>ვარკეთილი 3, სახურავი: ზურა ჯიშკარიანი, მე ვნახე ქალაქი
View larger
ვარკეთილი 3, სახურავი: ზურა ჯიშკარიანი, მე ვნახე ქალაქი
= დეტალები =
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მოხარულია წარმოგიდგინოთ კონკურსში „საჯარო სივრცეში მუდმივი პროექტების ხელშეწყობა, ქ. თბილისი, ვარკეთილი 3, სახურავი“- „In-Between Conditions”-ის მიერ წარმოდგენილი პროექტი “მე ვნახე ქალაქი”, ნამუშევრის ავტორი ზურა ჯიშკარიანი, არქიტექტურული დიზაინი ლადო ლომიტაშვილი, კურატორი ვატო ურუშაძე, პროექტის პარტნიორი კომპანია „სარაჯიშვილი“.
მწერლის განაცხადი:
თუ გსმენია სირენა ხომალდის ქალაქში, სადაც არ არის ზღვა?
"შეარჩიეთ ნებისმიერი გამვლელი და ახარეთ რომ მას მემკვიდრეობით ერგო წარმოუდგენელი, უდიდესი და ყოვლად გამოუსადეგარი ქონება: მაგალითად, 5000 კვადრატული მილი ანტარქტიდაზე, ან ცირკის ბებერი სპილო, ობოლთა სახლი ბომბეიში, ან ალქიმიური მანუსკრიპტების კოლექცია. მოგვიანებით ისინი გააცნობიერებენ რომ თუნდაც რამდენიმე წამის განმავლობაში მათ სჯეროდათ რაღაც ექსტრაორდინალურის და შესაძლოა ამის შედეგად ისინი შეეცდებიან იპოვონ არსებობის უფრო საინტერესო, ინტენსიური ფორმები." - ჰაკიმ ბეი.
ჩემი მიზანი იყო ერთის მხრივ ავრიდებოდი ტექსტის შაბლონურ, სარეკლამო, სლოგანურ ხასიათს – მოწოდებით, ზედაპირულ და “პოზიტიურ” ფრაზებს, მეორეს მხრივ უნდა ავრიდებოდი გარეუბნის მაცხოვრებლებისთვის, მათთვის უკვე ნაცნობი პრობლემების რე-აფიშირებას, მათ "დატრიგერებას" ან მათი ნაიარევების ხელახლა გაღვივებას.
თუ ყველა ქალაქი ისტორიას ყვება, თუ მისი ქუჩები, შენობები, პარკები და კვანძები ამბის თხრობაა, მაშინ ჩვენი კორპუსები, ნულოვანი ესთეტიკითა და მინიმალური ფუნქციონალიზმით აგებული წინადადებებია. აქ ჩანაფიქრში ადგილი არ ჰქონდა ცხოვრების მარტივი სიამეებით ტკბობას: სეირნობას, თამაშს, დროის გატარებას სიმწვანეში ან პოეზიას. და საინტერესოა რომ ეს ფუნქციები დანერგა იმპერიამ, მაგრამ იმპერია უკვე აღარ არის, ხოლო ვეშაპებივით სქელი და მოუქნელი კორპუსები ჯერ კიდევ დგანან და ალბათ კიდევ დიდხანს იდგებიან, ჩვენ კი უნდა ვისწავლოთ როგორმე ღირსეულად ცხოვრება ამ რკინაბეტონებში.
როცა ტექსტზე მუშაობა დავიწყე, ვიხსენებდი ჩემს მრავალწლიან გამოცდილებას გარეუბნებში ცხოვრების, ყოველდღიურობას ბრუტალურ კორპუსებს შორის და მივხვდი, რომ თუკი რამე ტექსტი უნდა ანათებდეს ღამეში კორპუსის თავზე, ის უნდა იყოს სიურეალისტური ინსაიტის/სასიამოვნო მოულოდნელობის, ბედნიერი მელანქოლიისა და სათავგადასავლო სიუჟეტის თანაკვეთაზე. ეს უნდა იყოს პოეტური ტექსტი. რამდენადაც ბრუტალური და უხეშია გარეუბანი თავისი რკინაბეტონით, ორი იმდენად სინაზეს იტევს, მაგრამ ამ გრძნობებს ვერ აქვთ გასაქანი, იმიტომ რომ გარშემო არსებული ობიექტები არ ასახავენ მათ. და თუ ჩვენ შევიტანთ კორპუსებში ახალ ობიექტს, სწორედ მას აქვს საშუალება და თითქოს ევალება კიდეც გარეუბნის სიურეალიზმის წარმოჩენა. გარეუბანი კი ყველაზე სიურეალისტური ადგილია, ვინც იქ ცხოვრობს – იცის. ხომალდების შემოცურვა რკინაბეტონებში, ზღვის თემატიკა, რომელიც ღამით, კორპუსის თავზე ასოებით ნათდება - ერთის მხრივ სიურეალურ მომენტუმს ქმნის (ხომალდების სირენები ვარკეთილში) და საკუთარი დისლოკაციით თითქოს ამ თავის თავში ჩაკეტილ სივრცეს ათავისუფლებს, სთავაზობს მას გაცდეს დაპროგრამებულ ფუნქციურობას. მეტიც, მის სხვა აქამდე არნახულ შრეებშიც ავრცელებს ძველ შინაარსებს. ფანტაზია, ცნობისმოყვარეობა და ზღვის ბრიზი მოაქვს.
წინადადება კითხვით ფორმაშია დასმული და მიმართულია არა იმდენად პასუხის გაცემაზე (პასუხის გაცემა რთულია ასეთ კითხვაზე), არამედ ახალი და უცხო ან შესაძლოა ძველი და მივიწყებული გრძნობების გაღვივებაზე.
ნამუშევრის ზუსტი მისამართი: https://maps.app.goo.gl/thG3GDNeVgkzRfyJ9?g_st=com.google.maps.preview.copy
გუნდის შესახებ:
ზურა ჯიშკარიანი
მწერალი და სოხუმის თვითაღიარებული მერი, ზურა ჯიშკარიანი 1985 წელს დაიბადა სოხუმში. 2003-2006 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე, 2024 წელს კი დაუბრუნდა უმაღლეს განათლებას ხარისხის დასაცავად. მისი ინტერესისა და კვლევის საგანი თავიდანვე იყო ენა და ენის საზღვრები. ენა როგორც საკომუნიკაციო საშუალება და ენა, როგორც ჩვენამდე მცხოვრებ ადამიანთა გამოცდილება.
პირველად საზოგადოებამ ზურა ჯიშკარიანი გაიცნო მუსიკალური პროექტიდან „Kung Fu Junkie“. ხელოვანის ინტერესი მოიცავდა მუსიკას როგორც ენას, მის შემოქმედებაში გვხვდება რამდენიმე სხვა პოპულარული ქართული მუსიკალური პროექტიც. არავერბალური ენის კვლევის მნიშვნელოვანი ეტაპი ექსპოჯორჯიაში იყო გამოფენილი, “ვინ დააწყნარებს ზღვების ხმაურს?”, 2017, ფესტივალი „SOU“, ჰაერში დაკიდებული გემი, რომელიც სენსორებით შავ ზღვას იყო დაკავშირებული და იქ ტალღების სიმძლავრის მიხედვით, აქ თბილისში გამოსცემდა ხმებს.
ჯიშკარიანი თანამედროვე ქართული ლიტერატურის გამორჩეული და განსხვავებული სახეა. განსაკუთრებულია მისი თხრობის სტილი და წერის მანერა. მისი პირველი რომანია „საღეჭი განთიადები - უშაქროდ“, რომელმაც 2017 წელს მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია "წლის საუკეთესო რომანი" და 2018 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო, წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში.
იგი აქტიურად მუშაობს მაღალტექნოლოგიურ პროექტებზე - ვიდეო თამაშებსა და ჩეტბოტებზე. მათ შორისაა „კიბერგალაკტიონი“ - გალაკტიონ ტაბიძის ჩეთბოტი, „Oraculum 0.1“ - ინტერაქტიული ინსტალაცია, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, 2018. „ჩემი საქართველო”, 2023 - ვიდეო თამაში მოსწავლეებისთვის, „GRANELY”, 2024 ტექსტით აწყობილი ვიდეო თამაში.
In-Between Conditions
„In-Between Conditions” ტრანსდისციპლინურ სახელოვნებო პრაქტიკებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი პლატფორმაა, რომელიც მედია ხელოვნებას, ტექნოლოგიებს, მეცნიერებას და თანამედროვე კულტურის სხვა სინთეზურ მოცემულობებს აერთიანებს. „In-Between Conditions” ეს არის რეფლექსია დღევანდელ ცვალებად ეპოქასთან მიმართებაში, სადაც ტექნოლოგიური განვითარების უსწრაფესი ტემპი, ციფრული ინფორმაციის გავრცელების უმართავი პროცესები, დროისა და სივრცის მუდმივი ინტერნეტ კავშირი, მედია მანიპულაციები, ყალბი “ცოდნები” და ინფორმაცია, ალტერნატიული თუ სიმულაციური რეალობები ფუნდამენტურად გარდაქმნის ადამიანის, როგორც აღქმის, ისე გამოხატვის პერსპექტივებს. პლატფორმის ფუნქციონირების მთავარ პრინციპს კომპლექსური კურატორული მიდგომა წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს ცვალებადი სოციო-პოლიტიკური კონტექსტების იდენტიფიცირებას, კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ახალი ცოდნებისა და გამომსახველობითი ფორმების მანიფესტაციების გენერირებას. პლატფორმა 2018 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ყოველწლიურად მართავს ფართო ფორმატის გამოფენებს, რომლითაც ცდილობს ახალი მედია ხელოვნების განვითარების კონტექსტის შექმნას საქართველოში.
პლატფორმის მიერ არაერთი მნიშვნელოვანი სახელოვნებო პროექტი განხორციელებულა, მათ შორის მარიამ ნატროშვილი & დეთუ ჯინჭარაძე „მე ვწუხვარ ბაღზე“ - საქართველოს ეროვნული პავილიონი ვენეციის 59-ე ბიენალეზე, 2022; Nomos Academy 2022 - მედია ხელოვნების სამ თვიანი საგანმანათლებლო პროგრამა; ახალი მედია ხელოვნების გამოფენა „სიმულაციური ველები”, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, 2021; „მდგომარეობებს შორის” X თბილისის არქიტექტურის ბიენალე, პროექტი „Dicho“ | უწყვეტი დიალოგების სერია თბილისსა და მილანს შორის, 2021.
ვატო ურუშაძე
ვატო ურუშაძე (1988) არის შემოქმედებითი ეკონომიკის მკვლევარი, კულტურის მენეჯერი და მედია ხელოვნების კურატორი. 2018 წლიდან იგი არის მედია ხელოვნების პლატფორმის „მდგომარეობებს შორის" თანადამფუძნებელი და კურატორი; მისი კურატორული პრაქტიკა მოიცავს ხუთ მასშტაბურ მედია ხელოვნების გამოფენას, მათ შორის: 1. „მდგომარეობებს შორის“, რომელიც გაიმართა კლუბ ხიდში 2018 წელს; 2. „Post.Digital.Dreams", ჩატარდა ხელოვნებისა და ინოვაციების ჰაბში 2019 წელს; 3.„ადამიანი ვიდეოთვალით | ციფრული ოაზისები", ვებ ფორმატის გამოფენა 4. „სიმულაციური ველები ", ჩატარდა 2021 წელს ფოტოგრაფიისა და მულტიმედია ხელოვნების მუზეუმში 5. „მე ვწუხვარ ბაღზე“, საქართველოს ეროვნულ პავილიონი ვენეციის 59-ესაერთაშორისო ბიენალეზე. 2017 წელს კრემსის დუნაის უნივერსიტეტში დაიცვა სამაგისტრო ხარისხი თემაზე - „კულტურის სტრატეგია 2025: თანამედროვე ხელოვნების მემკვიდრეობა და კოლექციონირების პოლიტიკა საქართველოში”. 2019 წელს შეიმუშავა მედია ხელოვნების მართვისა და განვითარების სილაბუსი ბრიტანეთის საბჭოსა და თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელსაც იმავე წლიდან კითხულობდა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე. 2021 წელს მისი თანაავტორობით შემუშავებულმა საპროექტო განაცხადმა თბილისის მედია ხელოვნების ქალაქად ნომინირებასთან დაკავშირებით წარმატებას მიაღწია და თბილისი გაწევრიანდა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელში მედია ხელოვნების მიმართულებით.
ლადო ლომიტაშვილი
ლადო ლომიტაშვილი (1994) თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლის დასრულების შემდეგ, ნიდერლანდებში, ეინდჰოვენის დიზაინის აკადემიის კონტექსტუალური დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობდა. არქიტექტურის სწავლასთან ერთად, მან დაიწყო საკუთარი მისწრაფების კვლევა, რომელიც უკავშირდება შემოქმედებითი საქმიანობის მრავალფეროვან მიდგომებს. ის მუშაობს სხვადასხვა მედიუმში, როგორიცაა ხატვა, ფოტოგრაფია, არტ-წიგნი, სკულპტურა და ინსტალაცია. ყოველი მისი ნამუშევარი უკავშირდება არქიტექტურასა და პროდუქტის დიზაინს, სადაც მასალა, ტექსტურა და გეომეტრია ბალანსშია. სივრცეებში, ხელოვანი ძირითადად მოქმედებს, როგორც არქიტექტორი და კონკრეტულ ადგილთან მიმართებაში ქმნის ინსტალაციებს. გასულ წლებში, ლადო მუშაობდა სხვადასხვა კვლევით პროექტებში, სახელოვნებო რეზიდენციებში, გამოფენებსა და ინდივიდუალურ პროექტებზე, საქართველოსა და საზღვარგარეთ. ნიდერლანდებში სწავლის შემდგომ, 2020 წელს, იგი დაბრუნდა საქართველოში, სადაც დააარსა სტუდია „Gypsandconcrete“. სტუდიოს სამუშაო პრაქტიკა დაფუძნებულია არქიტექტურაზე, სივრცულ დიზაინსა და კონცეპტუალურ ავეჯზე.