დათო ნათიძე, წინააღმდეგობა View larger
დათო ნათიძე, წინააღმდეგობა

კოტე ბოლქვაძე: დათო ნათიძე, წინააღმდეგობა

= დეტალები =

თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი- დავით ნათიძის სკულპტურა, „წინააღმდეგობა“


თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის ფარგლებში ხორციელდება არაერთი პროექტი თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის გზით. ეს პროცესი მრავალშრიანია და არაერთგვაროვანი, სადაც  უმთავრესად აქცენტი დაისმის საზოგადოების
, ფართო მასების  და თანამედროვე ხელოვნების დიალოგზე. დიალოგის ფორმა მოიცავს ინტერაქციას, კომუნიკაციას, შეჭრას ადამიანთა ყოველდღიურობაში და ამავდროულად ურბანული იერსახის გარდაქმნას. ფონდის განვითარება გულისხმობს განსხვავებული ხელოვანებითა და მედიუმებით დედაქალაქის ლოკაციების სრულ ათვისებას, რათა მოხდეს სივრცეების კულტურული ფორმაცია. საქართველოში დღემდე არ არსებობს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, შესაბამისად ეს პროექტი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც „დროებითი გამოფენა“, „ურბანულ-კულტურული დაწესებულება“, რომელიც ხალხში თანამედროვე ხელოვნების შესახებ გამჭვირვალედ წევს  ცნობადობას თუ მასთან წვდომას. არტისტი და მისი ნამუშევარი აღიქმება თამაშად, დიალოგად, აზრთა გაყოფის საშუალებად. ასევე პროექტის ნოვაცია მდგომარეობს მასშტაბური ხელოვნების განვითარებაში, რაც ცდება სამუზეუმო და ტრადიციულ ხელოვნების პრაქტიკებს.  


 
დავით ნათიძე, წინააღმდეგობა, 2023, ავლაბრის მოედანი


განხორციელებული პროექტებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დავით ნათიძის სკულპტურას, „წინააღმდეგობა“. ფონდის ქმედების გეგმიდან გამომდინარე, იქნება ეს მისი ვიზუალური თუ იდეოლოგიური პრიორიტეტი, ავლაბრის მოედანზე აღმართული სკულპტურა ცალსახად ბადებს კითხვებს  პროფესიულ-არაპროფესიულ სოციუმებში, რომელთაც ხელოვნება თუ ზოგადად ქალაქის „ლანდშაფტი“ ადარდებს. ამ  ქანდაკების არსს თუ ღირებულებას რომ ჩავწვდეთ, უთუოდ მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორები - დავით ნათიძის ვიზუალური ენის,  ხელწერის ანალიზი, დასავლური მოდერნისტული სკულპტურის ჭიდილი  კლასიკურ სკოლასთან, ქართული საბჭოთა ქანდაკება და მისი პრპოპაგანდა მასებში... თითოეული ჩამოთვლილი საკითხის განვრცობამდე, შევეცდები ამ სკულპტურის ჩემეული ხედვა შემოგთავაზოთ.

ნათიძის სკულპტურამ, „წინააღმდეგობა“ საჯარო სივრცეში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია შემდეგი ასპექტებით: ლოკაციასთან და გარემოსთან შეუთავსებლობა-შერწყმით, კიჩურ-კლასკური ესთეტიკით,  მწვავე სოციო-პოლიტიკური საკითხების კონკრეტული-აბსტრაგირებული გზავნილებით და ა.შ.  დეფისით გამიჯნული და შეუქცევადი შეფასებები ცალსახად მეტყველებს  ფონდის მიზანზე, ანუ პროექტში სკულპტურის სახით ჩაერთო  პროფესიული და სამოყვარულო სოციალური ფენები და ინტერაქციის შედეგად გაიზარდა (მათში, ვინც არ იცნობდა) ცნობადობა თანამედროვე ხელოვნების შესახებ; მათ დაიწყეს გამოსახულებასთან კომუნიკაცია და მისგან წამოსული გზავნილების ყოველდღიურობაში თარგმნა.

ავლაბრის მოედანზე განთავსებული დავით ნათიძის სკულპტურა, „წინააღმდეგობა“  „თავის თავთან თვითკმარი მოცემულობაა“, რაც გულისმხმობს: პლასტიკის, სათაურის, კონცეპტის, მასალის სამეტყველო ენის, სივრცესთან ურთიერთობის მთლიანობას. პორტუგალიური კრემისფერი კირქვის პორტრეტი ფრონტალურ ჭრილში წარმოაჩენს ნაჭრის მოფარფატე დრაპირებას და იზოლირებულ, გარემოსთან გაუცხოებულ სახის ნაკვთებს თუ გამომეტყველებას. სათაური „წინააღმდეგობა“ და სკულპტურაში ნაკვეთი დრაპირებული ნაჭრის ლივლივი იწვევს  ჰეროიზმის პათოსს. სკულპტურა ამ დრამატურგიით შეუძლებელია ასახავდეს განყენებულ ადამიანს ან ლირიულ პერსონაჟს, პირიქით გამოკვეთილ პროტაგონისტს ვუყურებთ, ყოველგვარი პოეტურობისგან დაცლილია მისი მედეგობა და შეპრისპირება გარკვეულ სოციალურ-პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თუ ანგაჟირებას გავს... მხსნელი და დაუღალავი გმირის დაბადების ერთგვარი  მინიშნებაა; თითქოს ავანსცენაზე გამოსვლისათვის ემზადება, ნაჭრის ფრიალი რამდენადმე სოციალურ „ბისირებასთან“ თუ ბის!- შეძახილთნ იგივდება.


ინტერპრეტირება შესაძლოა მრავალგვარი იყოს თავისი რაციონალური არგუმენტებით... სკულპტურაში არსებული „პლაკატურობაც“ კი გამოკვეთილია მარტივი სლოგანითა და  გამოსახულებით. მასალის დინამიკა, გარკვეული ჩართულობისკენ მოგვიწოდებს, ვიდრე ჩაფიქრებისკენ; იგი არ არის ჭვრეტითი, პოეტური, მითოლოგიური, ეროტიული...  სიო სოციალური, პოლიტიკურია და არა ლოკაციასთან პოეტური ურთიერთობის ფორმა თუ სკულპტურული სახე-ხატის იდეური გადააზრება. სკულპტურის ფონი ავლაბრის მოედნის რენოვაციას წარმოაჩენს, რასაც მუქი ფერის პედესტალიც ემატება. ნამუშევრის მთლიანი ქსოვილი  მდგომარეობს ბრძოლის მნიშვნელოვნების, იდეალების თანმიმდევრულობის, რუხ სამყაროსთან და მოცემულობასთან წინააღმდეგობის მნიშვნელოვნებაში. ნაჭრის ფარფატი ნათიძის გააზრებული თეატრალურ-დრამატურგიული უტრირებაა, ძეგლისთვის  ალოგიკური ლოკაცია ერთიანობაში ახდენს წინააღმდეგობის აქტის ილუსტრაციას (რენოვირებადი ლოკაცია, მუქი პედესტალი და  იდეალისტური სკლუპტურა  ასევე თვალსაჩინო ვიზუალური წინააღმდეგობაა თუ უწონადობა).


საინტერესო არის ის ფაქტი, რომ ფონდში უმთავრესად წახალისებულია უფრო თანამედროვე ხელოვნება, რომელიც თითქმის ტრადიციული გაგების სილამაზეს, სინატიფეს თუ მედიუმებს ანაცვლებს პროვოკაციული გზავნილებით და კონცეპტუალიზმით. თავად არტისტი და მისი ნამუშევარი არ თამაშობს სივრცეში რეპრზენტირების დროს; იგი გვესაუბრება თანმიმდევრულად და ავლენს თავის ესთეტიკურ და იდეალისტურ იერს.


სკულპტურა „წინააღმდეგობა“ თავისი არსით და პლასტიკური ფორმებით სათუთ ზღვარზეა - რეალისტურობისა და აბსტრაგირების, კიჩის და არტისტის მიერ გამიზნულად უტრირებული კლასიციზმის, მოდერნისტული და ტრადიციული სკოლის. ნათიძის სკულპტურული ხელწერა გავს ფოტოგრაფიას და პლაკატს, იგი ლაკონურია და მრავლისმთქმელი, ასევე ახერხებს მომენტუმის ფოტოფიქსაციას სხვადასხვა სახეობის ქვასა და მინერალში ისე, რომ არ დაუკარგოს მასალას თვისობრიობა და შექმნის პროცესში წარმოქმნილი სპონტანურობა აღბეჭდოს „ფირზე“, ანუ ქვაზე. მისი მოდერნისტული, მინიმალისტური სკულპტურული ფორმები ემყარება კლასიკური თუ ტრადიციული სკოლის ცოდნას და მის ოსტატურ დაშლას. არსებულ სკულპტურაში ნათიძე გამიზნულად ტრიალებს კლასიკურ ნიუანსებში, იხმობს მათ ციტატებად, რათა წინააღმდეგობის იდეალი წამოწიოს და ამავდროულად პათოსი უკუაგდოს ფორმების აბსტრაგირებით, მას რამდენადმე პლასტიკის ნაკადში ყინავს, შესაბამისად შეუძლებელია ამ სკულპტურის მიკუთვნება კიჩთან, არტისტის შემოქმედებაც რომ არ ვიცოდეთ...



ჯორჯიო დე კირიკო, სიყვარულის სიმღერა, 1914

სკულპტურა „წინააღმდეგობა“ გაგვახსენებს არაერთ დიდ ხელოვანს, რომელიც გაქვავების, მოლოდინის  თუ სიჩუმის ფენომენს არტისტულად იკვლევდა, მაგალითად: ჯორჯიო დე კირიკო (მეტაფიზიკური მხატვრობა), სერგო ქობულაძე. მათი სკულპტურული, ლაკონური და გაქვავებული ადამიანთა ფიგურების დუმილი ფაშიზმისგან  და საბჭოთა იდეოლოგიისგან  გამოწვეულ გარინდებას და შეწინააღმდეგობას ასახავს.

დავით ნათიძემ თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი დაამთავარა 1994 წელს. მან სწავლა განაგრძო ანტვერპენის სახვითი ხელოვნების სამხატვრო აკადემიაში. იგი გამოფენებით არაერთ გალერეასთან თანამშრომლობს. ქანდაკების გარდა მუშაობს რესტავრაცია-რენოვაციის და პედგაგოგიკის მიმართულებით.


ვერა ფაღავა, ნატურმორტი


რამდენიმე ტიპი შეიძლება გამოიყოს დავით ნათიძის სკულპტურაში: ფიგურატიულ-რეალისტური, აბსტრაქტული, კლასიკური და ორგანულ-პირობითი ფორმები. უმთავრესად მისი სკულპტურების უმეტესობა ზღვარზეა რეალისტურ-აბსტრაქტული გამოსახულების, სადაც აქცენტი დაისმის ნაივურობაზე, გამიზნულ კიჩზე, მასალის პოლიქრომულ-მონოქრომულ ფაქტურასა და გამჭვირვალობაზე. მეტნაკლებად კლასიკური თუ ტრადიციული სკულპტურული სკოლის ნამუშევრები შესუდრულია დრაპირებაში, საიდანაც გამოსჭვივის ანატომია, დინამიკა, დრამატურგია. რიგ ნამუშევრებში  ფიგურატიული ქანდაკებები ნახევრად შებურვილი ან საერთოდ ქსოვილის გარეშეა. გეომტერიულ ან ორგანულ-პირობით ფორმებში წამყვანია ღია-მუქი ფაქტურები, მინერალების და ქვების თვისობრიობა და დენადობა. ასევე ამ ტიპის ფორმები ტიპიზირდება უფრო აბსტრაქტულ და მოდერნისტულ  სკოლასთან. ფორმები და ფიგურები, მათი პლასტიკური ნიუანსირება და მთლიანობა ბრტყელია და დემატერიალიზებული, ისეთივე ფრესკულად განყებული, როგორც ფიროსმანის და ფაღავას პლასტიკური ფორმები, ნივთები თუ ნატურმორტები. ჩიტების სერია, გამიზნული ნაივური ძიებებითაა გაჯერებული, რომელიც რეალისტური გამოსახულებიდან გარდაიქმნება შავ რკალებად (ნახევარმთვარედ, ფიროსმანის შოთად). უშუალო და ყველასთვის ამოკითხვადი ჩიტების გამოსახულება ხდება ერთგვარი ფეტიშისტური ფორმა თუ ფორმალისტურ-ფროიდიანული სკოლის ნიშანი.



დავით ნათიძე, უსათაურო (ჩიტები), 2021


დავით ნათიძე თავის სკულპტურებს და მათში გამოვლენილ ხელწერას აფასებს, როგორც მინამალისტურს. უფრო მკაფიოდ რომ გადავიაზროთ ევროპული ქანდაკების სკოლის  კონტექსტში, ხელოვანის ვიზუალური ენა ვარირებს დასავლური მოდერნისტული თუ ფორმალისტური სკოლის სტილისტიკაში (1930-იანებიდან 1950-იან წლებამდე), სანამ მინიმალისტური და კინეტიკური სკულპტურული ტრადიციები შემოვიდოდა.



ბარბარა ჰეპვორსი, ზენორი, 1966


სტილისტურად დავით ნათიძის სახელის თუ არტისტული იდენტობის მონიშვნა შესაძლოა  შემდეგი მოქანდაკეების თანავარსკვლავედში: ალეგზანდრ არხიპენკო, კონსტანტინ ბრანკუზი, ჰენრი მური, ბარბარა ჰეპვორსი, ჟაკ ლიპჩიცი...  სიზმარი, ეროტიზმი, არქეტიპული კოდები, ფორმალიზმი, მოდერნიზმი, აი რა ცნებების ირგვლივ ერთიანდება ნათიძის და დიდი სკულპტორების გამომსახველობა.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანის  ფორმირება მოხდა დასავლეთში და იგი სტილისტურ-იდეოლოგიურად ევროპელი სკულპტორების კონტექსტში განიხილება,  ნათიძის ხელწერასა და კონკრეტულ სკულპტურაში „წინააღმდეგობა“იკვეთება საბჭოთა და პოსტსბჭოთა პლასტიკის  ნიშნები.  მონუმენტალიზმი, განყენებულობა, პათოსი, ჰეროიზმი, რეალისტური სახვითი ტრადიციები, იერატიულობა შეიძლება გვაფიქრებინებდეს საბჭოთა ქანდაკების ნიშნებზე, რომლებიც გაუაზრებლადაა დალექილი ან  კიდევ კრიტიკული პოზიციაა არსებული პერიოდის და მემკვიდრეობის მიმართ. ზოგადად ნათიძის სკულპტურაში ნარატივი, ოსტატობა, რეალისტური თუ კლასიცისტური თხრობა მაინც მიგვანიშნებს არტისტის პოსტსაბჭოთა  კულტურული მოცემულობიდან დასავლურ სივრცეში გადასვლაზე, სადაც ავთენტურობის თუ განსხვავებულობის სახით-ქართული, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კულტურული კოდები იჩენს თავს. 

ზოგადად არსებული ფონდი და ნათიძის პროექტი გულისხმობს საჯარო სივრცის და  მასშტაბური ხელოვნების ურთიერთმიმართებას. ყოველივე ეს კი დაიწყო საბჭოთა პერიოდის საქართველოში სკულპტურის სახით. 1920-იანი წლებიდან დაწყებული თბილისის გენგემა, ურბანული განაშენიანება და მონუმენტური პროპაგანდის ლენინური გეგმა ხელს უწყობს ქართული სკულპტურული სკოლის ჩამოყალიბებას. არსებული რეჟიმის, იდეოლოგიის და კეთილდღეობის გამოხატველი იყო ქალაქი განსხვავებული თემატური ხაზის პროპაგანდისტული ძეგლებით. 1920-იან წლებამდე  ქართული სკულპტურა იყო დაზგური და კამერული, განიცდიდა სკოლის და სკულპტორების სიმრავლის არსებობას. საბჭოთა ქანდაკების სკოლის უმთავრეს ფიგურას წარმოადგენდა ნიკოლოზ კანდელაკი, მას უერთდება იაკობ  ნიკოლაძეც (მოდერნიზმი), რასაც მოყვება არაერთი თაობის მოქანდაკეთა დაბადება. საბჭოთა ქანდაკების სკოლა ხდება პროპაგანდისტული, მასშტაბური, საჯარო და კლასიკურ-რეალისტურ გამოსახულებაზე მდგარი. ამ ისტორიული წინაპირობის კონტექსტი ცალსახად განსხვავდება თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდიდან და ნათიძის ნამუშევრიდან, თუმცა ორივეს, განსხვავებულ ისტორიულ ჭრილში აერთიანებს სკულპტურა, როგორც  სოციუმის და საჯარო სივრცის გარდამქმნელი ფაქტორი. ყველაფერი, რაც საჯარო ქანდაკებას უკავშირდება ებმის საბჭოთა ხელოვნებას და მის იდეოლოგიურ კონტექსტს.



მერაბ ბერძენიშვილი, მედეა, 1967-70, ბიჭვინთა

საბჭოთა სკულპტურის, მისი პლასტიკური ხასიათისა და მითოლოგიის გამოსავლენად და პარალელების გასავლებად ნათიძის არსებულ ძეგლთან, საკმარისია მაგალითებად მოვიხმოთ: ჯუნა მიქატაძის „გალკტიონ ტაბიძე“ (1979, თბილისი), გიორგი შხვაცაბაიას „დროშები ჩქარა“ (1988, თბილისი) მერაბ ბერძენიშვილის „მედეა“ (1967, ბიჭვინთა) და ა.შ. სამივე საბჭოთა ავტორის ნამუშევრის პლასტიკური ფორმები (სამოსი, ქარის მონაბერი, დრაპირება), შინაარსი, პათოსი განსხვავდება ერთმანეთისგან და დავით ნათიძისგან ასევე არსობრივად, მაგრამ როდესაც ქრონოლოგიურად განვიხილავთ ქართული ქანდაკების განვითარებას, თვალსაჩინოა, თუ რა ტრადიციებიდან გამომდინარეობს დავით ნათიძის გამოსახველობითი ენა, რა მეხსირებით შეერწყა დასავლურ სკოლას და რა კრიტიკული პოზიციებით ეწინააღმდეგება სკულპტურა, „წინააღმდეგობა“ დღემდე არსებულ საბჭოთა კულტურულ-პოლიტიკურ მეხსიერებას.




გიორგი შხვაცაბაია, დროშები ჩქარა, 1988, 9 აპრილის ბაღი




კოტე ბოლქვაძე


კონსტანტინე ბოლქვაძე (1989) თბილისში მოღვაწე ხელოვნებათმცოდნე და კურატორია. მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (2015), ხოლო მაგისტრის ხარისხი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2017). მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს: საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა პერიოდებს ქართულ სახვით ხელოვნებაში, საკუთრივ სოცრეალიზმის და დესტალინიზაციის იდეოლოგიური პროგრამის ზეგავლენას განსხვავებული არტისტების ვიზუალურ ენაზე. ბოლქვაძეს უთანამშრომლია არაერთ მუზეუმსა და გალერეასთან საქართველოში, მათ შორის  გალერეა Artbeat (2019), დავით კაკაბაძის ფონდი (2019), ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი (2018-2023). იგი კითხულობდა ლექციებს ხელოვნების ვიზუალური ხელოვნებისა და არქიტექტურის სკოლაში, თავისუფალი უნივერსიტეტი, VA[A]DS (2021-2023). ბოლქვაძეს უმუშავია არაერთ პუბლიკაციაზე, მათ შორის სერგო ქობულაძის (2023) და თემო ჯავახის შესახებ (2022), საკონსულტაციო სახელოვნებო კომპანია ReachArt, ირაკლი ფარჯიანის შესახებ, ირაკლი ფარჯიანის ფონდი (2020), ესმა ონიანის შესახებ, გამოცემა დანართი (2020), ჟურნალი ინდიგო (no.25, no.34).

Tbilis Public Art fund © 2023 all rights reserved.
Tbilisi Public Art Fund © 2023 ყველა უფლება დაცულია.