თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი
საჯარო სივრცეში დროებითი პროექტების ხელშეწყობა
თბილისი, ბილბორდები ქალაქში
საკონკურსო დებულება
კონკურსის მიზანი
კონკურსის ‘საჯარო სივრცეში დროებითი პროექტების ხელშეწყობა’ მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სფეროს განვითარებას; კერძოდ, წაახალისოს საჯარო სივრცეებში თანამედროვე შემოქმედებითი ინტერაქციები, გაზარდოს თანამედროვე ხელოვნების ხელმისაწვდომობა და აამაღლოს ფართო საზოგადოების ცნობიერება თანამედროვე ხელოვნების შესახებ, მხარი დაუჭიროს თანამედროვე ქართველ ხელოვანებს მასშტაბური პროექტების განხორციელებაში. ამგვარად, ხელი შეუწყოს თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას და ქალაქის იერსახის შეცვლას.
კონკურსი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ფოტოგრაფია და ფოტოზე დაფუძნებული პრაქტიკები
კონკურსის ფარგლებში ქალაქის ქსოვილი წარმოდგენილია როგორც ერთი საგამოფენო სივრცე, სადაც ხელოვანებს ეძლევათ საშუალება მოაწყონ საკუთარი სოლო ან ჯგუფური გამოფენა თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე ბილბორდების მეშვეობით. ქალაქის ბილბორდებზე, რომელიც უმთავრესად რეკლამისთვის გამოიყენება, ხელოვნების განთავსება დასავლურ სახელოვნებო სცენაზე საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა. ხელოვნების ნიმუში, რომელიც არ ემორჩილება მარკეტინგულად მომგებიან ფორმატებს და კომერციის შაბლონურ ქვეტექსტებს, ხედვის არეალში აფეთქებასავით იჭრება და სრულიად ახალ შინაარსებს ქმნის. კონკურსის მიზანია ხელოვანებსა და კურატორებს, ვინც მუშაობენ ფოტოგრაფიასა და ფოტოზე დაფუძნებულ პრაქტიკებზე, მისცეს საშუალება ამ კონტექსტებზე რეფლექსიით წარმოადგინონ გამოფენის იდეები. შესაძლებელია როგორც არსებული ნამუშევრებით შემდგარი ექსპოზიციის შემოთავაზება, ასევე მისაღებია ახალი სერიების შექმნის იდეაც.
კონკურსის ფარგლებში მიიღება განაცხადები თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე 49 ბილბორდებზე ნამუშევრების განთავსებაზე. განაცხადი უნდა ითვალისწინებდეს მინიმუმ 40 ბილბორდის დაფარვას. ნამუშევრები უნდა მიეკუთვნებოდეს ფოტოგრაფიის მედიუმს ან ფოტოზე დაფუძნებული პრაქტიკას. მისაღებია როგორც სოლო, ასევე ჯგუფური გამოფენის იდეების წარმოდგენა. ნამუშევრების ბეჭდვისა და გაკვრის ხარჯებს თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი უზრუნველყოფს. განმცხადებლის ბიუჯეტში უნდა შევიდეს ნამუშევრის მოსამზადებელად საჭირო ხარჯები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე ხელოვანისა და სამუშაო გუნდის ჰონორარები. გამარჯვებულმა განმცხადებელმა უნდა ჩააბაროს 72 DPI ხარისხის ფაილები. ნამუშევრების ბილბორდზე განთავსებისას დატანილი იქნება საინფორმაციო ხასიათის მასალაც (ნამუშევრის და ავტორის სახელი, თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის ლოგო).
კონკურსის პირობები
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს და მეწარმე ფიზიკურ პირს. საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ქართულენოვანი თარგმანი, გარდა ინგლისური ენისა.
საკონკურსო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 7 აპრილი.
კონკურსში წარმოდგენილი პროექტი უნდა განთავსდეს კონკურსის პირობებით განსაზღვრულ ლოკაციაზე არაუგვიანეს 2024 წლის 14 მაისისა; საბეჭდი ფაილების ჩაბარების ბოლო ვადაა 2024 წლის 8 მაისი.
საკონკურსო განაცხადის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 15,000 ლარს.
კონკურსში წარმოდგენილი პროექტი უნდა იყოს ადგილსპეციფიური და განთავსდეს თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე ბილბორდებზე (იხ. დანართი N1).
განმცხადებელ პირს შეუძლია მხოლოდ ერთი განაცხადის წარმოდგენა. ერთზე მეტი პროექტის წარმოდგენის შემთხვევაში, არც ერთი პროექტი არ განიხილება.
წარდგენილი პროექტი უნდა ეხმიანებოდეს თანამედროვე სახელოვნებო პროცესებსა და აქტუალურ შემოქმედებით დისკურსს. წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადი არ უნდა ახდენდეს რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციას. დაუშვებელია საკონკურსო განაცხადში სიძულვილის ენის გამოყენება.
საკონკურსო განაცხადებს განიხილავს საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორის მიერ დამტკიცებული კომისია, საბოლოო გადაწყვეტილება კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ მიიღება.
ფონდი კონკურსის დასრულებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში, ამოწმებს საკონკურსო განაცხადის დადგენილ ფორმასთან და ამ წესთან შესაბამისობას. თუ დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოდგენილი განაცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან/და არ არის სრულად/ნაწილობრივ წარმოდგენილი ფონდის დირექტორის მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია, ფონდი დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არაუმეტეს 3 (სამ) სამუშაო დღეს.
ფონდის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საკონკურსო განაცხადი არ განიხილება. კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება კონკურსის დამთავრებიდან არაუმეტეს 25 (ოცდა ხუთ) სამუშაო დღეში.
კონკურსში გამარჯვებული პროექტის შესახებ გავრცელებულ ყველა საკომუნიკაციო მასალებში (ბეჭდური, ციფრული) უნდა განთავსდეს თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის ლოგო, ხოლო საინფორმაციო ვიდეოებში ფონდი უნდა იყოს მოხსენებული პროექტის ხელშემწყობად.
თუ კონკურსში გამარჯვებული განაცხადი ითვალისწინებს ახალი პროექტის შექმნას, სერიიდან შერჩეული ერთი ნამუშევარი ხდება თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის საკუთრება. ნამუშევარი შემდგომშიც მოხმარდება საჯარო ხელოვნების ფონდის მიზნების განხორციელებას ავტორის მითითებით. ხელოვანი იტოვებს საავტორო უფლებას და ყველა სამომავლო ცვლილება წინასწარ იქნება შეთანხმებული ხელოვანთან.
ფონდს აქვს უფლება კონკურსში გამარჯვებული პროექტის შედეგად განხორციელებული ნამუშევრის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა გამოიყენოს საჭიროებისამებრ.
დაფინანსების ადმინისტრირება
ფონდი უფლებამოსილია დაფინანსება გასცეს ეტაპობრივად. ანაზღაურება ხორციელდება დაფინანსებული სუბიექტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 80%-ის ოდენობით, საავანსო თანხის ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადას. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში – ლარში. დაფინანსების მიმღებმა სუბიექტმა ავანსის თანხა უნდა გამოიყენოს მხოლოდ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. დაფინანსების მიმღები სუბიექტი უფლებამოსილია მიმართოს ფონდს წერილობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის პუნქტებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე. დაფინანსების მიმღები სუბიექტი ვალდებულია განახორციელოს ფინანსების ხარჯვა მიზნობრივად, ფონდსა და სუბიექტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ანგარიშის წარდგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის განხორციელების შემდეგ, არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა, დაფინანსების მიმღებმა სუბიექტმა ფონდს უნდა წარმოუდგინოს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, აგრეთვე ინფორმაცია ფონდის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული შესრულების ანგარიშის ფორმის შესაბამისად. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ავანსის სახით მიღებულ თანხაზე ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენისას, იმ თანხის იდენტური ოდენობის თანხას, რომელზედაც არ აქვს წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დაფინანსების მიმღები სუბიექტი აბრუნებს ფონდის მიერ მითითებულ ანგარიშზე. ფინანსური ანგარიში წარმოდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების შესაბამისად.
შერჩევის კრიტერიუმები
კონკურსის ფარგლებში მიღებულ განაცხადებს განიხილავს და შეაფასებს საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორის მიერ წინასწარ დამტკიცებული საკონკურსო კომისია, რომელიც შედგება 6 წევრისგან. განაცხადების შეფასება მოხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე (რომელიც შეესაბამება ფონდის მიზნებსა და პრიორიტეტებს) 5 ქულიანი შეფასების სისტემით, მაქსიმალური ქულა 25:
N |
შეფასების კრიტერიუმი |
ქულა (0-5) |
1 |
პროექტის შესაბამისობა კონკურსის მიზანთან და ფონდის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან |
|
2 |
პროექტის შესაბამისობა კონკურსის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილსა და გარემოსთან მიმართებაში |
|
3 |
პროექტის რეალიზაციისთვის მოთხოვნილი ბიუჯეტის თავსებადობა პროექტის განხორციელებასთან |
|
4 |
კონკურსანტის მსგავსი პროექტების (ხელოვნების სფეროში) განხორციელების გამოცდილება |
|
5 |
პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი ხელოვან(ებ)ის აქტუალობა თანამედროვე სახელოვნებო სცენასთან მიმართებაში |
პროექტების შეფასების შედეგად, საკონკურსო კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) პროექტის სრულად დაფინანსების შესახებ;
ბ) პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ.
კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტად ითვლება ის განაცხადი, რომელიც ქულათა მეტ რაოდენობას დააგროვებს. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობას მიიღებს.
საკონკურსო კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალობა და არ გაამჟღავნონ კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია როგორც საკონკურსო კომისიის მუშაობის შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე, ისე მას შემდეგაც.
კონკურსის გადაწყვეტილება ეცნობათ კონკურსში მონაწილე სუბიექტებს წერილობით.
საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის წესი
კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება - საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის (იხ. დანართი N2) შესაბამისად;
ბ) ინფორმაცია პროექტის შესახებ - საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორის მიერ დამტკიცებული აპლიკაციის ფორმის (იხ. დანართი N3) შესაბამისად;
გ) დამატებით წარმოსადგენი საბუთები:
გ.ა) ინფორმაცია წარდგენილი ხელოვან(ებ)ის შესახებ (პორტფოლიო და რეზიუმე); გ.ბ) ინფორმაცია განმცხადებელი ორგანიზაციის შესახებ:
გ.გ) ორგანიზაციის პორტფოლიო;
გ.დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ბანკის მიერ გაცემული დოკუმენტი კონკურსანტის საბანკო რეკვიზიტების შესახებ;
ე) ვიზუალური მასალა საკონკურსო პროექტის უკეთ ილუსტრირებისთვის - 3D რენდერი, ჩანახატი, ნახატი, ვიდეო. მისაღები ფორმატები- PDF, JPEG, PNG, TIFF, MP4, AVI, MOV. ფაილის ზომა უნდა იყოს არაუმეტეს 10MB.
ვ) პარტნიორის არსებობის შემთხვევაში, ფინანსური, ან სხვა ტიპის თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ჩამოსაწერი ფაილები:
დანართი 1
დანართი 2
დანართი 3
კონკურსის მიღების პირობები საკონკურსო განაცხადი მიიღება არაუგვიანეს 2024 წლის 7 აპრილისა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით info@tpa.fund
ინფორმაცია გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: info@tpa.fund
+995597329944