გიორგი ტაბატაძე: გიორგი ხანიაშვილი, დროის ნაწნავები View larger
გიორგი ტაბატაძე: გიორგი ხანიაშვილი, დროის ნაწნავები

გიორგი ტაბატაძე: გიორგი ხანიაშვილი, დროის ნაწნავები

= დეტალები =


გიორგი ხანიაშვილი, დროის ნაწნავები, 2023, ყვითელი ტუფი, 300 x 104 x 104 სმ
ფოტო: გურამ კაპანაძე

ანტიკურ კულტურასთან ჩვენი შეხვედრა მედეას მითით დაიწყო, მაგრამ როდესაც ჩვენი გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა, ელინისტური კულტურა ჩვენკენ ქრისტიანული სახით შემობრუნდა, შეხვედრები კი ერთმანეთს ახალგაზრდა ქალის თმის ნაწნავებით შეეკრა და გადაება. ნაწნავები ვაზის ორნამენტებად შემოერტყა არა მარტო ქვის ფასადებს, არამედ ვიზუალურ და შინაარსობრივ (მსოფლმხედველობრივ) გარე სამყაროსაც, რომელშიც ჩვენი კულტურა ცხოვრობს

მიუხედავად იმისა, რომ ქართული კულტურა ყოველთვის ცივილიზაციათა გადაკვეთაზე - აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ვითარდებოდა, ჩვენი შეხვედრა ანტიკურ კულტურასთან, განსაკუთრებით კი მის ქრისტიანულ ნაწილთან, საკვანძო გამოდგა. მასთან დიალექტიკურ ურთიერთობაში ჩამოყალიბდა ქართული კულტურისა და მისი სახის განმსაზღვრელი ჩვენი იდენტობა


გიორგი ხანიაშვილის ქანდაკებაც სწორედ ამ დიალექტიკურ ურთიერთქმედებაზე რეფლექსიაა, რომელიც საბოლოო ჯამში ისეთ ჰიბრიდულ ფორმას იღებს, სადაც ანტიკური სახე და ელინისტური თმის ფორმა ნელ-ნელა იშლება და ტერფებთან მიახლოებისას ფესვებად გადაიქცევა.




გიორგი ხანიაშვილი, დროის ნაწნავები, 2023, დეტალი
ფოტო: გურამ კაპანაძე


Ესაა მოკლე მიმოხილვა გიორგი ხანიაშვილის ქანდაკების, რომელიც თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის ეგიდით ზაარბრიუკენის მოედანზე დაიდგა 9 თებერვალს. Ჩემთვის პირადად დიდი სიამოვნება იყო მისი ვიზუალური კოდების კითხვა და ანალიზი, Მაგრამ რჩება ნაშთი რაც ამ ანალიტიკური კითხვის მიღმა რჩება. მას შემდეგ რაც სკულპტურას თვალი პირველად მოვკარი, არ მასვენებდა კითხვები: რას უყურებს მთავარანგელოზი? რას მიემართება მისი მზერა? აქ ანალიტიკური ენა აღარ გამოდგება და იმგვარი სპეკულაციური ენის გამოყენება ხდება საჭირო, რომელიც ჩვენი მოკლე რეცენზიის ფორმატს სცდება, ამიტომაც მას ტექსტის გარეთ დავტოვებ. თუმცა ერთი შეხედვით მარტივ, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ მნიშვნელოვან დასკვნამდე საკითხის ასეთი კუთხით განხილვამ მიმიყვანა: ზოგადად ხელოვნება, თუ ის ნამდვილი ხელოვნებაა, ჩვენი ხედვის ობიექტად გადაქცევას ეწინააღმდეგება. მასში უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, როგორ გვიყურებს ის ჩვენ და რას ხედავს ის ჩვენში. სწორედ ასე გვიყურებენ რომაული პორტრეტები, იმპერატორი კონსტანტინე თავისი უზარმაზარი თვალებით, აია სოფიას ქრისტე პანტოკრატორი, სეზანის ვაშლები, პიკასოს გერნიკა, ოლაფურ ელიასონის მზე და . და თუ გვინდა, რომ ესა თუ ის ხელოვნების ნაწარმოები სერიოზულად განვიხილოთ, საკუთარი თავი სწორედ მის მზერაში არეკლილი უნდა დავინახოთ




გიორგი ხანიაშვილი, დროის ნაწნავები, 2023, ზაარბრიუკენის მოედანი
ფოტო: გურამ კაპანაძე

გიორგი ხანიაშვილის ქანდაკება ზაარბრიუკეინს მოედანზე სწორედ ასეთი რეფლექსიის საფუძველი გამოდგა, რაც მის გარშემო გამალებულმა დისკუსიებმა ცხადად აჩვენა. ის თუ რა და როგორ დაინახა მაყურებელმადროის ნაწნავებიამის განხილვისთვის გარკვეული დისტანციაა საჭირო. იმედი მაქვს ახლო მომავალში ამ თემას ცალკე მიმოხილვას მივუძღვნი. ახლა კი სანამ გიორგი ხანიაშვილის  ნამუშევრებს მივუბრუნდებით მინდა დავძინო რომ დროებითი მონუმენტების იდეა როდესაც ქანდაკებები სამუდამოდ კი არა გარკვეული პერიოდით იდგმება ძალიან კარგი იდეაა და თბილისის საჯარო სივრცეებს უფრო დინამიურს და აქტუალურს ხდის. 



სამმეტრიანი ზომის სკულპტურა ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმული საეტაპო ნამუშევარი არა მარტო მისი მასშტაბისა და ზომის, არამედ პირველ რიგში, გამომსახველობითი სიძლიერის გამოა. თავად მასშტაბი და ქანდაკების საჯაროობა მხატვრისგან გაცილებით მეტს მოითხოვს, თუმცა მინდა, რომ გიორგი ხანიაშვილის ხელოვნებას და განსაკუთრებით მცირე სკულპტურებსა და რელიეფებს, სწორედ ამ კონტექსტში და ამ გადმოსახედიდან მიაქციოთ ყურადღება, რადგან მათში უფრო ადვილადაა შესამჩნევი მხატვრის დამოკიდებულება სახელოვნებო მასალასთან, რომელიც შეიძლება დიდი ზომის ნამუშევარში მხედველობიდან საერთოდ გამოგვრჩეს.



გიორგი ხანიაშვილიტყის ხანძარი, 2020, რელიეფიარყის ხეაკრილის საღებავი, 70 x 100 x 20 სმ  
ფოტოგურამ კაპანაძე


გიორგი ხანიაშვილიანდროგენული თავი, 2014, ხის ქანდაკებააკრილის საღებავი, 50 x 35 x 35 სმ, კერძო კოლექცია
ფოტოგურამ კაპანაძე



გიორგის ესთეტიკა (განსაკუთრებით კი მისი რელიეფები და მცირე ზომის ნამუშევრები) ხშირად ხალხური რეწვის ნაკეთობებს უფრო მეტად მოგვაგონებს, ვიდრე საგამოფენო თეთრი სივრცისთვის შექმნილ ობიექტებს. ეს არ არის . . არტისტული ჟესტი. ეს დიალექტიკური პროცესის ნაწილია, სადაც მაღალი და დაბალი გამომსახველობითი ფორმები ერთმანეთთან დიალექტიკურ ურთიერთქმედებას იწყებენ და შედეგად ვიღებთ ავარიაში მოხვედრილი ყოფილი პორნოვარსკვლავის სხეულის მქონე ვენერას; მზერას ბიზანტიური ფრესკიდან, რომელიც ამავე დროს თანამედროვე ყვითელი ჟურნალის ესთეტიკას ერწყმის; წვიმიან ღრუბლებზე მჯდომ ზევსს, რომელიც გაბრიელ პაპას ტრაქტორს გადმოჰყურებს და მის შრომას აკურთხებს.







გიორგი ხანიაშვილიოჯახი, 2013, ხის ქანდაკება, 63 x 66 x 54 სმკრაკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კოლექცია  
ფოტოგურამ კაპანაძე


გიორგი არ ეკუთვნის მხატვართა იმ ტიპს, რომლებიც სოციალურ თუ კულტურულ მოვლენებს, მათ მიერ ასახულ ყოფას გარედან აკვირდებიან და შემდეგ მათზე გონებამახვილურ, ირონიულ ან სერიოზულ . . არტისტულ კომენტარებს აკეთებენ. ის საკუთარი სახელოვნებო მასალის, მისი ტექსტურის ნაწილია და მასში ცხოვრობს. Მის ნამუშევრებში მასალა ხშირად უხეშად, მოუხერხებლად, ზოგჯერ კი გაუმართავი ნაბიჯებითა და ბორძიკით ცდილობს ამეტყველებას, ენის ადგმასა და იმის გამოთქმას, რაზეც შესაძლოა, ხელოვანს თავიდან არც უფიქრია. ჩემი აზრით, გიორგი ხანიაშვილის ნამუშევრები Სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებიან შესაძლებლობას ჩვენი და თავად ხელოვანის ხედვის ობიექტებად გადაიქცნენ. ისინი პირიქით, თავად იწყებენ ჩვენს ჭვრეტას. ეს რა თქმა უნდა, დიალოგისკენ მოწოდებაა უბრალოდ ჩვენსა და მათ შორის ამგვარი დიალოგის დასაწყებად საჭიროა ყოვლისმცოდნე ხელოვნების მოყვარულის პოზიციის დატოვება და ჭვრეტის იმ არცოდნიდან დაწყება, საიდანაც თავად ხელოვანი იწყებს თავისი ნამუშევრების შექმნას. სწორედ მაშინ გაჩნდება შანსი დავინახოთ ნამუშევრების მზერაში არეკლილი ჩვენი დრო, რომელიც გიორგის სკულპტურის ნაწნავებშიც ასე მჭიდროდ იქსოვება.



გიორგი ხანიაშვილიქერუბიმი 2, 2018, ხის ქანდაკება, 180 x 35 x 200 სმ, "ათინათი"- კოლექცია 
ფოტოგურამ კაპანაძე

 



გიორგი ტაბატაძე

გიორგი ტაბატაძე (1980) ამსტერდამში მოღვაწე ქართველი ხელოვანია. 1997-2005 წლებში იგი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (ქანდაკების ფაკულტეტი). 2010 წელს მიიღო სენდბერგის ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების მაგისტრის დიპლომი (ამსტერდამი). მისი შემოქმედებითი პრაქტიკა ანთროპოლოგიიდან იღებს ინსპირაციას და მსჯელობს თანამედროვეობის სახე-ხატებზე, აქტუალ საკითხებზე, როგორიცაა კონზუმერიზმი, მედიისა და კულტურის ურთიერთდამოკიდებულება. ტაბატაძეს მონაწილეობა მიუღია არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებში, მათ შორის „It Happens Anyway”, 2019, ამსტერდამი, „Shaping Identity“, 2016, ნაციონალური მუზეუმი "Mystetskyi Arsenal" კიევი, „აზროვნების ექსპერიმენტი“ KiK Kolderveen, ნიდერლანდები, „უცნობი მომხმარებლის მონუმენტი“, 2014, Popiashvili Gvaberidze Window Project, თბილისი. 2006 -2007 წლებში იგი ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში როგორც ასისტენტი პროფესორი პროექტით „ქანდაკების ახალი ფორმები“. 2014 წელს იგი იყო ასწავლიდა რიტველდის აკადემიაში, კერამიკის დეპარტამენტი, როგორც მოწვეული მასწავლებელი. 





Tbilis Public Art fund © 2023 all rights reserved.
Tbilisi Public Art Fund © 2023 ყველა უფლება დაცულია.