თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მოხარულია წარმოგიდგინოთ კონკურსში „საჯარო სივრცეში დროებითი პროექტების ხელშეწყობა, ქ. თბილისი, მეტრო რუსთაველი, ესკალატორი“ გამარჯვებული პროექტები „პლაზმა პლატფორმა” პლატფორმა “თან-ხმოვანი” პარტნიორობაში ნინო დავაძის ნამუშევრით „ტყე სიზმარი“, „კუბი კონტექსტში“ თორნიკე მარგველაშვილის ნამუშევრით “ხმოვანი ქანდაკება - შესაძლო სამყაროები” და ნიკა ჯაფარიძის საავტორო ნამუშევარი „ესკალატორი“.
კონკურსის მიზანი იყო თანამედროვე ხელოვნება და კონკრეტულად, მისი ერთ-ერთი მიმართულება, საუნდ არტი, სხვა, ერთობ მოულოდნელი ფორმით წარმოჩენილიყო და ათასობით ადამიანის ყოველდღიურ რუტინაში შეჭრილიყო. ამგვარად, იქმნება სრულიად ახალი გამოცდილება, ჩვეულებრივი არაჩვეულებრივად გადაიქცევა, ტრანზიტორულსა და ფრაგმენტულს სრულიად ახალი მნიშვნელობა ეძლევა.
გამარჯვებული პროექტები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ნამუშევრებს წარმოგვიდგენენ, რომელიც ინსპირირებულია მეტროს დატვირთული ყოველდღიურობით და სხდასხვანაირად რეფლექსირებენ ამ მოცემულობებზე.
ნინო დავაძე მეტად სენტიმენტალურ ნამუშევარს გვთავაზობს, სადაც ბუნების ელემენტი შემოდის ურბანულ ქაოსში; ერთმანეთს ენაცვლება ხმის ჩანაწერები ტყეებიდან, დაცული ტერიტორიებიდან, ჩიტებისა და მწერების ხმები შერწყმულია ექსპერიმენტულ მუსიკასთან. ნამუშევრის მეშვეობით ხელოვანს აქვს სურვილი ხაზი გაუსვას თანამედროვე ადამიანისა და მისი ცხოვრების წესის გაუცხოებას ბუნებისგან და ორგანულ საწყისებთან მიბრუნების ერთგვარი მცდელობაა.
თორნიკე მარგველაშვილის ნამუშევარი ქართული ფოლკლორიდან იღებს ინსპირაციას, რომელსაც ელექტრონულად დამუშავებულ მეტროს ხმაურს ურწყამს. ‘ეს ერთი შეხედვით კონტრასტული, თუმცა სიმბოლური მასალა აპელირებს არჩეული ადგილის მნიშვნელობის სხვადასხვა შრეებზე, ქმნის ერთგვარ პოსტმოდერნისტულ კოლაჟურ ხმოვან ქანდაკებას, რომელიც გაჟღერებისას მთლიან სივრცეს და მასში გამვლელ ადამიანებს გადააქცევს ერთგვარ ტემპორალურ არქისკულპტურად’ - ვკითხულობთ ხელოვანის განცხადებაში.
ნიკა ჯაფარიძის ნამუშევარი ექსპერიმენტული მუსიკის ნიმუშია, სადაც მთავარი აქცენტი მედიუმზე და მის შესაძლებლობების კვლევაზე კეთდება. ხელოვანი ქმნის ნაწარმოებს, რომლის ჰარმონია და მელოდია არ იცვლება, მაგრამ ჟღერადობა არ მეორდება.
ნამუშევრების გასაჟღერებლად მეტრო რუსთაველის ესკალატორზე დამონტაჟდა სპეციალური კონსტრუქციები, რომელიც არქიტექტურულმა კომპანია „თიმმ“ შექმნა. პროექტზე მუშაობდნენ: ნიკოლოზ ლეკვეიშვილი, ლიუდმილა ბელაშოვა, გიორგი ბეგდარიშვილი. სადგურის სანათი-დინამიკის დიზაინი შთაგონებულია ერთის მხრივ იქ ძველად არსებული სანათით და მეორე მხრივ გამომდინარეობს არსებული დინამიკის ფორმიდან, რომელიც უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად უხილავი ადამიანის თვალისთვის. შეიქმნა რკინის სფერული, ჰაეროვანი, კონსტრუქცია, რომელიც ერწყმის არსებულ ისტორიულ კონტექსტს, საინტერესოდ აღიქმება სხვადასხვა რაკურსიდან და ასრულებს როგორც სანათის ასევე დინამიკის ფუნქციას.
განრიგი:
ორშაბათი-სამშაბათი
ნინო დავაძე „ტყე სიზმარი“
ოთხშაბათი-ხუთშაბათი
თორნიკე მარგველაშვილი „ხმოვანი ქანდაკება - შესაძლო სამყაროები”
პარასვევი-შაბათი
ნიკა ჯაფარიძე „ესკალატორი“
ნინო დავაძე მუსიკოსი, ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი, პროდიუსერი და რადიო გადაცემა City Kidz-ის ავტორი (Mutant Radio). კლასიკური მუსიკის განათლების მიღების შემდეგ, მუსიკოსი პერფორმანსის და აუდიო ხელოვნების ახლი ფორმების ძიებითაა დაკავებული. 2020 წლიდან ნინო აქტიურად იღებს მონაწილეობას მუსიკალურ კომპილაციებში (Album Dust, 2020), კოლაბორაცია Creative Europe-ის პროექტის ფარგლებში Kalkyl ბენდთან (2021), თანამშრომლობს ადგილობრივ რადიოებთან (Community Radio Tbilisi, Mutant Radio, TBC - აქ, ახლა რადიო”) და ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერიმენტულ პლტაფორმებთან როგორიცაა Europalia (ბრიუსელი, მუტანტ რადიო (თბილისი) , CCA (თბილისი) , Vault Festival (ლონდონი) , Found Sound Nation (ა.შ.შ) , Interchange Festival (ბათუმი) , Inklingroom Label (ლონდონი) , Dina Venue - (ინგლისი, შეფილდი).
თორნიკე მარგველაშვილი არის ბერლინსა და თბილისში მოღვაწე მუსიკოსი და (საუნდ)არტისტი. 2022 წლის ივლისიდან თორნიკე ფლობს მაგისტრის დიპლომს ხმოვან ხელოვნებაში (Sound Studies and Sonic Arts) ბერლინის ხელოვნების აკადემიიდან (UDK), ასევე ბაკალავრის დიპლომს ელექტრონულ კომპოზიციაში დანიის სამეფო აკადმეიიდან(Royal Academy of Music, Aarhus). მისი შემოქმედება ვარირებს ხმოვან და ვიზუალურ ხელოვნების დისციპლინებს შორის, ხშირად პარალელებსაც ავლებს ამ ორ სფეროს შორის და აბსტრაქტული თვითრეფლექციური სივრცეების შექმნით გამოირჩევა.
ნიკა ჯაფარიძე, დაბადებული 1982 წელს ქალაქ თბილისში. 2000 წლიდან დაწყებული აკეთებს ელექტრონულ მუსიკას და არის დიჯეი.