საჯარო სივრცე და სკოლა –თბილისის ვიზუალური ხელოვნების მასწავლებელთა პროგრამა
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის მიერ შედგენილ პროგრამას, რომელიც თბილისის ვიზუალური ხელოვნების მასწავლებლებისთვისაა განკუთვნილი, №58 საჯარო სკოლამ უმასპინძლა.
პროგრამის პირველი ნაწილის ფარგლებში მასწავლებლები ფონდის მიზნებს, კონკურსში გამარჯვებულ ხელოვანებს, ნამუშევრებსა და საგანმანათლებლო პროგრამის პროექტებს გაეცნენ.
შეხვედრების მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო. მასწავლებლებთან ერთად განვიხილეთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებისთვის ყოველდღიურ გამოცდილებას: ქუჩას, უბანს, ტრანსპორტს, საჯარო ხელოვნებას, გამწვანებას, კულტურის დაწესებულებებს და ა.შ.
ამას გარდა, ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის იმაზე, თუ რამდენადაა ქალაქში ცხოვრების გამოცდილება ხელოვნების გაკვეთილის თემა, რა კავშირია საგანმანათლებლო მიზნებსა და საჯარო სივრცეებს შორის, როგორია რეპრეზენტაციის სივრცეები ჩვენს გარშემო, როგორ აღიქვამენ ამ სივრცეებს მოსწავლეები და მასწავლებლები, რა მეთოდებით შეიძლება ამ საკითხების სწავლა და სწავლება, რა სახის სერვისები და დახმარება გაამარტივებდა პროცესს და რა ტიპის საჯარო ხელოვნება იქნებოდა სასურველი ქალაქში.
შეხვედრების დროს ერთმანეთს გავუზიარეთ საჯარო ხელოვნების თემაზე ჩატარებული გაკვეთილების, კლასგარეშე და ინტერდისციპლინური პროექტების გამოცდილება. ასევე, საუბარი შეეხო ზოგად პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც მსგავსი საკითხების დამუშავებისას იჩენს თავს. დასასრულ, თბილისის სხვადასხვა სივრცეების ფოტოებითა და დამატებითი მასალით კოლაჟები მომზადდა.
პრაქტიკის გაზიარების, უკუკავშირის მიღების, ახალი კავშირების გაბმის და მომავალში, უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის, სკოლის მასწავლებლებთან შეხვედრებს ფონდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. გაკვეთილების დაგეგმვა-ჩატარებასთან დაკავშირებით, ვიზუალური ხელოვნების მასწავლებლებს მუდმივად შეუძლიათ მიიღონ რჩევა, დახმარება ან კონსულტაცია როგორც ფონდის პროექტების, ისე, ზოგადად, საჯარო სივრცისა და ხელოვნების თემაზე.