არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაარსებული საჯარო ხელოვნების ფონდი, რომელსაც, თითქოს ხელი უდევს ქართული თანამედროვე ხელოვნების გულზე, ცდილობს არ გამოტოვოს არცერთი მისი დარტყმა და ამას საკმაოდ წარმატებულად აკეთებს. ჩემი დაკვირვებით, ფონდი თანაბრად ავითარებს, როგორც საკუთარ თავს, ისე ქართულ სახელოვნებო და საჯარო სივრცეს. ამის მაგალითია ფონდის მეშვიდე კონკურსი - ბილბორდები ქალაქში - გამარჯვებული პროექტი “შემთხვევითი შეხვედრები”- კურატორი ელინა ვალაიტე.
გიორგი შენგელია, ანა ფატლაძე, შემთხვევითი შეხვედრები კახეთის გზატკეცილი, ფოტო: დათო მესხი
ოთხი ფოტო-ხელოვანის ბილბორდის დამონტაჟებით დედაქალაქში, ფონდი მიზნად ისახავს ურბანული სივრცის გალერეად გადაქცევას. “ბილბორდი არის მთავარი ადგილი საჯარო სივრცეში, რადგან ის შექმნილია იმისთვის, რომ ხილვადი იყოს მრავალი ადამიანისთვის, ისე, რომ მათ არ მოუწიოთ მის სანახავად წასვლა”, პროექტის იდეა გამიზიარა შეხვედრისას ფონდის დამაარსებელმა, ლიკა ჭკუასელმა. კონკურსში გამარჯვებული პროექტი, ორი საკმაოდ ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის გიორგი შენგელიას და საბა გორგოძის და ორი ახალგაზრდა ხელოვანის ანა ფატლაძის და სანდრო ხუციშვილის საერთო ნამუშევარია. პროექტში გამარჯვებული ავტორები საკმაოდ საინტერესოდ საუბრობენ თავიანთ იდეაზე და ასევე გამოცდილებაზე.
მე, როგორც ამ პროექტის შედეგად შექმნილი ჩემთვის საინტერესო ფოტო კვლევის ავტორს, გამიჩნდა რამდენიმე კრიტიკული კითხვა: მაგალითად, რამდენად შეიძლება გახდეს “შემთხვევითი შეხვედრები” სახალხო ხელოვნება? ისინი ყოველდღიურად ხილულია ათობით ათასი მგზავრისთვის, ტურისტისთვის, მხატვრისთვის, უსახლკარო ადამიანისთვის, კოლექციონერისთვის თუ ფრინველისთვის, მაგრამ რას სთავაზობს ამ შემთხვევაში ეს ათი ათასობით მნახველი, რას უბრუნებს, რა ზეგავლენას ახდენს? ესაუბრება თუ არა მას? ხომ არ არის ეს ცალმხრივი კომუნიკაცია? ხომ არ მივეჩვიეთ, რომ ეს ასეც უნდა იყოს, რომ შევამჩნიოთ, მაგრამ მაინც გვერდზე ჩავუაროთ, არ გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება?
საბა გორგოძე, შემთხვევითი შეხვედრები თამარ მეფის გამზირი, ფოტო: დათო მესხი
აქ დგას ასევე კონტრასტული წონის საკითხი. ბილბორდი იმდენად ფუნდამენტურად კომერციულია და ისე საყოველთაოდ გასაგები, როგორც გაყიდვის საშუალება, რომ ძნელია მისი დანახვა, როგორც ნეიტრალური სივრცის - ხელოვნების საჯაროდ მოხმარებისთვის. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბილბორდები არ შეიძლება იყოს მხატვრული, კომუნიკაციური ან კრეატიული. სწორედ ამ აზრის გადმოცემა მინდა, კომუნიკაციის წამოწყება და რა თქმა უნდა, როგორც ხელოვანს სჭირდება სივრცე გაზრდისთვის, ასევე მაყურებელიც უნდა გაიზარდოს. კომერციული და მხატვრული გვერდიგვერდ არის უჩვეულო გამოცდილება თბილისში. გარკვეულწილად ეს არის უცნაურად ეფექტური დაპირისპირება, სადაც ხელოვნება არის ყველაზე “კომერციული” და კომერცია კი ყველაზე “მხატვრული”. რამდენიმე წლის წინ, არ მახსოვს რისი რეკლამა იყო, ვაკის პარკთან ბილბორდებზე, მაგრამ მახსოვს, რომ სარეკლამოდ გამოყენებული იყო ამერიკელი მხატვრის, ჯექსონ პოლოკის, ნამუშევარი. მახსოვს თუ როგორი ეფექტი ჰქონდა და ზეგავლენა მის გამოსახულებას, როგორ უცვლიდა შინაარსს ადგილს და ქმნიდა ალტერნატიულ სივრცეს, სააზროვნოს თუ საოცნებოს. ამ გამოცდილების შემდეგ ჩემთვის უცებ ძალიან გასაგები გახდა, როგორც კი გამოჩნდა ქალაქში აქამდე მხოლოდ მუზეუმში თუ გალერეაში ნანახი ნამუშევრები, თუ რა დანიშნულება ჰქონდა ამ დიდ გამოფენას: კარგი რეკლამა უნდა მივიდეს მომხმარებელთან, ბოლოს და ბოლოს.
სანდრო ხუციშვილი, შემთხვევითი შეხვედრები დეზერტირების ბაზარი, ფოტო: დათო მესხი
რაც შეეხება თვითონ გამოფენას და თუ როგორ მოვხვდი ამ ჯგუფურ შოუზე: არც თუ ისე დიდი ხნის წინ დავიწყე ქალაქში სირბილი, დილას ადრე, ხანდახან საღამოობით და თითქმის ქალაქის ყველა ადგილი შევისწავლე. პირველად ჩემთვის ჩვეულ გზაზე ანა ფატლაძის ფოტონამუშევარმა ანგელოზის გამოსახულებით და გიორგი შენგელიას ხელნაკეთმა წითელმა ფერმა მიიქცია ყურადღება. პირველად გავჩერდი იქ, სადაც არასდროს ვჩერდები, რადგან იქ საინტერესო, როგორც წესი, არაფერი არ ხდება და რომც ხდებოდეს, ალბათ, უბრალოდ ჩავურბენ. მიუხედავად დიდი ზომისა, ისევე დავუწყე თვალიერება, თითქოს მუზეუმში იდო მინით დაცული. ჩემთვის ფოტოგრაფია ძალიან პერსონალური და დაუცველია. მინდა აღვნიშნო, მთლიანად გამოფენა, მიუხედავად მასშტაბისა, არ არღვევს ამ ღირებულებას და მინდა ავტორებთან ერთად გავიზიარო ის თავდაჯერებულობის გრძნობა, რომელიც ამ ფოტო გადიდებას მოჰყვება. შემდეგ ფოტონამუშევრების რუქა აღმოვაჩინე და დავიწყე ამ დიდი გამოფენის შესწავლა.
ანა ფატლაძე, შემთხვევითი შეხვედრები კოსტავას ქ., ფოტო: დათო მესხი
ოთხეულში ერთი გოგოა, ანა ფატლაძე, რომლის შემოქმედებაც აღმოჩენა გახდა ჩემთვის. ანას ფოტოები ჩემთვის თემატურად ახლოს დგას, რადგან მიზნად ისახავს ადამიანის ჟესტის, იდეალიზებული მომენტის და ზეციური და მიწიური მდგომარეობების მონაცვლეობას და ერთობლიობას. მისი ვიზუალური ენა ფოტო ექსპერიმენტის და დოკუმენტური ხასიათის ფოტოების მიქსია, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის ჯერ კიდევ ძიებაშია. მისგან კონტრასტულად გამოირჩევა გიორგი შენგელიას ნამუშევრები, რომლებმაც გამოცდილების წლები გაიარეს და საკმაოდ მკაფიო ვიზუალური თხრობითი ფორმა მიიღეს. ფრაგმენტები და დეტალები ერთიანდებიან და იშლებიან სხვადასხვა ბილბორდებზე ისე, რომ თხრობა არ წყდება. საბა გორგოძის შემოქმედებას კარგად ვიცნობ და მოლოდინიც მქონდა, რომ ჩემთვის საინტერესო ფოტოების დიდი მასშტაბით ვისიამოვნებდი. უნდა ვთქვა, რომ საბას გადაღების სტილი საკმაოდ ავთენტურია; მაგრამ, მე პირადად, პრობლემა გამიჩნდა ჟანრობრივ აღრევაში, მქონდა შეგრძნება, თითქოს იგი ხანდახან საკუთარ თავს ეწინააღმდეგება ამ ურთიერთსაწინააღმდეგო ნამუშევრების დემონსტრაციაში. თითქოს სხვადასხვა შემოქმედი ებრძვის ერთმანეთს, რომელი დააჭერს და სად და რა დროს გადასაღებ ღილაკს ხელს. სანდრო ხუციშვილის ფოტოგრაფია პირველად სწორედ ბილბორდებზე აღმოვაჩინე. მისი შემოქმედება ჯდება ჩემთვის კლასიკური ფოტოგრაფიის ტრადიციებში შესრულებული ნამუშევრის ფარგლებში, რაც “შემთხვევითი შეხვედრების” შემთხვევაში იმ ექსპერიმენტების ღერძს ქმნის, რაც ერთგვაროვანი დამცავი მექანიზმია, რომ არ დაიშალოს გამოსახულება, იყოს ჰარმონიული და სტაბილური. ეს ის შესანიშნავი შემთხვევაა, თუ თქვენ ეძებთ შთაგონებას და მზად ხართ მიიღოთ რამდენიმე მითითება გზად, ქალაქში გადადგილების დროს.
გიორგი შენგელია, შემთხვევითი შეხვედრები მარცხენა სანაპირო, ფოტო: დათო მესხი