ჟიურის ექვსივე წევრის პრეფერენციათა სხვადასხვაობა სრულიად შესაფერისი და შესაბამისი აღმოჩნდა სანკონკურსო განაცხადთაგან თითოეულის თავისებური და ზოგჯერ რადიკალურად გასხვავებული მიდგომებისა ხმოვანი გარემოსადმი, რომელიც თბილისის მეტროს უგრძეს ესკალატორს უნდა შექმნოდა კვირებისა და თვეების მანძილზე მჟღერი აუდიოინსტალაციის სახით.
გემოვნებათა, ესთეტიკურ პოზიციათა და ტექნიკურ მოსაზრებათა სიმრავლემ განაპირობა კონკურსანტთა შემოქმედებითი სტეიტმენტის მრავალფერი სპექტრი, მეჩხერი, მოკლე და მკვეთრი აქცენტებით გაჯერებული ფაქტურებით თუ თვით მეტროსავე ხმაურით შექმნილი ხმოვანი ანარეკლებით, ქართული მრავალხმიანობის ელექტრონული ტრანსფორმაციებით თუ ბუნების იშვიათი და მეტროს გარემოსთვის განგებ უცხო ხმებით, თვით სუპერმარკეტებისა და ლიფტების მუზაკური (Musak) ჟღერადობებითაც კი.
გამოვლინდა სამი გამარჯვებული, სამივე სრულიად განსხვავებული მიდგომით, სხვადასხვა მუსიკალური წარსულით და შესაბამისად, ყოვლად თავისებური შემოქმედებითი არჩევანით.
თორნიკე მარგველაშვილის განზრახვა იყო, წინასწარ რუსთაველის მეტროშივე ჩაწერილი ხმებით აეგო ნამუშევრის ძირითადი შრე და ფრიად კონტრასტული ქართული ტრადიციული ჰანგების ფრაგმენტული ფაქტურით შეებურა ეს მჭახე ინდუსტრიული, მეტროსავე ცოცხალ მონოტონიასთან შერწყმული გარემო, ერთგვარი „პასაჟის“, „შთასვლის და აღმოსვლის“ ცოტა მისტიკურ ასოციაციას რომ აღძრავს.
ნინო დავაძის ინტენცია, ადრინდელი საველე ჩანაწერები გამოეყენებინა და საქართველოს ენდემურ იშვიათ ფრინველთა ხმები დაეპირისპირებინა მეტროს დახურულ-დახშული ბურდონისთვის, ფრიად ეფექტური აღმოჩნდა: ფაქიზი, ნოსტალგიური და დამაფიქრებელი მხატვრული სახე ადამიანისა, ნელ-ნელა რომ შორდება მზეს, ტყეს და ბუნებას.
ნიკა ჯაფარიძე სრულიად შეგნებულად და შეულამაზებლად ამჯობინებს, მეტროსავე ხმებიც და დანარჩენი ხმოვანი ანტურაჟიც ისე მოაწყოს თავის ინსტალაციაში, რომ გამვლელმა (ამ სიტყვის სიმბოლური და პირდაპირი მნიშვნელობით!) კიდეც შენიშნოს და ვერც შენიშნოს, თითქოს ჩევულებრივი და ასე მრავლად არსებული საჯარო სივრცის მუზაკი ჟღერდეს, სავაჭრო საზრუნავით დაკავებული და თავის თავში ჩაკეტილი „მომხმარებელი“ რომ არაფრად აგდებს.
ეს ყველაფერი ჟღერს - ჩასვლისას და ამოსვლისას და საინტერესოა, რომ - სხვადასხვანაირად: ჩასვლისას (მარჯვენა ესკალატორით), დინამიკების ორივე რიგი, ახლოც და შორიც, უფრო მარცხნიდან უნდა გვესმოდეს, მაგრამ თაღში არეკლილი და მეტროს ცოცხალ ხმაურსა და ადამიანების ლაპარაკში აზელილი, უმთავრესად ერთ ბლანტ მასად გვეხვევა გარს. ამოსვლისას - დინამიკების ორ რიგს შორის ვართ, სმენადობა საგრძნობლად ცხადია, მაგრამ ცოცხალი ხმები თითქოს მეტად შემოდის კონფლიქტში და ძაბავს სმენად მოლოდინს.
რაიმე კონვენციური პანორამული თუ ამბისონიკური ეფექტის მოლოდინი აქ უადგილოა; პირიქით - მსმენელი თვითონ მოძრაობს ამ ოცდაოთხ დინამიკს შორის, თითოეულთან განუწყვეტლივ ცვლადი დისტანციის და სმენადობის პირობებში, რაც დამატებით ხმოვან განსაცდელად, აკუსტიკურ „პასაჟად“ აქცევს ნებისმიერი აუდიო მასალით დატვირთულ ამ ცვლად, მოძრავ და არაწყნარ გარემოს, რომელშიც ბალანსი ალბათ ყველაზე ძნელი დასაცავია და სადაც რამდენიმე პერმანენტული ხმა (მაგ. ძველი ესკალატორის ზუზუნი) თავისი ინტენსივობით სცდება გამართული მეტროს ნორმალურ დონეს და შედარებით მეტად ფარავს იმ ძირითად ხმოვან გარემოს, ინსტალაციის მთავარ არსს რომ შეადგენს და სამივე ნაწარმოების ინდივიდუალობას რომ უნდა აჩენდეს. ამასთან, მატარებლის მიმოსვლის ხმა - პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად ძლიერია, მშვენივრად ერგება და ერთგვარ კონტურებად ევლება ხოლმე დანარჩენ მონოტონიას. ყველა შემთხვევაში, გამვლელი (ორივე მნიშვნელობით!), ნებსით თუ უნებლიეთ, ცოდნით თუ უცოდნელად, ხდება განმცდელიც და მონაწილეც ხელოვნებისა, რომელიც საჯარო სივრცეში სხვანაირად ვერც მოხდება.
რეზო კიკნაძე
კომპოზიტორი და შემსრულებელი რეზო კიკნაძე დაიბადა 1960 წელს თბილისში.1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით. 1986 - 1990 წლებში იგი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კომპოზიციის ფაკულტეტზე. 1991 წელს ლიანა ისაკაძის ფონდის სტიპენდიით წავიდა გერმანიაში, სადაც ლიუბეკის მუსიკის აკადემიაში სწავლობდა კომპოზიციას, ხოლო 2011 ამავე სასწავლებელში მიიღო დოცენტის ხარისხი ელექტრონულ კომპოზიციაში. რეზო კიკნაძეს მიუღია მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებაში ჯაზის, ახალი მუსიკის, თავისუფალი იმპროვიზაციის, ელექტრო-აკუსტიკური მუსიკის სხვადასხვა ანსაბლების შემადგენლობაში; მათ შორის უთანამშრომლია თანამედროვე საბალეტო დასთან „TanzOrtNord”, უმუშავია თავისუფალი იმპროვიზაციის ანსამბლში „Resolution Group“ და 2011 წლიდან ხელმძღვანელობს იმპროვიზაციის ანსამბლს „Consilia“. მას მიღებული აქვს არაერთი პრიზი და ჯილდო, მათ შორის 1993 წელს მიიღო „მარი-ლუიზ-იმბუშის ფონდის“ პრიზი კომპოზიციაში, 1993 და „ბრაუნშვაიგის ახალი აკადემიის“ პრიზი კომპოზიციაში, 1997. იგი 2011-2019 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი.