დარია კრავჩუკი: გიორგი ხანიაშვილი, დროის ნაწნავები View larger
დარია კრავჩუკი: გიორგი ხანიაშვილი, დროის ნაწნავები

დარია კრავჩუკი: გიორგი ხანიაშვილი, დროის ნაწნავები

= დეტალები =


გიორგი ხანიაშვილი, დროის ნაწნავები, 2023, ყვითელი ტუფი, 300 x 104 x 104 სმ ზაარბრიუკენის მოედანი, თბილისი, 2024
ფოტო: გრიგორი სოკოლინსკი

თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი და მის ფარგლებში განხორციელებული გიორგი ხანიაშვილის პროექტი „დროის ნაწნავები“ - ქანდაკება, რომელიც აწმყოსა და წარსულის წნულია, ადგილობრივ ნიადაგზე ფესვგადგმული.

 

საქართველოში ხელოვანები ეჭიდებიან რთულ ბალანსს ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის, ასევე უმკლავდებიან ნიუანსურ გამოწვევებს პოსტსოციალისტურ გარდატეხაში, სივრცითი პოლიტიკისა და ძალაუფლების დინამიკის ხლართების გამოკვლევის რეჟიმში. თბილისის ქალაქურ პეიზაჟებში ეს დაძაბულობა თავს იჩენს და გვთავაზობს უფრო ფართო სოციალური დილემების მიკროსამყაროებს, რომლებიც ასახავენ კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნებას და თანამედროვე ურბანული ყოფის კომპლექსურობას. ურბანული პეიზაჟების გამოძიებით და საჯარო ხელოვნების ნიმუშების ქალაქის პეიზაჟში განთავსებით, ხელოვანები ხდებიან აქტიური აგენტები, რომლებიც აყალიბებენ ქალაქის ნარატივს, და საზოგადოების გაძლიერებას ხდიან პრიორიტეტულს. 

 

საჯარო ხელოვნების პროექტების ტრანსფორმაციული პოტენციალი ურბანულ ლანდშაფტზე უდავოა, ფორმას უცვლის ქალაქის ვიზუალურ იდენტობას, ღირსშესანიშნაობებს და საერთო ხასიათს. ამ ინიციატივებს აქვთ უნარი გამოაცოცხლონ შეუმჩნეველი ან ნაკლებად ათვისებული ტერიტორიები, გარდაქმნან ისინი რეზონანსულ ადგილებად. დროთა განმავლობაში, ასეთი ნამუშევრები ხდება ქალაქის ემბლემური სიმბოლოები, რომლებიც გავლენას ახდენენ იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ მაცხოვრებლები და ვიზიტორები თავიანთ გარემოს და ურთიერთქმედებენ მასზე. თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი თანხვედრაშია ამ ეთოსთან, რამდენადაც მიზნად ისახავს ქალაქის კულტურული ლანდშაფტის ხელახლა განსაზღვრას ისტორიული ცენტრის მიღმა ახალი ღირსშესანიშნაობების შექმნით და დიალოგის წახალისებით.

 

თბილისის მერიის მიერ 2023 წელს დაარსებული თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი არის არაკომერციული ინიციატივა, რომელიც ემსახურება თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას და ქალაქის კულტურული ქსოვილის გამდიდრებას. ფონდი მხარს უჭერს ქართველ ხელოვანებს განახორციელონ ფართომასშტაბიანი პროექტები, რაც ყურადღებას ამახვილებს ხელმისაწვდომობაზე, საზოგადოების ჩართულობასა და თანამედროვე ხელოვნების მიმართ ცნობიერების ამაღლებაზე. საპროექტო განაცხადების ღია კონკურსის ფორმატში განხილვით, ორგანიზაცია უზრუნველყოფს დემოკრატიულ თანამონაწილეობას სახელოვნებო წრეში. საინაუგურაციო წელს, ფონდი ძირითადად კონცენტრირებულია ქალაქში მოაზრებულ პროექტებზე, რითაც მიზნად ისახავს მხატვრული ჩარევის კატალიზებას საჯარო სივრცეებში.

 

ლიკა ჭკუასელი, თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის დამფუძნებელი დირექტორი, ხაზს უსვამს საჯარო ხელოვნების ინკლუზიურ ბუნებას და ყურადღებას ამახვილებს მის უნარზე გადალახოს მდებარეობის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და კულტურული ფონის ბარიერები. მისი კომენტარის თანახმად: „საყოველთაო ხელმისაწვდომობა საჯარო ხელოვნების მთავარი ხიბლია, რამდენადაც ის აქრობს ბარიერებს შემოქმედებითობისა და კულტურის განსაცდელად, უფრთხილდება საზოგადოების შიგნით ინკლუზიურობისა და მიკუთვნების შეგრძნების არსებობას. იდეალურ შემთხვევაში, ჩვენი სურვილია მხარი დავუჭიროთ საჯარო ხელოვნების პროექტებს, რომლებიც ირეკლავს კონკრეტულ ლოკაციასა და ადგილობრივ კომუნებს და ამ კონტექსტს აქსოვს ნამუშევრებში. ადგილთან და ადამიანებთან ამგვარი კავშირი ამდიდრებს ნამუშევრის შინაარსს და მნიშვნელოვნებას, აძლიერებს საკუთრების და სიამაყის გრძნობას მაცხოვრებლებში.” ტრადიციული საგალერეო და სამუზეუმო სივრცეებით შემოსაზღვრული ხელოვნებისგან განსხვავებით, საჯარო ხელოვნების პროექტები ფართო აუდიტორიას იწვევენ ურთიერთქმედებისა და ჩართულობისთვის, რაც ამარტივებს დიალოგსა და რეფლექსიას. თუმცა, ეს ხელმისაწვდომობა თავის მხრივ აჩენს გამოწვევებს, ვინაიდან ხელოვანებმა უნდა გაითვალისწინონ განსხვავებული ხედვები და გამოცდილებები მაყურებელთა ფართო სპექტრთან საუბრისას.

 

გიორგი ხანიაშვილის ახლად შექმნილი საჯარო ნამუშევარი, ქანდაკება „დროის ნაწნავები“, ურბანულ დისკურსში საჯარო ხელოვნების ზემოქმედებითი ბიძგის ცხადი მაგალითია. თბილისის ისტორიულ ზაარბრიუკენის მოედანზე განთავსებულმა მონუმენტურმა ქანდაკებამ მოსახლეობასა და ხელოვნების პროფესიონალებს შორის ჩართული დებატები და აზრთა მიმოცვლა გამოიწვია. „დროის ნაწნავებმა“ მოახერხა წაექეზებინა კრიტიკული დაფიქრება ხელოვნების როლზე საჯარო სივრცეებში და მის პოტენციალზე კოლექტიური მეხსიერების ჩამოყალიბებაში. განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ქანდაკება ემსახურება დიალოგისა და ინტროსპექციის გააქტიურებას, რაც ამოწმებს საჯარო ხელოვნების მედგარ უნარს აზრის პროვოცირებასა და დისკურსის სტიმულირებაში.

 

მიხეილ ვორონცოვის მონუმენტი დაიდგა თბილისში 1867 წელს
ფოტო: https://civil.ge/archives/513202

პროექტის კურატორი ირენა პოპიაშვილი ნათელს ჰფენს ფაქტორებს, რომლებმაც შესაძლოა „დროის ნაწნავების“ გარშემო დებატების წამოჭრა გამოიწვია. პირველ რიგში, დისკუსიას დაემატა მისი განთავსება ვორონცოვის ზაარბრიუკენის მოედანზე, რომელიც ისტორიულად 1867 წლით დათარიღებულ 3-მეტრიან კვარცხლბეკზე შემდგარ ვორონცოვის ქანდაკებას სახლობდა. გარდა ამისა, ქანდაკების მასშტაბები და ანონიმურობა გახდა განხილვის საბაბი. აუდიტორია, რომელიც მოუმზადებელი იყო ქანდაკების შთაგონებაზე „ინფორმაციის სიმწირისთვის“, ნამუშევრის ინტერპრეტაციის გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. უფრო მეტიც, ქანდაკების კონსერვატიულმა კლასიკურმა სტილმა შეუწყო კიდეც ხელი დავას. პოპიაშვილი უარყოფს პლაგიატის ბრალდებებს, რაზეც ზოგიერთი კომენტატორი მიანიშნებს: „ვინც თანამედროვე ხელოვნებაში პლაგიატზე საუბრობს, უპირველეს ყოვლისა, სრულიად უმეცარია თანამედროვე ხელოვნებასთან მიმართებაში“.

 

ელენე კაპანაძემ,  თბილისში საჯარო ნამუშევრებზე არსებულ რეაქციათა სხვადასხვაობაზე კომენტირებისას განაცხადა: „თბილისისთვის არ არის უჩვეულო ასეთი განსხვავებული და წინააღმდეგობრივი რეაქცია საჯარო ნამუშევრებზე. ბევრი ქანდაკება, რომელიც შემდგომ ქალაქის სახელწერო ნიშანი გახდა, აღმართვისას სასტიკად დაიგმო; ყველა რომ ამ დავასახელოთ, მერაბ ბერძენიშვილის „მუზა“, ან მისივე „დავით გურამიშვილი“, თუ ელგუჯა ამაშუკელის „ვახტანგ გორგასალი“. როგორც ინსტიტუცია, მოხარულები ვართ პროექტზე ასეთი მძაფრი გამოხმაურებით, ეს ადასტურებს რომ ნამუშევარი ძლიერი გამოდგა და არავინ დაუტოვებია გულგრილი“. 

 

ყვითელი ტუფის ქვის ერთი მონოლითისგან გამოქნილი „დროის ნაწნავების“ ჩახლართულად დაწნული თმა ხდება ისტორიის, კულტურისა და მიწასთან კავშირის გადაკვანძული თემების სიმბოლო. სამი მეტრის სიმაღლეზე მდგომი ხანიაშვილის ქანდაკება იწვევს მნახველს ჩაუღრმავდეს მის სიმბოლიზმს, ურთიერთობას ადგილის წარსულ და აწმყო ისტორიასთან და განვითარებად ქალაქის პეიზაჟთან.  "დროის ნაწნავების" დამონტაჟებას წინ უძღოდა დეტალური დაგეგმარება და კონსულტაციები არქიტექტორებთან, რამაც უზრუნველყო მისი ჰარმონიული ინტეგრაცია ურბანულ კონტექსტში. ადგილობრივი მასალებისა და წვრთნის გამოყენებით, პროექტი განხორციელდა ექვსთვიან ვადაში, რის მერეც ნამუშევრის, როგორც დროებითი ინსტალაციის ორწლიანი ათვლა დაიწყო.

 

გიორგი ხანიაშვილიქერუბიმი 2, 2018, დეტალი, ხის ქანდაკება, 180 x 35 x 200 სმ, "ათინათი"- კოლექცია
ფოტოგურამ კაპანაძე

„დროის ნაწნავების“ გახსნამ უმნიშვნელოვანესი გარდატეხა მონიშნა გიორგი ხანიაშვილის მხატვრულ ტრაექტორიაში. ფორმისა და მასალის მრავალფეროვნებით ცნობილი, ფერწერული გამოცდილების მქონე ხანიაშვილი, მისი მთელი კარიერის განმავლობაში ძირითადად ფოკუსირდებოდა რთული სამგანზომილებიანი ხის ქანდაკებების შექმნაზე (აღსანიშნავია მისი საკულტო ნამუშევარი „ქერუბიმები“ (2018), 180x200x30სმ.-იანი მოცულობით) და კერამიკულ რელიეფებზე. თუმცა, „დროის ნაწნავები“ მასშტაბითა და ამბიციით სცდება მის წინა ნამუშევრებს. თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის მხარდაჭერით შექმნილი პროექტი, გარდა იმისა, რომ წარმოაჩენს ხანიაშვილის ტექნიკურ ოსტატობას და ვირტუოზობას, ასევე ხაზს უსვამს ფონდის ერთგულებას ხელოვანთა ყველაზე მისწრაფებული ხედვების რეალიზების ხელშეწყობაში.

 

ხანიაშვილის შემოქმედების განმეორებადი, ცენტრალური მოტივი მოქცეულია  „დროის ნაწნავებში“. თავდაპირველად დასათაურებული როგორც „ფესვები“, სკულპტურის მნიშვნელობა იმალება უძველესი სიმბოლოს რეპრეზენტაციაში, რომელიც საბერძნეთში ანტიკურ სამყაროში ზუსტდება, შემდგომ ახლებური ინტერპრეტაციით რომაულ ხელოვნებაში ხდება მისი მიღება და საბოლოოდ ქრისტიანულ იკონოგრაფიაში იწერება. ეს უკვდავი სიმბოლო ირეკლავს სილამაზის დასავლურ იდეალებს. დაწნული თმა, მრავალფეროვანი სიმბოლიზმით დატვირთული, ქანდაკების მთავარ ფოკუსს წარმოადგენს. მისი დახვეული თმის კულულები ნუსხავს მნახველს და საბოლოოდ გარდაიქმნება ფესვებად, რომლებიც მის ფეხქვეშ მიწას შეერწყმის. კვარცხლბეკის გამოყენებისგან თავის არიდებით, მხატვარმა ბუნებრივი ინტეგრაცია არჩია, რაც ქანდაკებასა და მის გარემოს შორის უნაკერო კავშირის სიმბოლო ხდება. სხვა ხედვის წერტილიდან, შეკრული თმა კიბეს წააგავს, რაც ქანდაკებას ძალაუფლებისა და ამაღლების გრძნობით ავსებს. ხმაურიან მოედანზე განთავსებული „დროის ნაწნავები“, დინჯი მზერით და დგომით, სიმშვიდის მომგვრელია ურბანული ცხოვრების ენერგიულ ალიაქოთში.

 

გიორგი ხანიაშვილი, დროის ნაწნავები, 2023, ყვითელი ტუფი, 300 x 104 x 104 სმ ზაარბრიუკენის მოედანი, თბილისი, 2024
ფოტო: გრიგორი სოკოლინსკი

თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის პროექტების მენეჯერმა, ელენე კაპანაძემ ხაზი გაუსვა გიორგი ხანაშვილის ქანდაკების შექმნისას ლოკაციების გულისხმიერ გათვალისწინებას და აღნიშნა, რომ „ხელოვანი აშკარაა იცნობდა ადგილს და ეს ნამუშევარი სპეციალურად ამ ადგილისთვის შეიქმნა, ვინაიდან ეს არის ჩვენი ღია კონკურსის ერთ-ერთი წინაპირობა. ვფიქრობ, მდებარეობის ირგვლივ უწყვეტმა მოძრაობამ და პოზიტიურმა ქაოსმა შთააგონა ხელოვანი, რასთანაც ის სტატიკურ გამოსახულებას და იმ სიმშვიდის განცდას აპირისპირებს, რომელსაც ქანდაკება გამოსცემს."

 

„დროის ნაწნავების“ გახსნამ ფართო დისკუსია გამოიწვია, საუბარში მრავალი ინდივიდის ჩართვით, ყურადღების ცენტრში მოექცა როგორც ხელოვანი, ასევე ნამუშევარი. თითოეული ადამიანი საკუთარი ხედვისამებრ უძებნიდა მას ინტერპრეტაციას, ქანდაკებამ კი ღია დიალოგის კატალიზატორის როლი შეითავსა, რაც არის საჯარო ხელოვნების დანიშნულების მთავარი იდენტიფიკატორი.


დარია კრავჩუკი თბილისში მოღვაწე კურატორი, კულტურის მენეჯერი და ხელოვნების ჟურნალისტია, რომელსაც თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს საერთაშორისო მხატვრებთან, გალერეებთან, მუზეუმებთან, წამყვან არტ ბაზრობებთან და კერძო კოლექციებთან. მისი კურატორული პრაქტიკა ფოკუსირებულია თანამედროვე ხელოვნებაზე და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სოციალურად ჩართული ხელოვნების პროექტებზე.

Tbilis Public Art fund © 2023 all rights reserved.
Tbilisi Public Art Fund © 2023 ყველა უფლება დაცულია.