Open Call - Avlabari

Open Call - Avlabari

= More info =

თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი

საჯარო სივრცეში მუდმივი პროექტების ხელშეწყობა

ქ. თბილისი, ავლაბრის მოედანი

საკონკურსო დებულება

კონკურსის მიზანი

კონკურსის ‘საჯარო სივრცეში მუდმივი პროექტების ხელშეწყობა’ მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სფეროს განვითარებას - კერძოდ, წაახალისოს საჯარო სივრცეებში თანამედროვე შემოქმედებითი ინტერაქციები, გაზარდოს თანამედროვე ხელოვნების ხელმისაწვდომობა და აამაღლოს ფართო საზოგადოების ცნობიერება თანამედროვე ხელოვნების შესახებ, მხარი დაუჭიროს თანამედროვე ქართველ ხელოვანებს მასშტაბური პროექტების განხორციელებაში. ამგვარად, ხელი შეუწყოს თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას და ქალაქის იერსახის შეცვლას

კონკურსი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ვიზუალური/აუდიოვიზუალური ხელოვნება.



კონკურსის პირობები

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს და მეწარმე იურიდულ პირს.

საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ქართულენოვანი თარგმანი, გარდა ინგლისური ენისა.

საკონკურსო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 24 ივლისი.

კონკურსში წარმოდგენილი პროექტი უნდა განთავსდეს კონკურსის პირობებით განსაზღვრულ ლოკაციაზე არაუგვიანეს 2023 წლის 10 ოქტომბრისა.

საკონკურსო განაცხადის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 60,000 ლარს.

კონკურსში წარმოდგენილი პროექტი უნდა იყოს ადგილსპეციფიური და განთავსდეს თბილისში, ავლაბრის მოედანზე (დანართი N1).

საკონკურსო განაცხადის ფარგლებში შემოთავაზებული ნამუშევარი უნდა იყოს განვითარებული არქიტექტორსა და ინჟინერთან ერთად, რათა ითვალისწინებდეს შერჩეული ადგილის სპეციფიკას მათ შორის უსაფრთხოების სტანდარტებს.

განმცხადებელ პირს შეუძლია მხოლოდ ერთი განაცხადის წარმოდგენა. ერთზე მეტი პროექტის წარმოდგენის შემთხვევაში, არც ერთი პროექტი არ განიხილება.

წარდგენილი პროექტი უნდა ეხმიანებოდეს თანამედროვე სახელოვნებო პროცესებსა და აქტუალურ შემოქმედებით დისკურსს.

წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადი არ უნდა ახდენდეს რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციას. დაუშვებელია საკონკურსო განაცხადში სიძულვილის ენის გამოყენება.

საკონკურსო განაცხადებს განიხილავს საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორის მიერ დამტკიცებული კომისია, საბოლოო გადაწყვეტილება კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ მიიღება.

ფონდი კონკურსის დასრულებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში, ამოწმებს საკონკურსო განაცხადის დადგენილ ფორმასთან და ამ წესთან შესაბამისობას. თუ დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოდგენილი განაცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან/და არ არის სრულად/ნაწილობრივ წარმოდგენილი ფონდის დირექტორის მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია, ფონდი დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღეს.
ფონდის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საკონკურსო განაცხადი არ განიხილება.

კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება კონკურსის დამთავრებიდან არაუმეტეს 25 სამუშაო დღეში.

კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამარჯვებულმა სუბიექტმა უნდა წარადგინოს ნებართვა შესაბამისი სამსახურიდან, რომლის საფუძველზეც გაფორმდება ხელშეკრულება თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდსა და გამარჯვებულს შორის.

კონკურსში გამარჯვებული პროექტის შესახებ გავრცელებულ ყველა საკომუნიკაციო მასალებში (ბეჭდური, ციფრული) უნდა განთავსდეს საჯარო ხელოვნების ფონდის ლოგო, ხოლო საინფორმაციო ვიდეოებში ფონდი უნდა იყოს მოხსენებული პროექტის ხელშემწყობად.

კონკურსში გამარჯვებული პროექტის შედეგად განხორციელებული ნამუშევარი არის თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის საკუთრება და ხდება ფონდის კოლექციის ნაწილი. ნამუშევარი შემდგომშიც მოხმარდება საჯარო ხელოვნების ფონდის მიზნების განხორციელებას ავტორის მითითებით. ხელოვანი იტოვებს საავტორო უფლებას და ყველა სამომავლო ცვლილება წინასწარ იქნება შეთანხმებული ხელოვანთან.

ფონდს აქვს უფლება კონკურსში გამარჯვებული პროექტის შედეგად განხორციელებული ნამუშევრის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა გამოიყენოს საჭიროებისამებრ.



დაფინანსების ადმინისტრირება

ფონდი უფლებამოსილია დაფინანსება გასცეს ეტაპობრივად. ანაზღაურება ხორციელდება დაფინანსებული სუბიექტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 80%-ის ოდენობით, საავანსო თანხის ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადას. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში – ლარში. დაფინანსების მიმღებმა სუბიექტმა ავანსის თანხა უნდა გამოიყენოს მხოლოდ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

დაფინანსების მიმღები სუბიექტი უფლებამოსილია მიმართოს ფონდს წერილობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის პუნქტებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე.

დაფინანსების მიმღები სუბიექტი ვალდებულია განახორციელოს ფინანსების ხარჯვა მიზნობრივად, ფონდსა და სუბიექტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.



ანგარიშის წარდგენა

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის განხორციელების შემდეგ, არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა, დაფინანსების მიმღებმა სუბიექტმა ფონდს უნდა წარმოუდგინოს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, აგრეთვე ინფორმაცია ფონდის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული შესრულების ანგარიშის ფორმის შესაბამისად.

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ავანსის სახით მიღებულ თანხაზე ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენისას, იმ თანხის იდენტური ოდენობის თანხას, რომელზედაც არ აქვს წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დაფინანსების მიმღები სუბიექტი აბრუნებს ფონდის მიერ მითითებულ ანგარიშზე.

ფინანსური ანგარიში წარმოდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების შესაბამისად.



შერჩევის კრიტერიუმები:

კონკურსის ფარგლებში მიღებულ განაცხადებს განიხილავს და შეაფასებს საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორის მიერ წინასწარ დამტკიცებული საკონკურსო კომისია, რომელიც შედგება 6 წევრისგან.

განაცხადების შეფასება მოხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე (რომელიც შეესაბამება ფონდის მიზნებსა და პრიორიტეტებს) 5 ქულიანი შეფასების სისტემით, მაქსიმალური ქულა 30:

 N

შეფასების კრიტერიუმი 

 ქულა (0-5)

 1

 

პროექტის შესაბამისობა კონკურსის მიზანთან და ფონდის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან

 

 

 2

 

პროექტის შესაბამისობა კონკურსის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილსა და გარემოსთან მიმართებაში

 

 3

 პროექტის ფარგლებში შესაქმნელი ნამუშევრის ვიზუალური თავსებადობა კონკურსის პირობებთან 

 

 4

 პროექტის რეალიზაციისთვის მოთხოვნილი ბიუჯეტის თავსებადობა პროექტის განხორციელებასთან 

 

 5

 კონკურსანტის მსგავსი (ხელოვნების სფეროში) პროექტების განხორციელების გამოცდილება 

 

 6

 პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი ხელოვან(ებ)ის აქტუალობა თანამედროვე სახელოვნებო სცენასთან მიმართებაში

 

პროექტების შეფასების შედეგად, საკონკურსო კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) პროექტის სრულად დაფინანსების შესახებ;
ბ) პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ.

კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტად ითვლება ის განაცხადი, რომელიც ქულათა მეტ რაოდენობას დააგროვებს. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობას მიიღებს.

საკონკურსო კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალობა და არ გაამჟღავნონ კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია როგორც საკონკურსო კომისიის მუშაობის შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე, ისე მას შემდეგაც.

კონკურსის გადაწყვეტილება ეცნობათ კონკურსში მონაწილე სუბიექტებს წერილობით.



საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის წესი

კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება - საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის (დანართი N2) შესაბამისად;

ბ) ინფორმაცია პროექტის შესახებ - საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორის მიერ დამტკიცებული აპლიკაციის ფორმის (დანართი N3) შესაბამისად;

გ) პროექტის განხორციელების ბიუჯეტი;

დ) დამატებით წარმოსადგენი საბუთები:
დ.ა) ინფორმაცია წარდგენილი ხელოვან(ებ)ის შესახებ (პორტფოლიო და რეზიუმე);
დ.ბ) ინფორმაცია განმცხადებელი ორგანიზაციის შესახებ:
დ.გ) ორგანიზაციის პორტფოლიო;
დ.დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ბანკის მიერ გაცემული დოკუმენტი კონკურსანტის საბანკო რეკვიზიტების შესახებ.

ე) ვიზუალური მასალა საკონკურსო პროექტის უკეთ ილუსტრირებისთვის - 3D რენდერი, ჩანახატი, ნახატი, ვიდეო. მისაღები ფორმატები- PDF, JPEG, PNG, TIFF, MP4, AVI, MOV. ფაილის ზომა უნდა იყოს არაუმეტეს 10MB.

ვ) პარტნიორის არსებობის შემთხვევაში, ფინანსური, ან სხვა ტიპის თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.



კონკურსის მიღების პირობები

საკონკურსო განაცხადი მიიღება არაუგვიანეს 2023 წლის 24 ივლისისა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით info@tpa.fund

ინფორმაცია გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება საჯარო ხელოვნების ფონდის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

info@tpa.fund
+995568252266

Tbilis Public Art fund © 2023 all rights reserved.
Tbilisi Public Art Fund © 2023 ყველა უფლება დაცულია.