საერთო ნიადაგი “აიწონა-დაიწონასა” და აფხაზეთის სკოლებთან ერთად
აფხაზეთის განათლების სამინისტროსა და თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის თანამშრომლობის შედეგად, ორგანიზაცია „აიწონა-დაიწონამ“ აფხაზეთის №2 და №3 სკოლის მოსწავლეებისთვის ერთთვიანი პროგრამა შეიმუშავა.
ამჯერად, შეხვედრები არა სკოლაში, არამედ მზიურის პარკში, საგამოფენო და საგანმანათლებლო სივრცეში – „კუბი კონტექსტში“ ჩატარდა.
„კუბი კონტექსტში“ მზიურის ყოფილი საბაგიროს სადგურში განთავსებული საჯარო მულტიდისციპლინური სახელოვნებო სივრცეა, თანამედროვე ხელოვნების გალერეითა და საერთო სამუშაო სივრცით.
ფონდის საგანმანათლებლო პროგრამისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამგვარ საჯარო საგანმანათლებლო ინიციატივებთან თანამშრომლობა, მით უფრო, სკოლის მოსწავლეებისთვის ამ სივრცეების გაცნობა.
„აიწონა-დაიწონა“ ბავშვთა პირველი ემანსიპატორული თეატრია საქართველოში, რომელიც თეატრის – განათლებასთან დაკავშირებაზე ზრუნავს. „აიწონა-დაიწონას“ ძირითადი მეთოდი ბავშვებთან და ახალგაზრდებთან თანასწორი, ჰორიზონტალური მუშაობის პრინციპს ეფუძნება. ხელოვანების ჯგუფი მოსწავლეების იდეების, პრობლემებისა და ინტერესების გათვალისწინებას და მათთან ერთად შემოქმედებითი გზების პოვნას ცდილობს.
აფხაზეთის №2 და №3 სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარებული შეხვედრების თემა „ქალაქი და ბავშვები“ იყო: რას ხედავენ ისინი თბილისში, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ, რას შეცვლიდნენ ამ ქალაქში?
მოსწავლეებმა წარმოიდგინეს, რომ მოხეტიალე თეატრის დასის წევრები არიან, თეატრის, რომელიც ქალაქში დადის. ქალაქის გარემოს დახასიათებისა და ხატვის შემდეგ კი კონკრეტული პერსონაჟები აირჩიეს: ვინ ცხოვრობს ამ ქალაქში, რა ამბებს გვიყვებიან ეს არსებები და რას გვიამბობენ სივრცეები თუ ობიექტები, მაგალითად, მაწანწალა ძაღლი, ან მიტოვებული სახლი. კავშირების მოძებნისა და ერთგვარი ფსიქოგეოგრაფიის პროცესში არაერთი საინტერესო და პრობლემური საკითხი წამოიჭრა, შეხვედრების ბოლოს კი, ჩანაწერების მიხედვით, ლექსი დაიწერა:
***
გულში გვაქვს მზის ჩასვლა.
ფეხებში ნაგავი.
სახლიც სადღაც ფეხებთან.
ჩვენ ვართ მოხეტიალე თეატრის მსახიობები: ანი, ბარბარე, ილია, მილენა, თიკო, ბარბარე, ქრისტი, მართა, გიო...
ჩვენ საჰაერო ბუშტით ჩამოვედით ქალაქში. მივიხედეთ, მოვიხედეთ და დავინახეთ:
რომ ამ ქალაქში ხეებზე მეტი კორპუსებია. ჰაერზე მეტი გამონაბოლქვია.
ჩიტების ჭიკჭიკზე მეტი მანქანების ხმაურია. მაგრამ ჩვენ შეგვიყვარდა ეს ქალაქი,
რადგან თუ ქალაქს ყურადღებით მოუსმენ, გაიგებ მდინარის ჩახჩახს და ხეების შრიამულს. ჩვენ გვიყვარს პარკები.
გვიყვარს მოედნები.
გვიყვარს კაკაოსფერი მდინარე.
გვიყვარს მთა, ზღვა, ეზო.
სკოლის ეზო განსაკუთრებით.
როცა მოწყენილები ვართ, გვიყვარს სასაფლაოც. ხანდახან სევდიანი შევდივარ და მხნედ გამოვდივარ. ხანდახან კი მხნეობას, ცვლის სევდა,
როგორც მზეს - ღრუბლები.
ძალიან ლამაზი ცაა ამ ქალაქში.
შეიძლება იფიქროთ, რომ ცა ყველგან ლამაზია
და ცა ყველგან ერთია,
მაგრამ ცა ყველგან ერთი არ არის.
თბილისის ცა არ ჰგავს ლონდონის ცას.
არ ჰგავს ვენის ცას.
არ ჰგავს რომის ცას.
არ ჰგავს ბათუმის ცას.
არ ჰგავს ქუთაისის ცას.
თბილისის ცა არის თბილისის ცა.
იმიტომ რომ ეს ცა ერწყმის ამ ქალაქის მთებს, ლანდშაფტს, პეიზაჟს.
ჩვენ მოხეტიალე თეატრი ვართ.
იდეები ქუჩაში ყრია,
როგორც გამხმარი ფოთლები შემოდგომისას. ჩვენ ვკრეფთ იდეებს.
იდეებს ვიღებთ სიზმრებიდანაც.
ხან ზღვაზე ვართ.
თოვლიანი მთები ჩნდება არსაიდან.
ჩამოდის ზვავი, მოექანება ჩვენსკენ.
მოტოებით მივქრივართ უფერულ გზებზე, ვარდისფერ-იასამნისფერ ჰაერში ვლივლივებთ. ხან ოთახში ვრჩებით,
სადაც მხოლოდ ერთი სკამი და ფანჯარაა. კედლებიც თეთრია.
გზა ცარიელია.
არცერთი მანქანა, უბრალოდ ხეები.
და მოშორებით თეთრი ირემი.
ხანდახან ვერ ვხვდებით, სად მთავრდება სიზმარი და იწყება სინამდვილე.
ჩვენ იდეებს სიზმარში ვპოულობთ.
ვიცით, როგორ უნდა შეიცვალოს ქალაქი.
და მოვითხოვთ:
უფრო მეტი პარკი!
უფრო დიდი სკოლა!
უფასო კვება სკოლებში!
მოვითხოვთ, რომ თბილისში იყოს თოვლი
და არ იყოს მკვლელობები.
იყოს თოვლი და არ იყოს მკვლელობები.
თოვლი ფარავდეს ქუჩებს
და ნაგავს ქუჩებში.
თოვლი ფარავდეს მტვრიან სახურავებს.
ფარავდეს საფლავებს.
სათამაშო მოედნებს.
იდეები ფიფქებს მოჰყვებიან.
მოვითხოვთ, რომ როცა ბურთს ვთამაშობთ,
ეზოში არ შემოგვივარდეს მანქანა.
მოვითხოვთ უფრო მეტ ხილს ქალაქში:
მარწყვის მდელოს თავისუფლების მოედანზე,
რუსთაველის ქუჩაზე ვაშლის ხეებს,
მელიქიშვილზე მსხლის,
ჭავჭავაძეზე ბლის,
წერეთელზე ალუბლის,
თამარ მეფის გამზირზე ატმის.
მოვითხოვთ, რომ ბავშვებს შეეძლოთ ნებისმიერი ქუჩის გადაკეტვა, ბადის გაბმა და ფრენბურთის თამაში,
სანამ არ მოსწყინდებათ.
მოვითხოვთ, რომ სწავლა იყო თამაში.
მოვითხოვთ ტრამვაის.
მოვითხოვთ ხეებს, ყვავილებს, ბუჩქებს.
უზარმაზარ პარკს, სადაც ისეირნებენ ბავშვები,
ზრდასრულები და ბებიები და ბაბუები.
მაგალითად, ბაბუა შუქრი,
რომელსაც ფეხი სტკივა და უძილობა აწუხებს.
კარგი იქნება, რომ პარკი ჰგავდეს აფხაზეთს,
რადგან ბაბუას ძალიან ენატრება აფხაზეთი.
ჩვენ ვართ მოხეტიალე თეატრი.
გულში გვაქვს მზის ამოსვლა.
ფეხებში ბალახი.
სახლიც სადღაც ფეხებთან.
დავდივართ ქუჩაში და ყველა კუნჭულში გვხვდები ნაგავი.
მიგდებული ადგილები სავსეა სიგარეტის ნამწვებით, შუშის ბოთლების ნამსხვრევებით. ნამსხვრევები შეიძლება ბავშვებს შეერჭოთ ფეხებში ან ხელებში.
უნდა შემცირდეს მასიური გამოყენება იმ ნივთების,
რომლებიც აზიანებენ ბუნებას და ჯანმრთელობას.
ვინც ზღვაზე დადის,
ის ხედავს თუ რამდენი პლასტმასა ცურავს!
ვინც სეირნობს, ის ხედავს თუ რამდენი პლასტმასა დაფრინავს.
თუ დიდხანს და ყურადღებით დააკვირდები,
შეიძლება იმად გადაიქცე რასაც უყურებ.
თუ ვარსკვლავებს უყურებ იქცევი ვარსკვლავებად.
თუ ხეებს, იქცევი ხედ.
შეიძლება იქცე ღრუბლად, გუბედ და მერცხლად.
ჩვენ მერცხლებივით მოვფრინდით ქალაქში.
და ვიქეცით ქალაქად.