თავისუფალი ხატვის დღეები ფონდის საჯარო და საგანმანთლებლო პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და ცოცხალი ღონისძიებაა, რომელიც თბილისის საჯარო, ღია და ხალვათ სივრცეებში ტარდება. უზარმაზარი ტილო უბნის ყველა ასაკის ბავშვისა და მოზარდისთვის სახატავ ზედაპირად და ამავე დროს, სამეზობლოების და უბნის სტუმრების თავშეყრის ადგილად იქცევა. ხატვის დღეებს როგორც წესი, სხვადასხვა სახელოვნებო სტუდია უძღვება, თუმცა არა ხატვის გაკვეთილისთვის ჩვეული ინსტრუქციით, დავალების პირობით ან მიმართულების ჩვენებით, არამედ სათამაშო მოედნის პრინციპზე დაფუძნებული თავისუფალი შემოქმედებითი პროცესით.
ხატვა უმნიშვნელოვანესია ბავშვების კოგნიტური და ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის; წარმოსახვის გაძლიერებისთვის, მოტორული უნარების დახვეწისა და სივრცის აღქმის გაფაქიზებისთვის. შემოქმედებითი პროცესის საჯარო სივრცეში გამოტანა, სახატავ ზედაპირზე მოკალათება პირველ რიგში სხვაგვარ ფიზიკურ გამოწვევას ქმნის ბავშვებისთვის - თამაშისა და ცნობისმოყვარეობის პრინციპით შემოქმედებით გამოცდილებას აფართოებს; კოლექტიური და პარალელური ხატვა კი საჯარო სივრცის შესახებ ჯანსაღი წარმოდგენის შექმნასაც უწყობს ხელს - გაზიარების, ურთიერთკავშირის და შემოქმედების ყოველდღიურ აუცილებლობას.
დასწრება თავისუფალია!