ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი, ქართული ორნამენტი

ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი, ქართული ორნამენტი

ketutaalexi

= დეტალები =



თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მოხარულია წარმოგიდგინოთ კონკურსში „საჯარო სივრცეში დროებითი პროექტების ხელშეწყობა, ქ. თბილისი, მეტრო 300 არაგველი, ზედა ვესტიბიული“ გამარჯვებული პროექტი „ქეთუთა ალექსი მესხიშვილი, ქართული ორნამენტი“.

ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი (დ.1979, თბილისი) ბერლინში მცხოვრები ფოტოგრაფია. მისი შემოქმედებითი ძიებები ფოტოგრაფიის მედიუმის გარშემო ტრიალებს. გამოსახულებათა სერიაში „ქართული ორნამენტი“ ქეთუთა აკვირდება დროის და კულტურის ურთიერთმიმართებას და გარდაუვალ ცვალებადობაში კულტურული კოდების მეტამორფოზას იკვლევს.

მეტრო სადგურის „300 არაგველი“ ზედა ვესტიბიულის ვიტრაჟზე აღნიშნული სერიის პრეზენტაცია ეხმიანება 60-იანი წლების ქართულ არქიტექტურაში აქტუალურ ხელოვნებათა სინთეზის იდეას, რომელსაც საფუძვლად ეროვნული იდენტობის ძიება ა ახლებურად გააზრების მოცემულობა ედო. აღნიშნულ კონტექსტში, ნამუშევარი დიალოგში შედის „300 არაგველის“ ისტორიულ ცნობასთან, მითოსის კონტექსტში გადააქვს ის და კულტურული იდენტობის რეპროდუქციას უკავშირებს.

1967 წელს თამაზ თევზაძის პროექტით აშენებული მეტრო სადგურის „300 არაგველი“ პავილიონი ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ქვედა ვესტიბიულის ავტორი გიგა ბათიაშვილია; 300 არაგველი მეომრის ამსახველი, მაღალი ოსტატობით შესრულებული, სპილენძის ჭედური ბარელიეფი კი თეიმურაზ (თენგიზ) გიგაურს (გივი გიგაურთან თანამშრომლობით) ეკუთვნის.’

ანა ჩორგოლაშვილი

ქეთუთა ალექსი მესხიშვილი
ქართული ორნამენტი
პროექტის წარმდგენი: ანა ჩორგოლაშვილი
გახსნა: 18:00 31 ივლისი, 2023
მეტრო 300 არაგველი, ზედა ვესტიბიული
ნამუშევარი გამოფენილი იქნება 2024 წლის ივლისის ბოლომდე.


ფოტო: Alex de Brabant

ხელოვანის შესახებ:

ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი (დ.1979, თბილისი) ბერლინში მცხოვრები ფოტოგრაფია. მისი შემოქმედებითი ძიებები ფოტოგრაფიის მედიუმის კვლევას ეთმობა. ხელოვანი ბევრს ექსპერიმენტირებს ფირისა და ციფრულ ფოტოგრაფიაში, ზოგჯერ იღებს სურათებს ტრადიციული კამერის გამოყენების გარეშე. შედეგად ქმნის ეფემერულ გამოსახულებას, სადაც ყოველდღიურსა და ნაცნობს, მარადიულსა და მშვენიერს სრულიად ახალ, მეტად მიმზიდველ და ამავდროულად მისტიურ ერთიანობაში გადააქცევს. ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრები ხშირად იფინება საქართველოს საზღვრებს გარეთ.


Tbilis Public Art fund © 2023 all rights reserved.
Tbilisi Public Art Fund © 2023 ყველა უფლება დაცულია.