ელექტრო მწვალებლური აკომპანემენტი”, სცილდება ერთმანეთს ზემოქმედების კონტექსტში, ანუ ნაკლებად შეესაბამება მსმენელი მგზავრის განწყობას. სამაგიეროდ, როდესაც უკვე ამოდიხარ ესკალატორზე მდგომი და გრძნობ მოახლოებულ გაჭრას ამ მშვიდი გარემოდან “არანორმალურ” გარე სამყაროში, მაშინ შედარებით ზუსტია ამ ნამუშევრის წინააღმდეგობრივი “სასპენსი”. ანუ, ჩასვლა ეს ერთი მოცემულობაა, ამოსვლა მეორე, ისინი ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ აუდიო ინსტალაცია ვერ იქნება დიფერენცირებული, ის ხომ ესკალატორებს შორის, ლამპიონებში სპეციალურად ჩამონტაჟებული „სპიკერებიდან“ ჟღერს მოცემულ სივრცეში?! კონკრეტულად თორნიკეს ნამუშევრის შემთხვევაში, ჩასვლის დროს, კარგი იქნებოდა მძაფრი ელექტრონული საუნდ აკომპანემენტის დაწევა და “გალობაზე” აქცენტირება, ამოსვლის დროს, პირიქით, ეს კი, ცხადია, შეუძლებელია. ვფიქრობ, ასეთ დროს იდეალურია ისეთი მონოლითური აკუსტიკური მასის ამოქმედება, როცა რთულდება მუსიკალური ნაკადის შემადგენელი ელემენტების განშრევება მსმენელის ყურებში შესვლის მომენტში, აი ელემენტებად “დაშლა” მომხმარებლის თავებში “მერე” უნდა მოხდეს. გამომდინარე იქიდან, თუ რა პროცესშია “მავანი”, რა განწყობაზე, როგორი ესთეტიკური გამოცდილება გააჩნია, ძველმოდურია თუ ტრანსპროგრესული, ლიბერალია თუ კონსერვატორი (მეტროში ყველა ჯურის ხალხი დადის), ყველასთვის ეს პროცესი ინდივიდუალური იქნება, რაც პრობლემაა, თუმცა ყველა პრობლემის მოხსნა, როცა მუსიკის გასაჟღერებელ ლოკაციად ირჩევ მეტროს მოძრავ ესკალატორებს, შეუძლებელია. ვფიქრობ, თორნიკეს ნამუშევარი პერსპექტივაში დამოუკიდებლად უფრო ეფექტურად იმუშავებდა ვიდრე მეტროს გვირაბის სივრცის საუნდტრეკად, არადა ავტორმა მგზავრის ესკალატორზე ყოფნის მცირე ხანგრძლივობაც კი გაითვალისწინა და სწორედ ამ დროითი ფაქტორის გათვალისწინებით დააფორმატა პატერნი. მომხმარებელს შეუძლია ყველა იმ აკუსტიკური გზავნილთან შეხების მოსწრება, რაც იკვეთება ტრეკში. როდესაც ერთი და იგივე მომხმარებელი მეორედ, მესამედ, მეშვიდედ მოხვდება იმავე სივრცეში და კვლავ გადაეყრება თორნიკეს ინსტალაციას, ცხადია, ზუსტად იმ მონაკვეთს, რომელსაც წინა მსვლელობისას შეეჩეხა, ვერ გადაეყრება. მუსიკა ერთია, 17 წუთი კი გრძელდება, მაგრამ კომპოზიციური ბირთვი სულ რამდენიმე წუთიანია, რომელიც პერმანენტულად მეორდება, მაგრამ ბგერათა შეფერილობები იცვლება, ასე რომ, ყოველი შემდეგი შეჩეხვისას კი გესმის ერთი და იგივე მუსიკა, მაგრამ სხვადასხვანაირად გაფორმებული. სახეზეა ნაცნობ-უცნობ აკუსტიკურ რეალობასთან რამდენიმეჯერ გადაყრა, რაც იწვევს ნამუშევრის არსის უკეთ შეცნობას, საკმაოდ მართებული ხერხია, ასეთი პროექტისთვის ზედგამოჭრილი.



2. ნიკა ჯაფარიძის გამარჯვებული კომპოზიცია საუნდ ტალღური მიქცევა-მოქცევით გაფორმებული ნამუშევარია; აკუსტიკური ნაკადი მოქნილია, საუნდ ფორმები მომრგვალებული, ემბიენტურ-სინთეზატორული ველი უფრო ინსტრუმენტული ნამუშევრის ესთეტიკითაა გაჟღენთილი, აი, ცოცხალი ბენდიც რომ კარგად დაუკრავდა ისეთი, ანუ თორნიკესგან განსხვავებით, ნიკა ჯაფარიძის მუსიკალური რეალობა უფრო ხელშესახებია, ჰარმონიულიც, უფრო საავტოროც, უფრო საუნდტრეკული, აი ვიზუალურ ინსტალაციას მოძრავ კადრებსაც რომ მოუხდებოდა, როგორც აუდიო გაფორმება. ეს წერტილოვანი ბგერა ნოტებიც რაღაც პოზიტიურ განცდას ბადებს. ამ თვალსაზრისით, ეს ნამუშევარი უფრო ფუნქციონალურად კონკრეტულია, მიზანმიმართულად ითვალისწინებს მგზავრ-აუდიტორიის ზოგად ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, კონკრეტულად მეტროს სივრცეში. ე.წ. დროის შეყოვნების ეფექტიც რიტმულად ზუსტად არის დაჭერილი, უფრო სტატიკურია, ნაკლებ საუნდ მწვალებლური. საავტორო ნამუშევარია-მეთქი კი დავწერე ზემოთ, მაგრამ დეპერსონიზირებულიც არის, გამჭვირვალე აკუსტიკა აქვს და იმიტომ. ნამუშევრის სპეციფიკიდან, ფუნქციონალური დატვირთვიდან გამომდინარე და ავტორის არჩევანიდანაც გამომდინარე, ვფიქრობ ჟღერადობა უფრო ბალანსირებული უნდა ყოფილიყო. მიქსინგი, მასეტირინგი უფრო მიზნობრივ ემბიენტური მოუხდებოდა, სადაც საერთოდ არ უნდა იკვეთებოდეს ის საუნდ წახნაგები, რომლებიც თავდაპირველად კი არის ნიველირებული, მაგრამ სმენის პროცესში თანდათან აფიქსირებ რომ, ის, რაც გლუვი იყო, წახნაგოვანი ხდება, უფრო სწორედ, ეგრე ამუშავდება მსმენელის თავში. ერთფეროვნება ყველაზე აშკარა ნაკლია აქ, თანდათან მოსაწყენიც ხდება, უფრო სწორედ, ხიბლი იკარგება. მომხმარებლის შინაგან მდგომარეობის გათვალისწინების მომენტიც იკარგება თითქოს თანდათან. ზოგადად წინააღმდეგობრივ მოსაზრებებს აღძრავს ეს ტრეკი, აი მაგალითად - ის რომ მუსიკა რაღაც მომენტში ტრივიალურდება, ეს ნამუშევრის კოზირიც კი ხდება, რადგანაც ემსახურება ტრეკის პოტენციის გაზრდას იმის გამოსახატავად, თუ რა სურს რეალურად საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელს, მსმენელს, მგზავრს და ეს აშკარად იგრძნობა. სმენის პროცესში გეცვლება შთაბეჭდილებები. გასაგებია, რომ 10 წუთი როცა უსმენ ასეთი ხასიათის ტრეკს, ეს ერთია და როცა უსმენ მხოლოდ 2-3 წუთი სულ სხვა და შესაბამისად, ისეთი დამღლელი ვერაა, მაგრამ მეორედ, მესამედ მოსმენისას, უკვე გამაღიზიანებელი შეიძლება გახდეს ეს აუდიო მუსიკალური ნაკადი. ფაქტობრივად, ეს ნამუშევარი უფრო მორგებულია მათზე, ვინც იმ 6 თვის განმავლობაში მაქსიმუმ ერთხელ ან ორჯერ მოხვდება რუსთაველის მეტროს ესკალატორებზე. და კიდევ - რამდენად ზუსტია ამ აუდიო ნაწარმოების განწყობა და ატმოსფერო კონკრეტულად რუსთაველის სადგურისთვის? და არა მაგ სადგურის მოედნის, ანდაც ტექნიკური უნივერსიტეტისთვის? აი, ეს უკვე საკამათო თემაა, ჩემი აზრით, რუსთაველისთვის ნაკლებად არის მოსახერხებელი, თუმცა ეს უკვე ის მომენტია, როცა ემპირიული მეთოდით უნდა დადგინდეს ჭეშმარიტება, ანუ როგორ იმუშავებს საქმეში რეალურად. მუსიკა განყენებული სმენისას როგორ ასოციაციასაც იწვევს, შეიძლება არ იყოს სწორი და ადეკვატური ამ შემთხვევაში. პირადად მე, მომცა ადამიანებისგან გახალვათებული სივრცის შესავსებად გათვლილი მუსიკალური ნამუშევრის ეფექტი, სადაც ყველაფერი შენელებულია და ინერტული, ანდაც ღამის სამუშაო სმენაში რომ შეუდგება ბრიგადა მეტროს გვირაბების ჩექინგს, ისე, ვერსიები ბევრი შეიძლება ამოუტივტივდეს მავანს. აი, მაგის რესურსს ნამდვილად იძლევა ნიკა ჯაფარიძის მინიმალისტური ნამუშევარი. ვიდეო კადრებს მოუხდებოდა თემატური შინაარსით, თუმცა ვინ იცის?



3. ნინო დავაძის კომპოზიცია უპირობო ფავორიტი გახდა ჟიურის, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. ძნელი მოსაძებნია დღეს ვინმე ისე კარგად გრძნობდეს კონტექსტს, როგორც ნინო. მოტივაცია, ანუ რატომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს, და როგორც აკეთებს, გამომდინარე დასახული ამოცანიდან და ნაწარმოების ფორმატიდან, ანდაც რისთვის არის გათვლილი და თუნდაც ვისთვის, თანაც ყველაფერი ეს მოცემული აქვს კონცეპტუალურ ბაზაზე, ინდივიდუალისტურად, ორიგინალურად და სარისკოდაც კი. ნინო ხარაგაულიდან არის და ეცადა ურბანულ სივრცეში შემოეტანა ბუნების ნატურალისტური ელემენტები, რომლებიც აბსოლუტურად დისტანცირებული და უცხოა ქალაქის ნევროზებისა და ვნებათაღელვისგან. თუნდაც რამდენიმე წუთის განმავლობაში რუტინისგან გათანგულმა ადამიანმა იგრძნოს, რომ ისიც ბუნების შვილია, ორგანული მისი ნაწილი და უფრო მეტადაც კი, ვიდრე ურბანიზმის უპირობო საკუთრება. მისი ქალთა ქორალები ისე ჟღერს, როგორც სირინოზები ტყიდან, თანაც ეს ხომ რეალური სივრცით არის ინსპირირებული?! ბორჯომ ხარაგაულის ტყეპარკი მისი მშობლიური მხარეა, სადაც სულ სხვა რიტმია, სულ სხვა ტემპი. საინტერესოა, რომ ეს რიტმი, იდეალურად აჯდება სწორედ ესკალატორის დინების მდორე რიტმს, უფრო მეტიც, თითქოს შეზრდილია მის დინამიკაში. ფაქტობრივად, იქმნება მსვლელობა აკუსტიკურ ტყეში, რომელიც ჯადოსნურიც არის, სიურრეალისტურიც და ხელშესახებიც თავისი მაქსიმალური ავთენტურობით. მან სრულიად შეგნებულად გაყო ნამუშევარი ორ ნაწილად, საღამოსი და დილის, დილა მართლაც დილაა - ჩიტების ჭიკჭიკი გაფხიზლებს, ენერგიას გაძლევს და იმ სტიმულსაც, რომელიც შენგან დამოუკიდებლად უნდა ჩაიღვაროს შენში. მისი მუსიკა არ არის პატერნის ლუპინგი, ეს უფრო აკუსტიკური თავგადასავალია, აბსოლუტურად გამჭვირვალე. ეს არ არის ემბიენტი თავისი ფორმით, ეს უფრო აკუსტიკურ თვითკმარი ლანდშაფტია, ცოტა გაუგებარი საუნდით და ამოუცნობი ბგერებით გამდიდრებული, რომელიც ხიბლში ჩავარდნის და ეიფორიის საშუალებას არ გაძლევს; დილაა, ფხიზელი მდგომარეობა, თუმცა ემოციური სიმშვიდის უკანა ფონით. ჩიტების ენერგიული ჟღივილი - ეს ყველაფერი ცოტა ირეალური კონკრეტული სივრცისთვის მხოლოდ ერთი “შეხედვით” არის, სინამდვილეში, ეს ხომ რეალურად არსებობს აქვე, სადღაც, ჩვენ გვერდით, ერთი-ორი საათის სავალ გზაზე. აკუსტიკური ნაკადი რომელშიც ეხვევი - ისიც თითქოს ობიექტურადაა ბუნებაში, რომელიც ავტორმა უბრალოდ იპოვა და მოაწესრიგა იმ ხალხისთვის, დილა-საღამოს რომ ეჩეხება ამ ქალაქის ყველაზე ურბანულად გადატვირთულ, ნევროზულ ნაწილს, სიმბოლურ სივრცეში, რუსთაველის სახელობის მეტროს სადგურში, გვირაბში, უწყვეტი რეჟიმის ფორმატში მოძრავი, ესკალატორებზე მდგარი და მუდმივად ცვალებადი ხალხის მასის გარემოცვაში. ძალიან ზუსტი მიგნებაა, ერთდროული დისტანცირება და მჭიდრო კონტაქტი, ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი. ცნობისმოყვარეობა - სწორედაც რომ, საკვანძო დეფინიციაა, როგორც დავაძის ნაშრომისთვის, ასევე პროექტის დანიშნულების გასაშიფრად, მდგომარეობა, რომელშიც უნდა თუ არ უნდა, ავტომატურად ჩავარდება ყველა ის, ვინც შეეჩეხება, გადაეყრება, დაეკონტაქტება ან გაუცხოვდება იმ აკუსტიკურ ატმოსფეროსთან, რომელიც 6 თვის მანძილზე მონაცვლეობით რეჟიმში დაისადგურებს და შეავსებს მეტროს სივრცეს.



ცნობისმოყვარეობით იწყება შემეცნება ყველაფრის, დაგროვება ცოდნის, ინტელექტის, ხელოვნების, სულიერი ფასეულობებისაც კი, ცნობისმოყვარეობამ შექმნა ცივილიზაცია და პროგრესი და ჩვენი თანამემამულეების, თანამოქალაქეების ცნობიერებაში. ცნობისმოყვარეობის აღძვრას ემსახურება კონკრეტულად ამ პროექტის იდეაც - გამოიტანოს ხელოვნება სპეციფიკური საზღვრებიდან და აქციოს ის შეძლებისდაგვარად ხელმისაწვდომად მასებისთვის.
Tbilis Public Art fund © 2023 all rights reserved.
Tbilisi Public Art Fund © 2023 ყველა უფლება დაცულია.